ყიფიანი დიმიტრი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყიფიანი დიმიტრი“ გადაიტანა გვერდზე „დიმიტრი ყიფიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიმიტრი ყიფიანი“ გადაიტანა გვერდზე „ყიფიანი დიმიტრი“ გადამის...) |
16:25, 19 აპრილი 2022-ის ვერსია
ყიფიანი დიმიტრი – (1814 – 1887), ქართველი პუბლიცისტი, მთარგმნელი, წმინდანი. ფსევდონიმი – ბაქარ ქართლელი. დაიბადა გორის სოფელ მერეთში. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს.
დ. ყიფიანი ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას და იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას. ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (გამოქვეყნდა „ცისკარში“ 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის „გაყრა“. 1857 წლიდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მას ეკუთვნის ლექსი – პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე – „ძველი მეგობრობის პასუხი“ (გაზეთი „დროება“, 1883, ფსევდონიმით „ბაქარ ქართლელი“), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).