ყიფიანი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ყიფიანი

ყიფიანი დიმიტრი – (ფსევდონიმი „ბაქარ ქართლელი“), (1814-1887), ლიტერატორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ — კეთილშობილთა სასწავლებელში. თარჯიმნად მსახურობდა თავად-აზნაურთა საკრებულოში (1030). გიმნაზიაში ასწავლიდა არითმეტიკას, გეოგრაფიას, ქართულსა და რუსულს. 1832 წ. შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გადაასახლეს ქ. ვოლოგდაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 1864-70 წწ. იყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1876-79 წწ. — თბილისის ქალაქის თავი, 1885–86 წწ. — ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, მოღვაწეობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში. კავკასიის მმართველთა რეაქციულ-რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1886 წ. გადაასახლეს სტავროპოლში და ვერაგულად მოკლეს იქვე. ამ ფაქტს დაუკავშირდა აკაკის ცნობილი ლექსი „განთიადი“.

მოღვაწეობა

დ. ყიფიანი თავისი დროის ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყო, აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების საქმეში. ცნობილია დ. ყიფიანის მოღვაწეობა კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზეც. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებელთაგანი, მისი პირველი თავმჯდომარე, სათავადაზნაურო ბანკის, ჟურნალ „ცისკრის“ დაარსების მოთავე, ქართული თეატრის აღორძინების მონაწილე, აქტიური თანამშრომელი იმდროინდელი ქართული და რუსული პრესისა. მისი პირველი ლიტერატურული წერილები დაიბეჭდა „კავკაზში“ 1846 წ. მას შემდეგ დ. ყიფიანის ისტორიული ნარკვევები, მეცნიერული ხასიათის შრომები (ორიგინალური თუ ნათარგმნი) ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „საქართველოს მოამბეში“, „მოამბეში“, „ივერიაში“, „ქართულ ბიბლიოთეკაში“. აღსანიშნავია საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი მისი წერილები: „თამარ მეფის საუკუნე“ და „რამდენიმე აზრი საქართველოს ისტორიის მასალებზე“ (რომელშიც განხილულია ქართველი ერის საერო და საეკლესიო განათლება, მწერლობა, ქართული ენა, მისი კულტურულ-ლიტერატურულ-ენობრივი კავშირები სხვა ხალხთა ენებსა და ლიტერატურასთან, მიმოხილულია საქართველოს ისტორიის მთავარი ეტაპები). იგი ავტორია „მოგონებებისა", რომელიც 1886 წ. რუსულად გამოქვეყნდა. ჰქონდა ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები. დ. ყიფიანმა არაერთი თხზულება უძღვნა ქართული გრამატიკის საკითხებს. აღსანიშნავია მისი კრიტიკული შენიშვნები დ. ჩუბინაშვილის „ქართული გრამატიკის“ თაობაზე, აგრე თვე 1882 წ. გამოცემული წიგნი „ახალი ქართული გრამატიკა“.

თარგმანები

დ. ყიფიანი კარგად იცნობდა დასავლეთევროპულ ლიტერატურას, თარგმნა ფრანგული თუ ინგლისური ლიტერატურის არაერთი ნიმუში: მოლიერის „ცოლის შერთვევინება“ (1861), „სიყვარული მკურნალობს“, „სიყვარული მხატვრობს“, „ჩინებული სასიძონი“, მიტჩელის „ზეციური მნათობი“ (1863), ბომარშესსევილიელი დალაქი“, ვ. ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტიდან“, ო. ფელიეტის „რომანი ერთის ღარიბის ყმაწვილი კაცისა“, შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ორი ვერონელი“.


თხზულებანი

მემუარები, 1930.

ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, დიმიტრი ყიფიანი, 1892;
  • ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერებების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1917,
  • ს. ხუნდაძე, დიმიტრი ყიფიანი, 1936.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები