საქართველოს მოამბე (ჟურნალი)
საქართველოს მოამბე — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, თერგდალეულთა პირველი ბეჭდვითი ორგანო. გამოდიოდა 1863 წ. თბილისში (გამოვიდა 12 ნომერი). რედაქტორ-გამომცემელი — ილია ჭავჭავაძე. თანამშრომლობდნენ: ი. ჭავჭავაძე, გ. წერეთელი, კ. ლორთქიფანიძე, ვ. თულაშვილი, დ. ყიფიანი, ს. აბაშიძე…
„საქართველოს მოამბემ“ მიზნად დაისახა ერის სამსახური. ჟურნალის თანამშრომლები მკაცრად დაუპირისპირდნენ დრომოჭმული ცხოვრების წარმომადგენლებს და ბრძოლა პრინციპულ სიმაღლემდე აიყვანეს. ჟურნალმა ყურადღება ძირითადად გაამახვილა სოციალური სისტემის უვარგისობასა და ეროვნულ პრობლემაზე, რაც აისახა მის ფურცლებზე გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში. ჟურნალმა მკვიდრ საფუძველზე დააყენა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა, გარკვეული როლი შეასრულა ენის დაწმენდისა და წინსვლის საქმეში: რედაქციამ უკუაგდო მოძველებული ენობრივი ფორმები, გაამარტივა მართლწერა, შემოიტანა ახალი სიტყვები და გამოთქმები. „საქართველოს მოამბე“ ხელოვნებას საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესების ფუნქციას ანიჭებდა და განუხრელად იბრძოდა ლიტერატურის იდეურობისთვის. ჟურნალში გამოქვეყნებულ სიტყვაკაზმულ ნაწარმოებთა უმეტესობა გამოირჩევა პრობლემატურობითა და მხატვრული სრულყოფით ყურადღება ექცეოდა რუს და უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების თარგმანების პუბლიკაციასაც. დაიბეჭდა ა. გრიბოედოვის, მ. ლერმონტოვის, ნ. დობროლიუბოვის, პ. პრუდონის, ვ. ჰიუგოს ქმნილებები.
„საქართველოს მოამბემ“ დასაბამი მისცა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ლიტერატურის ახალ პერიოდს.