ანჩისხატის ეკლესია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Anchsxatis eklesia.jpg|thumb|250პქ|ანჩისხატის ეკლესია]] | ||
'''ანჩისხატის ეკლესია''' - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული ეკლესია აგებულია მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის - დაჩის მიერ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობილის შობის სახელზე. ეს იყო ერთადერთი ეკლესია თბილისში, სადაც მუსულმანთა 400 წლიანი ბატონობის დროსაც კი ზარი ყოველთვის ხმიანობდა და ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ უწოდებდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე სოფელ ანჩიდან არ გადმოაბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თან ჩამოჰყვა მისი მცველი - პეტრე მესხი. | '''ანჩისხატის ეკლესია''' - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული ეკლესია აგებულია მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის - დაჩის მიერ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობილის შობის სახელზე. ეს იყო ერთადერთი ეკლესია თბილისში, სადაც მუსულმანთა 400 წლიანი ბატონობის დროსაც კი ზარი ყოველთვის ხმიანობდა და ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ უწოდებდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე სოფელ ანჩიდან არ გადმოაბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თან ჩამოჰყვა მისი მცველი - პეტრე მესხი. | ||
16:10, 7 მარტი 2017-ის ვერსია
ანჩისხატის ეკლესია - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული ეკლესია აგებულია მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის - დაჩის მიერ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობილის შობის სახელზე. ეს იყო ერთადერთი ეკლესია თბილისში, სადაც მუსულმანთა 400 წლიანი ბატონობის დროსაც კი ზარი ყოველთვის ხმიანობდა და ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ უწოდებდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე სოფელ ანჩიდან არ გადმოაბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თან ჩამოჰყვა მისი მცველი - პეტრე მესხი.
ანჩისხატის ეკლესია კლდეში ამოკვეთილ სარდაფზე დგას.იგი ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი ბაზილიკაა (ბაზილიკა - ქრისტიანული ეკლესიის უძველესი სახეობა. მართკუთხა ფორმის უგუმბათო ეკლესია). დროთა განმავლობაში მისმა ნაწილებმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე და განსაკუთრებით მე–17 საუკუნეში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისას (ამ პერიოდს განეკუთვნებიან აგურის ბოძები და თაღებიც). უძველეს ფრგამენტებს წარმოადგენენ თარაზულნაკერიანი, კვადრებით ამოყვანილი ფასადების ცალკეული ნაწილები, სარკმლები აღმოსავლეთის კედელზე, მთავარი თაღის და საკურთხევლის სარკმლის ნალისებრი მოყვანილობა, აბსიდა... 1958 წელს ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგად გვიანდელი (მე–19 საუკუნის) ფერწერის ქვეშ გამოვლინდა მე–17 საუკუნის კედლის მხატვრობის ნაწილები. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს დასავლეთის შესასვლელის თავზე გამოვლენილი ნალისებრი ფორმის ლუნეტი. ლუნეტის მოხაზულობას და ამავე ფასადზე მოთავსებული ჯვრის გამოსახულებას მედალიონში პარალელები მოეპოვებათ ქართული ადრექრისტიანულ ძეგლებსა, და მათ შორის მე–5 საუკუნის შესანიშნავ ბაზილიკაზე – ბოლნისის სიონზე.
ბაზილიკის დასავლეთით, შავთელის ქუჩის პირას დგას აგურის სამრეკლო. იგი ცენტრში გაჭრილია შეისრული თაღით და ქუჩას აკავშირებს დაბალ ბაქანზე მდგარ ტაძართან. კარიბჭის თავზე მოქცეული წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აშენებულია ქართლის კათალიკოსის დომენტის მიერ 1675 წელს. სამრეკლოს არქიტექტურა (აგურის წყობის ხასიათი, შეისრული თაღები) დამახასიათებელია გვიანფეოდალური საქართველოსათვის, როდესაც ირანული გავლენა ხუროთმოძღვრებაშიც იკვლევს გზას.
ანჩისხატის ტაძარი ყოველთვის არა მარტო სალოცავი ტაძარი, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. სწორედ მის ეზოში არსებობდა სასულიერო სემინარია, სადაც ღებულობდნენ სასულიერო განათლებას, როგორც უფლისწულები, ასევე ქართველ თავად-აზნაურთა შვილები.
1755 წელს დიდმა კათოლიკოსმა ანტონ I განაახლა მტრისაგან დანგრეული სემინარია, რომელმაც იარსება ანტონ II-ის კათოლიკოსის რუსეთში იძულებით წასვლამდე (1811 წ).
დომენტი კათოლიკოსმა ანჩისხატის ეკლესიას აუშენა სამრეკლო, რომელიც დღესაც პირვანდელი სახითაა; შეაკეთა თვით ეკლესია და დაძველებული სამკვეთლოს წინა მხარე, განაახლა თავისი სასახლე, ააშენა სახლი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლად. რაც თვით ვერ მოასწრო, მისმა მოადგილემ, შემდგომ კი კათოლიკოსმა ნიკოლოზმა დაამთავრა.
მიუხედავად აღა-მაჰმად-ხანის უამრავი შემოსევებისა და როსტომ მეფის მიერ მრავალი სპარსული წეს-ჩვეულების შემოღებისა, დედოფალ მარიამისა და კათოლიკოსების - ქრისტეფორეს, დომენტისა და ნიკოლოზის - მეოხებით საქართველოში არც ქრისტიანობა შესუსტებულა და მხატვრობამაც და მწერლობამაც ძალიან დიდი ნაბიჯებით წაიწია წინ. ანჩისხატის ეკლესია იყო სწავლა-განათლების უპირველესი კერა, რომელიც თავისთან იზიდავდა არა მარტო ქართველებს, არამედ სომხებსა და თათრებსაც კი.
ანჩისხატის ეკლესიის დღესასწაულია 29 აგვისტო. მას ანჩისხატობა ეწოდება. ამავე დღეს მარტყოფში აღინიშნება მამა ანტონობა ანუ მარტყოფობა, რადგან მე-6 საუკუნეში მამა ანტონმა შემოაბრძანა კეცზე ამოტვიფრული პირი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა და მას მარტყოფში აუშენა ე.წ. „ღვთაების ეკლესია“
ანჩისხატის ეკლესიის სიწმინდეები და ფრესკები
ანჩისხატის ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმინდე - უფლის ხელთუქმნელი ხატი - მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდეა, რომელიც სამწუხაროდ მლოცველთათვის მიუწვდომელია, რადგან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. საკურთხეველშია დაბრძანაბული ზუსტი ასლი, ხოლო ამბიონზე კი უფრო ადრინდელი დაწერილი ასლია. ტაძარში, ამბიონის წინ, სამეფო ტახტის გვერდით არის ძვირფასად შემკული ანჩისხატის ფოტოპირი.
ანჩისხატის ეკლესიაში ინახებოდა ღმრთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელსაც უკან 22 უჯრა ჰქონდა. იქ ინახებოდა წმიდანთა ნაწილები, მათ შორის ღმრთისმშობლის კაბისა და სარტყლის ნაჭერი, მძივი, თმის ნაწილი და სხვა. ეს ხატი დაიკარგა ბოლშევიკების შემოსევის დროს და დღესაც არ ვიცით სად არის.
ანჩისხატის მხატვრობა განახლებულია ჯერ ნიკოლოზ კათოლიკოსის მიერ 1680 წ. შემდეგ 1714 წ. უამრავი ფრესკებიდან დღეისათვის სრულყოფილად შემონახულია რამდენიმე ფრესკა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. „ხე ცხოვრებისა“. ეს ფრესკა საკურთხევლის ზემოდან იწყება და გუმბათის ყელამდე ადის. ხის ქვეშ წევს იესე - დავით წინასწარმეტყველის მამა. შუაში არის ღმრთისმშობელი მარიამი, ხოლო თავში კი იესო ქრისტე. ამ ფრესკას კიდევ უწოდებენ ქრისტეს ხორციელი ცხოვრების გენეალოგიის ხეს, რადგანაც ხორციელად იგი იშვა დავით წინასწამეტყველის შტოდან.
ტოტებზე არიან ბაგრატოვანი მეფეები, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი მეფეები დავით მეფის შთამომავლნი არიან. ამიტომ ფრესკას მესამე სახელითაც მოიხსენიებენ: „ბაგრატოვანთა გენეალოგიის ხე“ (ამ ფრესკას, საეკლესიო გადმოცემით, მე-14 საუკუნის ფრესკად თვლიან.)
აღნიშნული ფრესკის გარდა, კედლის მხატვრობიდან კარგადაა შემორჩენილი შემდეგი ფრესკები:
ა) სამხრეთის შუა თაღზე დახატულია ანტონ მარტყოფელი კეცზე ამოტვიფრული ხელთუქმნელი ხატით; ბ) ქალაქ ედესის ბჭენი და მის თაღზე ხელთუქმნელი ხატი; 3) თადეოზ მოციქულის და ანანიას მოსვლა ავგაროზთან და ავგაროზის მიერ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემა; ჩრდილოეთის შუა თაღზე დახატულია: ა) ღმრთისმშობლის ხარება; ბ) ტაძრად მიყვანება და გ) მიძინება.
ანჩისხატის ტაძარს დიდძალი ქონებიდან თითქმის აღარაფერი შერჩა. რაც აღამაჰმადხანს გადაურჩა 1795 წელს, 1859 და 1878 წ.წ. გაყიდა რუსეთის მთავრობამ. განადგურებული იქნა ანტონ დიდი კათალიკოსის მიერ 1755 წლის 1 იანვარს განახლებული სემინარია.
დაკარგულია სამკვეთლოდან და სალაროდან მტკვარზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბები. შემორჩენილია ანტონ კათოლიკოსის სასახლის I სართული, რომელიც ისევე მოელის მზრუნველი პატრონის ხელს, ვითარცა მეორე სარდაფი სამრეკლოს გვერდით, სადაც 1848 წლამდე კიდევ ცხოვრობდა თითოოროლა მონაზონი (უკანასკნელი, თამარ მონაზონია ცნობილი).
ანჩისხატის ტაძარში ჩრ. დას. კუთხეში დასაფლავებულია კათოლიკოს- პატრიარქი ევდემოზ დიასამიძე, რომელიც როსტომ მეფემ ჯერ დაახრჩობინა მეტეხის ციხეში, შემდეგ გადმოაგდებინა იქიდან, (ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ევდემოზ დიასამიძე გადმოაგდეს ნარიყალას ციხიდან, აბანოების მხარეს.) სამღვდელოებამ საიდუმლოდ მოასვენა მისი ცხედარი და აქ დამარხა. 2001 წლის 29 აგვისტოს გაკეთდა მემორიალური საფლავი, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.