ფურცელაძე ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ფურცელაძე

ფურცელაძე ანტონ – (ფსევდონიმები: „ქერელი ბექა“, „ზურაბ მოენიძე“, „თავხედი“) (1839-1913) — პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ორიოლის კადეტთა კორპუსში (1851-54), საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთხანს მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა, შემდეგ სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867-69 წწ. მსახურობდა ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლედ. 1873 წლიდან მონაწილეობდა გორში დაარსებულ რევოლუციურ-ხალხოსნურ საიდუმლო ორგანიზაციაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და მუდმივი ქართული თეატრალური დასის აღდგენის ერთ-ერთი მესვეური. 80-იანი წლებიდან — სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი, ხოლო 1905-11 წწ. — ამავე ბანკის თავმჯდომარე.

ა. ფურცელაძის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 60-იან წლებში. მასზე მშობლიური კულტურის ტრადიციების გარდა გარკვეული გავლენა მოახდინეს რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა შეხედულებებმა, აგრეთვე დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი აზროვნების მიღწევებმა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1861 წ. „ცისკარში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიით (დ. ჭონქაძის „სურამის ციხის“ თაობაზე). შემდეგში სათავეში ჩაუდგა ამ ჟურნალის კრიტიკულ განყოფილებას. თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც: „დროებაში“, „მნათობში“, „ივერიაში“, „კავკაზში“, „ლიტერატურნი ლისტოკში“. დიდი ღვაწლი მიუძღვის „გუთნის დედის“ გამოცემაში, რომელსაც რედაქტორობდა 1873-76 წწ. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, დრამებს, ფელეტონებს, კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, ეწეოდა მთარგმნელობითს საქმიანობას. თავის პუბლიცისტურ წერილებში, რომლებიც თემათა აქტუალობით და იდეური სიმახვილით გამოირჩევა, ატარებდა განმანათლებლურ იდეებს, ილაშქრებდა იდეალიზმის ძირითად დებულებათა წინააღმდეგ, ამხელდა ცრუმორწშუნეობას, ებრძოდა ბატონყმურ საზოგადოებრივ ფორმაციას და გმობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის გამოვლენას, იცავდა ხალხთა ფართო მასების ინტერესებს, ქადაგებდა ეროვნული თანასწორობის იდეას, ამჟღავნებდა მატერიალისტურ შეხედულებებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. ესთეტიკის სფეროში პრინციპულად ემიჯნებოდა ლოზუნგს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, მწერლობისგან მოითხოვდა სინამდვილის მართალ ასახვას და ხალხის სამსახურს.

ა. ფურცელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ძველსა და ახალ თაობებს შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ პაექრობაში, იბრძოდა „მამათა“ წინააღმდეგ, იცავდა და ამაგრებდა თერგდალეულთა პოზიციებს. მოგვიანებით იგი მოექცა დ. პისარევის ესთეტიკური დოქტრინის გავლენის ქვეშ და მემარცხენე-ნიჰილისტური პოზიციებიდან დაუპირისპირდა ახალი თაობის წარმომადგენლებს ეს დავა აისახა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეს“ შორის გამართულ პოლემიკაში (1863).

ბატონყმობის, სოციალური უსამართლობის მხილება ა. ფურცელაძის მხატვრული შემოქმედების განმსაზღვრელი თემაა. მოთხრობებში „მართა“ (1865), „ქიტესა“ (1871) მწერალი ასახავდა ქართული სოფლის ყოფას. დღემდე პოპულარულ ისტორიულ რომანში „მაცი ხვიტია“ (1870–71) ნაჩვენებია ფეოდალთა განუკითხაობა და გლეხთა სიდუხჭირე შუა საუკუნეთა დასავლეთ საქართველოში. ამ რომანში ა. ფურცელაძემ ქართულ ლიტერატურაში პირველმა გამოიყენა ისტორიული თემა სოციალურ-კლასობრივი იდეების საქადაგებლად, მანვე პირველმა გვიჩვენა ქართულ ლიტერატურაში გლეხთა ჯგუფური, შეკავშირებული გამოსვლა მებატონეთა წინააღმდეგ. მწერალი სოციალურ უსამართლობას ორგანულად უკავშირებდა იმდროინდელ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ყაჩაღობასა და ავაზაკობას. ამ საკითხს, „მაცი ხვიტიას“ გარდა, მან უძღვნა მთელი რიგი თხზულებები („თოთა“ 1866, „ავაზაკნი“, 1879). ჩერნიშევსკის რომანის „რა ვაკეთოთ“ გავლენით ა. ფურცელაძემ 1863 წ. შექმნა მოთხრობა „სამის თავგადასავალი“, რომელშიც გვიჩვენა საზოგადოებრივ მანკიერებათა წინააღმდეგ მებრძოლი ახალი ტიპის ადამიანები რაზნოჩინელ–დემოკრატები, წამოჭრა ქალთა ემანსიპაციის საკითხი. ახალი ტიპის ადამიანები ნაჩვენები არიან აგრეთვე მოთხრობაში „ვაი მართალთა“ (1871), რომლის ერთი მოქმედი პირი (რევოლუციონერი მიშო) გადადის საფრანგეთში და კომუნალური დელეკლიუზის გვერდით იბრძვის პარიზის ბარიკადებზე. მწერლის ხალხოსნურ-უტოპიური შეხედულებების გამომხატველია მოთხრობა „ჩვენებური საქმის ბოლო“ (1872-73), აგრეთვე ამავე პერიოდში გამოქვეყნებული პუბლიცისტური სტატიები „ჩვენი სალტოლველო“ და „მამულის საერთო მფლობელობა“.

ა. ფურცელაძეს აქვს ისტორიულ თემაზე შექმნილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეების გამომხატველი პოემები: „ბაგრატიონების დიდება“, „თამარ ღაზნელი“, „წყალობა“, „მარაბდა“ ანუ „ცხრა ძმა ხერხეულიძენი“, „ცისკარა“, ტრაგედიადიდი მოურავი“, რომლებშიც დიდი სიყვარულითაა დახატული ქართველი ხალხის გმირული ბრძოლები სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, წარმოჩენილია ხალხთა მასების როლი ისტორიულ წარსულში, ასახულია ეპოქის აქტუალური პრობლემები, ეროვნული მთლიანობის იდეა მწერალი ეხმაურებოდა აგრეთვე სხვა ხალხთა განმათავისუფლებელ ბრძოლებსაც, ეწეოდა მებრძოლ გმირთა პოპულარიზაციას (აღსანიშნავია წერილები „რამდენიმე ცნობა გარიბალდიზე“, „გარიბალდის ცხოვრება“ (1862-63), ლექსი „გარიბალდის“ (1871). ამ თვალსაზრისით საყურადღებოა აგრეთვე დრამა „ასული ისრაელისა“ (1869).

ა. ფურცელაძეს ნათარგმნი აქვს პუშკინის, ნეკრასოვის (ითვლება მის პირველ ქართველ მთარგმნელად), ბარბიეს, ბაირონის, ბერანჟეს, ჰაინეს, ლეოპარდის თხზულებები.

თხზულებები

  • რჩეული ნაწერები, 1963.

ლიტერატურა

  • ვ. ვახანია, ანტონ ფურცელაძის მსოფლმხედველობა, 1958;
  • მისივე, ანტონ ფურცელაძე, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. IV, 1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები