თუმანიშვილი დიმიტრი
(ახალი გვერდი: '''თუმანიშვილი დიმიტრი'''− (1760/1770 − 1821), XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახე...) |
12:50, 9 მარტი 2022-ის ვერსია
თუმანიშვილი დიმიტრი− (1760/1770 − 1821), XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის პოპულარული პოეტი იყო. ბიოგრაფიული ცნობები მასზე ძალზე მცირეა. ის ეკუთვნოდა ქართლ−კახეთის სამეფო კარის მდივან-მწიგნობარ თუმანიშვილთა იმ შტოს, რომელშიც ეს თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდა. 1803 წელს დიმიტრი თუმანიშვილი პეტერბურგში გაჰყვა დავით ბატონიშვილს. 1806 წლის შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნდა. გარდაიცვალა 1821 წელს. მისი პოეზია ფორმითა და შინაარსითაც აღმოსავლური ყაიდისაა. მისი სალექსო ფორმებია; მუხამბაზი, მუსტაზადი, თეჯნისი, გაფი, ბაიათი, დუბეითი და ა. შ. უმეტესობა სიყვარულის თემაზეა შექმნილი, რომლებშიაც ბესიკის პოეზიის დიდი გავლენა იგრძნობა. აქვს, აგრეთვე, მიძღვნითი-სახოტბო და რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის ლექსებიც. განსაკუთრებით ფართო გავრცელება ჰპოვა დიმიტრის აქ ლექსმა „ახალ აღნაგო“, რომელიც რუსულად და ინგლისურად ადრევე ითარგმნა და პოპულარულ სიმღერად იქცა როგორც ჩვენში, ისე რუსეთშიაც. მას შთამბეჭდავი გავლენა მოუხდენია ალექსანდრე პუშკინზე, რასაც თვითონვე აღნი- შნავს თავის მემუარულ თხზულებაში „მოგზაურობა არზრუმში“.
- ბაიათი
- 1.
- ვარდი მეც მხვდეს ეგების,
- ღაწვზედ ბაგე ეგების,
- ლხინი, შვება განქარდეს,
- სიყვარული ეგების.
- 2.
- სურვილი აქვს მას რისა?
- შაქარ-ყანდის, მასრისა....
- მისი ბაგის შარბათი
- ნეტამც ტუჩსა მასრისა.
- 3.
- ტანი წვრილი ახევდეს,
- გულსა სხივით ახევდეს,
- ვინც ვერ შეხვდეს თანასწორს,
- სულთქმით ბევრჯელ ახევდეს.
- 4.
- მთვარე სადაგ ველისა,
- ჩემის სადაგველისა,
- მის უებროს ყელისა,
- ზილფი − სად ა გველისა.
- 5
- სევდა გექმნათ ვისობით? -
- ვინ კეკლუცობს ვისობით,
- თქვენ გზისაგან შემცდარხართ,
- ჩვენ ეშყითა ვისობით.
- 6.
- სიტყუას ვჰსთხზავ შინებით,
- ნუ იმნებით შინებით,
- თუ პასუხი ვერ უძლოთ,
- ნუ გამოხვალთ, შინ ებით.