ისთმოსური თამაშები
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისთმოსური თამაშები“ გადაიტანა გვერდზე „ისთმიები“ გადამისამა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისთმიები“ გადაიტანა გვერდზე „ისთმოსური თამაშები“ გადამისამა...) |
16:35, 6 ივლისი 2017-ის ვერსია
ისთმოსური თამაშები, ისთმიები – (ბერძნ.) პოსეიდონისადმი მიძღვნილი ზეიმი.
ისთმიები ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა ისთმოსის (კორინთოს) ყელთან მდებარე ფიჭვის ჭალაში, კორინთოს მახლობლად, სადაც ისთმოსელი პოსეიდონის ტაძარი იყო აღმართული. ისთმოსური ასპარეზობანი თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ოლიმპიურ და პითიურ თამაშებს ჩამოუვარდებოდა.
გადმოცემათა თანახმად, ისთმიები ინოს ძე მელიკერტესის სამგლოვიარო თამაშებიდან იღებს დასაბამს. სხვა ვერსიით, ეს ზეიმი დაუწესებია თესევსს სინისზე (თუ სკირონზე) გამარჯვების აღსანიშნავად და პოსეიდონის პატივსადებად. მითოსის ამ ვერსიით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ იყვნენ ათენელები აღმატებულად პატივდებულნი ამ ზეიმზე (თესევსი ხომ ათენის მეფე იყო).
ისთმოსურ ზეიმებზე იმართებოდა როგორც სპორტული, ასევე მუსიკალური და პოეტური აგონები. გამარჯვებული ნიახურების (ან ფიჭვის) გვირგვინს იღებდა ჯილდოდ. ზოგიერთ ბერძნულ ტომს არ ეძლეოდა უფლება მონაწილეობა მიეღო ამ თამაშებში. ისთმიების დროს გამოცხადებული „წმინდა მშვიდობის“ კანონი არ სრულდებოდა ისეთივე სიმკაცრით, როგორც ოლიმპიურ ზეიმებზე. ისთმიებს თავდაპირველად კორინთო ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი რომაელებმა დაარბიეს, ზეიმების მოწყობა დაევალა სიკიონს. ქრისტიანობის გამარჯვებისთანავე ისთმოსურმა ასპარეზობებმა შეწყვიტეს არსებობა.
ანტიკურობის შემდგომდროინდელ ლიტერატურაში ისთმოსური ზეიმები აღწერა შილერმა თავის ბალადაში „იბიკოსის წეროები“.