ცისკარი (ჟურნალი)
ცისკარი — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1852-1853 და 1857–1875 წწ. თბილისში. 1852-53 წწ. „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და ერთეულებისთვის იყო მისაწვდომი მხოლოდ. ჟურნალში გამოქვეყნებული თხზულებები, უმეტესად პოეტური ნაწარმოებები, გამოირჩევა ღრმა პატრიოტიზმითა და ზოგადსაკაცობრიო საკითხების გარკვევით. პროზა სუსტია. პუბლიცისტური წერილები თითქმის არ იბეჭდებოდა.
1857 წ. ჟურნალის გამოცემა განაახლა ი. კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. „ცისკარი“ მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფის ორგანო არ ყოფილა. მასში თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. ჭონქაძის, ლ. არდაზიანის ნაწარმოებები, „მოლაყბის“ ფელეტონები და ა. ფურცელაძის წერილები. ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.