საავტომობილო გზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: საავტომობილო გზა '''საავტომობილო გზა''' – [[სა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:19, 27 მაისი 2022 მდგომარეობით

საავტომობილო გზა

საავტომობილო გზასაინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით. საავტომობილო გზების ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
ა) მიწის ვაკისი, რომლის ძირითადი ელემენტებია: სავალი ნაწილი, გვერდულები, საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, კიუვეტები, წყალამრიდი ნაგებობები და სხვ.;
ბ) ხელოვნური ნაგებობები (ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, გზაგამტარები, ვიადუკები, აკვედუკები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, ნაპირსამაგრი, ნაპირდამცავი, წყლის ნაკადმიმმართველი, სარეგულაციო ნაგებობები და სხვ.);
გ) განთვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
დ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, საინფორმაციო საშუალებების, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;
ე) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;
ვ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განთვისების ზოლის გარეთ;
ზ) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.

არსებობს საავტომობილო გზის სამი კატეგორია: I. საერთაშორისო მნიშვნელობის; II. შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის; III. ადგილობრივი მნიშვნელობის. საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70-თან ერთად) ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) ნაწილს აერთიანებს, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს. ამჟამად (2018 წ.) საქართველოში ფუნქციონირებს: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა – 1455 კმ; შიგა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა – 5446 კმ; ადგილობრივი მნიშვნელობის გზა – 15415 კმ; 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – 80კმ; ხიდები – 4632 ერთ. (საერთო სიგრძე 85 კმ); გვირაბები – 16 ერთ. (საერთო სიგრძე 9,9 კმ); თოვლდამცავი გალერეები – საერთო სიგრძე 3 კმ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები