აინ სოხნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეინ ელ სოხნა“ გადაიტანა გვერდზე „აინ სოხნა“ გადამისამართებაზე)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აინ სუხნა“ გადაიტანა გვერდზე „აინ სოხნა“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 00:09, 2 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი აინ სოხნა

აინ სოხნა (ეინ ელ სოხნა, აინ სუხნა) – (ინგლ. Ain Sokhn, Ein El Sokhna, Ain Soukhna; რუს. Айн-Сохна, Эйн-эль-Сохна, Айн-Сухна), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი ეგვიპტეში, სუეცის მუხაფაზაში (საგუბერნატოროში), ქ. სუეციდან 35 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ქ. კაიროდან 100 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს წითელი ზღვის სუეცის ყურის ნაპირზე. რელიეფი ვაკეა.

ჰავა – ტროპიკული უდაბნოსი. ზამთარი თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ზაფხული ცხელია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 34°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 16,2 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (10,2 მმ). ზაფხულში ნალექების მოსვლა, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება.

აინ სოხნას ტერიტორიაზე გავრცელებულია დეკორატიული მცენარეულობა: იტალიური ფიჭვი (პინია), ბზა, პალმა და სხვადასხვა ყვავილი (ყაყაჩო, ასტრა, ზამბახი, ქრიზანთემა და სხვ.). კურორტის მიდამოებში გვხვდება: ცერცვეკალა, სვია, იალღუნი, უდაბნოს ქარაგოზი, უდაბნოს აკაცია, ველის ხახვი და სორის ბუჩქები. სუეცის ყურის სანაპიროსთან, ზღვის წყალში, გავრცელებულია მანგრების რაყები.

აინ სოხნას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტროპიკული უდაბნოს ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ჰაერი; სუეცის ყურის ზღვის წყალი, რომელიც წარმოადგენს სუსტ მარილწყალს (M-38-42 გ/დმ3) და თერმულ გოგირდწყალბადიან (სულფიდურ) მინერალურ წყლებს, რომლებიც მოიპოვება კურორტთან ახლომდებარე გებელ ატაკის მთებში.

აინ სოხნაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები; პასიური კლიმატოთერაპია; ბანაობა სუეცის ყურეში, აბაზანები ზღვის წყლიდან და სხვ.); თერმული გოგირდ-წყალბადიანი (სულფიდური) მინერალური წყლის აბაზანები.

ჩვენებები აინ სოხნაში წასასვლელად: დასვენება; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კანისა და თირკმლების არასპეციფიკური პათოლოგიები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

კურორტ აინ სოხნასა და მისი მიდამოებისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. სუეცსა და მის მიმდებარე რეგიონებში (წმიდა მოწამე ანტონი ალექსანდრიელის სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი (356 წელი), სუეციდან 150კმ-ში სამხრეთით, გზა ზაფარანა-ბენი-სუეციდან 10კმ-ში და ქ. ზაფარანიდან 20კმ-ში); IV საუკუნეში აშენებული მოციქულ წმიდა პავლეს სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი და ამ მონასტრის 4 ეკლესია (წმიდა დიდმოწამე მერკურის სახელობის; დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის; წმიდა მოწამე თეოდორას სახელობის და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის) (წმიდა ანტონის მონასტრიდან 30კმ-ში, სამხრეთით, გზა სუეცი-ხურგანიდან 8 კმ-ში); სუეცის არხი (გაიხსნა 1869 წელს, ხოლო XX საუკუნის 70-იან წლებში იყო რეკონსტრუირებული); სუეცის სტადიონი და სხვ.) და ქ. კაიროში და მის მიდამოებში (მეჩეთები – იბნ ალ-ასის (აშენდა 641-642 წლებში, გადაკეთდა IX საუკუნეში), იბნ-ტულუნის (876-879 წლები), ალ-აზჰარის (970-972 წლები), ალ-ჰაკიმის (990-1013 წლები), ალ-გუიუშის (1085 წელი), ალ-აკმარის (1125 წელი), ალ-სალიხ ატ-ტალაის (1160 წელი), სულთან ბეი-ბარსის (1267-1269 წლები), სულთან ხასანის (1356-1363 წლები), ალ-მუაიიადის (1415-1420 წლები), კაიტ-ბეის (1472-1474 წლები), სულთან ალ-გურის (1503 წელი), სინანფაშას (1571 წელი), მუჰამედ ალის (1830-1848 წლები), არ-რიიფის (XX საუკუნე), ცისფერი (XX საუკუნე) და სხვ.; ალ-აზხარის მეჩეთის მინარეთი (1468-1496 წლები); მავზოლეუმები – აშ-შაფიის (1211 წელი), სანჯარ ალ-გავლის (1303-1304 წლები), სულთან ხასანის (1356-1363 წლები) და სულთან ალ-გურის (1503 წელი); მედრესები – სულთან ხასანის (1356-1363 წლები), სულთან ალ-გურის (1503 წელი); სულთან კალაუნის ხუროთმოძღვრული კომპლექსი (1284-1285 წლები); კოპტების სატაძრო რელიგიური კომპლექსი საკათედრო ტაძრით (XIX-XX საუკუნეები); სასახლეები — ალ-გურიის (XVI საუკუნე), ზეინაბ ხათუნის (XVI საუკუნე), გამალ-ალ-დინ აზ-ზახაბის (1637 წელი), ემირ რიდვან-ბეის (1655 წელი); სალაჰ ალ-დინის ციტადელი (1176-1183 წლები); ქალაქის ქვის კედლები კარებით (XI საუკუნე); ეგვიპტის მუზეუმი (1858 წელი); XX საუკუნეში გახსნილი მუზეუმები – კაიროს, კოპტების, ბავშვთა, ისლამური ხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების, სამხედრო, ეთნოგრაფიული, ალ-გეზირის, ფოსტისა და რკინიგზის; ხეოფსის (ხუფუს), ხეფრენისა (ხაფრას) და მიკერინის (მენკაურის) სამარხი პირამიდების კომპლექსი (ძვ.წ. III ათასწლეულის I ნახევარი) ქალაქ გიზეში და სხვა.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები