ვაგნერი რიხარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაგნერი რიხარდ“ გადაიტანა გვერდზე „რიხარდ ვაგნერი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რიხარდ ვაგნერი“ გადაიტანა გვერდზე „ვაგნერი რიხარდ“ გადამისამ...)

13:18, 19 მაისი 2017-ის ვერსია

რიხარდ ვაგნერი

რიხარდ ვაგნერი - (Richard Wagner 22. V. 1813, ლაიფციგი, – 13. II. 1883, ვენეცია), გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუს. მწერალი და თეატრალური მოღვაწე. ვაგნერი XIX ს-ის მეორე ნახევრის უდიდესი კომპოზიტორია. მის სახელთანაა დაკავშირებული რომანტიკული მიმართულების უმაღლესი ეტაპი. მისი ნოვატორობა უმთავრესად გამოვლინდა საოპერო ჟანრში. იგი იყო გენიალური კომპოზიტორი, შესანიშნავი დირიჟორი, ბრწყინვალე ლიტერატორი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და დრამატურგი. ვაგნერი თვითონ ქმნიდა ლიბრეტოებს თავისივე ოპერებისათვის. იგი საოპერო ჟანრის დიდი რეფორმატორია, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ორკესტრს.

ვაგნერმა 15 წლისამ დაიწყო მუსიკის შესწავლა. 1831 წლიდან იგი ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო; მუშაობდა ქორმაისტერად, შემდეგ – დირიჟორად მაგდებურგში, კენიგსბერგში, რიგასა და დრეზდენში. 1830-იან წლებში დაწერა ოპერები „ფერიები“ (1834), „სიყვარულის აკრძალვა“ (1836), „რიენცი“ (1840), 1839-42 წლებში ცხოვრობდა პარიზში, სადაც შექმნა უვერტიურა „ფაუსტი“ და პირველი მნიშვნელოვანი ოპერა (მუსიკალური დრამა) „მფრინავი ჰოლანდიელი“ (1841). 1843-49 დრეზდენის ოპერის დირიჟორია, აქ დაიწერა ოპერები „ტანჰოიზერი“ (1845) და „ლოენგრინი“ (1848). მონაწილეობდა დრეზდენის აჯანყებაში (1849). 1849-58 ცხოვრობდა შვეიცარიაში. მუშაობდა საოპერო ტეტრალოგიის „ნიბელუნგის ბეჭდის“ ლიტერატურულ ტექსტსა და მუსიკაზე: 1852-59 დაწერა ტეტრალოგიის პირველი ორი ნაწილი – „რაინის ოქრო“ და „ვალკირია“, 1857-59 შექმნა თავისი ერთ-ერთი ცენტრალური ნაწარმოები – გენიალური მუსიკალური დრამა „ტრისტან და იზოლდა“, 1868 დაიდგა მისი ერთადერთი კომიკური ოპერა „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“, 1871–74 დაასრულა ტეტრალოგიის უკანასკნელი ნაწილები: „ზიგფრიდი“ და „ღმერთების აღსასრული“. სრული სახით ტეტრალოგია დაიდგა ქ. ბაიროითში 1876 მისთვის სპეციალურად აგებულ თეატრში (აქ დღემდე ყოველწლიურად იმართება ვაგნერის საოპერო მუსიკის ფესტივალები). თავისი საკომპოზიტორო მოღვაწეობა დაამთავრა 1882 ოპერა-მისტერიით „პარსიფალი“. მერყევი იყო ვაგნერის ესთეტიკური, საზოგადოებრივი და მსოფლმხედველობითი შეხედულებების ევოლუცუია, სხვადასხვა დროს მასზე გავლენა მოახდინეს ლ. ფოიერბახის, ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიურმა მოძღვრებამ. ძალზე ვრცელია ვაგნერის ლიტერატურული მემკვიდრეობა (ლიბრეტოები, დრამები, ესთ. პოლიტიკური და ფილოსოფიური ნარკვევები, რეცენზიები, წერილები და ა. შ.). მის თეორიულ ნაშრომებს შორის მთავარია – „ოპერა და დრამა“ (1849-51), რომელშიც მკაცრადაა გაკრიტიკებული „ძველი“ ოპერა და ჩამოყალიბებულია საოპერო ჟანრის (მუს. დრამის) მისეული კონცეფცია.

ვაგნერმა უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე და მომდევნო ეპოქების მსოფლიო მუსიკაზე, შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოქმედებიდან გამოიზარდა მომდევნო ეპოქის ორი უმთავრესი მიმართულება მუსიკალურ ხელოვნებაში – იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი. განსაკუთრებით ძლიერი იყო ვაგნერის მუსიკის ზემოქმედება საოპერო დრამატურგიის, საორკესტრო ხელოვნების, უწყვეტი სიმფონიური განვითარების („უსასრულო მელოდიის“) და მუსიკალური ენის (განსაკუთრებით ჰარმონიის) სფეროებში. ვაგნერის ოპერებიდან თბილისში დადგმულია „ტანჰოიზერი“ (1886), „ლოენგრინი“ (1890, 1922, 1973) და „მფრინავი ჰოლანდიელი“ (1976). (გ. ტორაძე.)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები