აბაშიძე ზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აბაშიძე ზია“ გადაიტანა გვერდზე „ზია აბაშიძე“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ზია აბაშიძე“ გადაიტანა გვერდზე „აბაშიძე ზია“ გადამისამართებაზე)

15:03, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია

აბაშიძე [სანჯაკბეგიშვილი-აბაშიძე], ზია ჰუსეინის ძე (დ. 1875, 17/III – გ. 1932) – რევოლუციონერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველი მუსლიმანი ბათუმიდან. მამა – ბათუმელი, დიდგავლენიანი ბეგი იყო. რუსეთის მთავრობამ პოდპოლკოვნიკობა უბოძა, მაგრამ ერთ საქმეზე განაწყენებულმა სამხრეები აიძრო, გუბერნატორს თავში ახალა და სტამბოლში წავიდა, სადაც ფაშობა უბოძეს. 1905 წელს სამშობლოში დაბრუნდა. დედა – ჩაქველი ლორთქიფანიძის ასული.

ზია ბათუმის ორკლასიან ქართულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სამოქალაქო 6 კლასიან სასწავლებელში და ექვსი წლის განმავლობაში, ბათუმის მედრესეში, შეისწავლა არაბული ენა, გაიზეპირა ყურანი და მთელ აჭარაში ყურანის საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. აღიზარდა მასწავლებელთა: მოსე ნათაძის, ნიკო ჯაყელისა და მწერლის – გრ. ვოლსკის ხელმძღვანელობით. მათგან მამულიშვილურ-ეროვნული გრძნობა და რევოლუციური მისწრაფება ჩაენერგა. მასზე დიდი გავლენა იქონია აგრეთვე დამ – ლიუტიფე ხანუმ თავდგირიძისამ.

როცა ზია საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე გამოვიდა, ქართველ მუსლიმანთა შორის მთელ აჭარა-ქობულეთში სულ რამდენიმე კაცი თუ აღიარებდა თავს ქართველად, მთელი ხალხი მოწინავე წოდებასთან ერთად თავს გურჯის უწოდებდა (და არა – ქართველს, თუმცა, გურჯი თათრულად ქართველს ნიშნავს). ზიამ დაიწყო თანამოძმეთა შორის ქართველობისა და საქართველოსთან გაერთიანების ქადაგება (გასული საუკუნის 90-იან წლებში).

1900-1908 წწ. ქ. ბათუმის ხმოსანი იყო. ამ დროს ყველა უცხო ერის წარმომადგენელი ყოველი ღონისძიებით ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. სხვა ქართველ ხმოსნებთან ერთად ბათუმის აღმშენებლობასა და ბათუმში ქართული მოსახლეობის გამრავლებას მტკიცედ ემსახურებოდა. დაახლოებით 1904-1905 წწ., ბათუმში გრ. ვოლსკისთან, სიმ. მდივანთან და სხვებთან ერთად საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა რევოლუციურ პარტიას საძირკველი ჩაუყარა და პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა. იყო სახელმწიფო სათათბიროს საგუბერნიო ამომრჩეველი (ასევე, სათათბიროს წევრადაც აირჩიეს – მოწინააღმდეგე შერვაშიძესთან თანასწორი ხმით, მაგრამ წილის ყრის დროს წილი მოწინააღმდეგეს შეხვდა). საკუთარ სახლში იფარავდა ბათუმის რევოლუციონერებს, მართავდა საიდუმლო კრებებს, ხელს უწყობდა თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო რევოლუციურ მუშაობას; თავის სოფელ ურეხში ხშირად იწვევდა ახალგაზრდა ქართველ მუსლიმანთა კრებებს. ურჩევდა, მიმხრობოდნენ რევოლუციურ მოძრაობას (განსაკუთრებით, გურულებს) და მთელ საქართველოს შეერთებოდნენ. ამავე აზრებს ავრცელებდა მედრესეში. ამავე დროს აგროვებდა ფულს და რევოლუციონერებს ყოველგვარ მუშაობაში ეხმარებოდა. 1905 წელს, ჩაქვში მისი თავმჯდომარეობით შედგა ქართველ მუსლიმანთა დიდი კრება, რომელსაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზიამ საუცხოოდ წარმოთქმულ სიტყვაში დამსწრეთ მოუწოდა: „რაკი თვითმპყრობელობა ხალხს სულსა ხუთავს და ნებით არ გვითმობს, შევიარაღდეთ და იარაღით დავამხოთ მისი წყობილებაო“.

აბაშიძენი (მემედ, ზია, რიზა, ასლან და სხვ.) მთელ აჭარა-ქობულეთში და, თვით ქართველ მუსლიმანთაგან, რევოლუციურ მოღვაწეობით იყვნენ ცნობილნი, რის გამოც თვითმპყრობელი მთავრობა მათ სდევნიდა. 1908 წლის დასაწყისში, სხვა აბაშიძეებთან ერთად, ზიასაც მიესაჯა 5 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ ზია თავის ძმა რიზასა და მემედბეგ აბაშიძესთან ერთად ოსმალეთს გადაიხვეწა. ამის გამო, კავკასიის მეფის ნაცვალმა ოსმალეთის მთავრობას აცნობა: რევოლუციონერი აბაშიძენი ჯოჯოხეთის მანქანებით ოსმალეთში ოსმალეთის დასანგრევად გადმოვიდნენო, რისთვისაც ხონთქარმა უმაღლესი ბრძანებით აბაშიძეებს პოლიციის ზედამხედველობა მიუჩინა, ხოლო ოსმალოს მთავრობამ ზია და რიზა ტრაპიზონის ციხეში დაამწყვდია, საიდანაც ზია 10 თვის შემდეგ, თავის ძმასთან ერთად (ერთი კვირით ადრე ოსმალეთში მომხდარ გადატრიალებამდე) გაიქცა და საზღვარგარეთ (საფრანგეთსა და გერმანიაში) ცხოვრობდა, ხოლო ოსმალეთის პირველი გადატრიალების შემდეგ – სტამბოლში. აქ, სხვებთან ერთად, შექმნა ქართული წრე. მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წელს, სტამბოლშივე მხურვალე მონაწილეობა მიიღო „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ შედგენაში, რომელშიც თვალსაჩინო როლს თამაშობდა; ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთში გადახვეწილ აჭარელთაგან ქართული ლეგიონის (1400 კაცი) შექნაში, რომლის მეთაურთა შორის იყვნენ ქართველი ქრისტიანებიც (ნ. მაღალაშვილი, ლ. კერესელიძე, ოფიცრები – ს. ლაბაძე, კ. ინასარიძე, კ. ლორთქიფანიძე, ოქროპირიძე, კ. მანჯგალაძე, ა. ფორია, მუსტაფა აბაშიძე და სხვები). ამ კომიტეტის თაოსნობით ბერლინში დაარსდა „ქართული ჟურნალი“, იბეჭდებოდა წიგნაკები, იმართებოდა ლექციები და სხვ. რაც გერმანიას, ავსტრიასა და საერთოდ, ევროპას, ქართველობასა და საქართველოს საკითხს აცნობდა. ამავე კომიტეტმა შექმნა დამსახურებულ ლეგიონერთათვის ორდენი – ვარსკვლავი თამარის სახით.

1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამდე ზია საზღვარგარეთ იყო. იქედან წერილებს აქვეყნებდა გაზეთ „ნიშადურში“. 1918 წლის დასაწყისში სტამბოლიდან თბილისში ჩამოვიდა. ამ დროს ბათუმში ოსმალები იყვნენ. ზიამ თბილისში აქტიური მონაწილეობა მიიღო „სამაჰმადიანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ შედგენაში, რომლის მიზანი იყო ბათუმიდან თურქების განდევნა და აჭარის საქართველოსთან შეერთება. ამ მიზნით, 1918 წელს, ზია ყადირ შარვაშიძესთან ერთად ბერლინში, ვენასა და ბულგარეთში გაიგზავნა, რასაც საქართველოსთვის დიდი შედეგი მოჰყვა. როცა მემედ აბაშიძე ოსმალეთიდან გამოიქცა, ამ კომიტეტს შეუერთდა და ბათუმში, ინგლისელების ბატონობის დროს, კომიტეტი ბათუმში გადაიტანა, სადაც მოქმედება „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ სახელწოდებით დაიწყო. ამ კომიტეტმა გამოსცა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“ (თათრულ-ქართულ ენებზე). ქართული განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს კ. გოგოლაძე, ხოლო თათრულის – თახსიმ ხიმშიაშვილი. ამ გაზეთში ქართულად და თათრულად წერდა ზიაც და ხშირად გაზეთს კიდეც ხელმძღვანელობდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დროს იყო ბათუმის ქალაქის თავის მოადგილე, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის მთავარი რწმუნებული და ბათუმის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე. გასაბჭოების შემდეგ, ერთხანს პოლიტიკურ ნიადაგზე (პირადი მტრობით) დააპატიმრეს და 5 წლით როსტოვში გადაასახლეს. ცნობილია, როგორც განმათავისუფლებელ იდეებით გატაცებული, შეუდრეკელი მებრძოლი, სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი მუშაკი, რასაც თავისი ძალ-ღონე და ნივთიერი კეთილდღეობა შეალია.

წყარო:
1. ავტობიოგრაფია;
2. ბათუმის მიხეილის ციხის კომენდანტის არქივი, საქმეები: 1906, № 20, 55; 1907, № 40; 1908, № 209;
3. თეატრი და ცხოვრება. – 1918. – № 11;
4. ყუფარაძე, ს. 1905 წელი. ბარიკადები ბათომში: (მოგონებათა კრებული). – ბათუმი: გამოცემა ისტპარტის, 1925. – 96 გვ.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები