ავარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შენობის ავარია

ავარია – (ფრანგ. avarie),

სარჩევი

ნაგებობის ავარია

ნაგებობის ან მისი ნაწილის (საძირკველი, კედელი, კოჭი და სხვ.), რაიმე მანქანის, მექანიზმის (მატარებელი, ავტომანქანა და სხვ.) დაზიანება, რაც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის. სამრეწველო საწარმოში ავარიას, როგორც წესი, თან ახლავს აფეთქება, ხანძარი, ნგრევა, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებების გამოფრქვევა ან დაღვრა;

ავარია მეტროპოლიტენში

საწარმოო ავარია

საწარმოო (ტექნოლოგიური) პროცესის გაუთვალისწინებელი მოულოდნელი გაჩერება ან ნორმალური მუშაობის დარღვევა. როგორც წესი, ავარიას ახლავს ტექნიკისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება ან განადგურება, აგრეთვე ტექნიკური სისტემების მომსახურე პერსონალისა და ავარიის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილ ადამიანთა ტრავმატიზმი.

ავარიას მიეკუთვნება ყველა მტყუნება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებისა და გარემოს საფრთხესთან, აგრეთვე სერიოზულ ეკონომიკურ და მორალურ ზარალთან. ავარიის საწყისი მიზეზი შეიძლება გახდეს დაპროექტების, გაანგარიშების, დამზადების, მონტაჟის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დროს დაშვებული დიდი შეცდომა, აგრეთვე ამ შეცდომის თანხვედრა არახელსაყრელ გარემო პირობებთან, რომელიც არაა დამოკიდებული ტექნიკურ პერსონალზე;

ავარია მაგისტრალურ მილსადენზე

ტექნიკური სისტემის ავარია

ტექნიკურ სისტემაში შემთხვევა, რომელიც არ იწვევს ადამიანების დაღუპვას და რომლის დროსაც ტექნიკური საშუალებების აღდგენა შეუძლებელია ან ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ არის;

ნაგებობისა და ტექნიკური მოწყობილობის რღვევა

ნაგებობისა და ტექნიკური მოწყობილობის რღვევა, საშიში ნივთიერებების ამოფრქვევა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის მსხვერპლი ან მიაყენოს ზიანი მის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს.

ავარიის სახეები

ავარია საავტომობილო ტრანსპორტზე

ავარიის სახეობა, რომელიც ხდება საავტომობილო ტრანსპორტზე. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რასაც ხშირად განაპირობებს ცუდი საავტომობილო გზები, მოძველებული ავტოპარკი, მძღოლების დაუდევრობა, საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფა, კონტროლის სისტემის დაბალი დონე და სხვ. მსხვილ საავტომობილო კატასტროფად ითვლება ისეთი ავტოკატასტროფა, რომლის შედეგად იღუპება 4 და მეტი ადამიანი.

ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე

ავარიის სახეობა, რომელიც ხდება რკინიგზის ტრანსპორტზე. სარკინიგზო ტრანსპორტი ხასიათდება ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ამაღლებული რისკით, რასაც განაპირობებს დიდი რაოდენობით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. ამ ტვირთებს შორის დიდი რაოდენობითაა საშიში ტვირთი. ამიტომ ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე არც თუ იშვიათი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი.

ავარია მეტროპოლიტენში

ავარია მეტროპოლიტენის სადგურებზე, გვირაბებში, ვაგონებში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მატარებლების შეჯახებამ, რელსებიდან გადასვლამ, ხანძარმა, აფეთქებამ, ესკალატორის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებამ, ვაგონებში და სადგურზე ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი ან ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრამ, აგრეთვე პლატფორმიდან მგზავრის ჩავარდნამ ლიანდაგში და სხვ.

ქიმიური ავარია

ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში ნივთიერებების დაქცევა ან გამობოლქვა, და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანების, სურსათის, საკვები ნედლეულის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების განადგურება ან ქიმიურად დასნებოვნება, აგრეთვე გარემოს ქიმიური მოწამვლა.

ლოკალური ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების უმნიშვნელო გაჟონვასთან.

ადგილობრივი ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების დიდი ტევადობის ან მთელი საწყობის ნგრევასთან. ქიმიური საშიშროება გრძელდება 6 საათის განმავლობაში. შედეგები შემოიფარგლება ქალაქის, რაიონის, რეგიონის საზღვრებით. ღრუბელი აღწევს დასახლებულ პუნქტებამდე. უახლოესი საცხოვრებელი რაიონებიდან აუცილებელია მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, აგრეთვე მათ დასაცავად სხვა სპეციალური ღონისძიებების გატარება.

რეგიონული ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამობოლქვა (ზოგჯერ მრავალჯერადად), რომლის ლოკალიზება 6 სთ და უფრო მეტი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება. შედეგები შემოიფარგლება რამდენიმე რეგიონით, სახელმწიფოთი. ქიმიური საშიშროება ბევრ დასახლებულ პუნქტზე ვრცელდება.

გლობარული ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ავარია, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში მსხვილი ობიექტის ან რამდენიმე ობიექტის ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ყველა საცავის ნგრევა. ასეთი ავარია შესაძლებელია დიდი დივერსიის შემთხვევაში, სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედებების დროს გამანადგურებელი საშუალებების მოქმედების შედეგად. გლობალური ავარია შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიას.

ავარია მაგისტრალურ მილსადენზე

ავარია მილსადენის ტრასაზე, დაკავშირებული წყლის, საშიში ქიმიური ან ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გაფრქვევასა და დაღვრასთან, რომელიც იწვევს ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციას.

ავარია მილსადენზე

ავარია, რომელსაც იწვევს ექსპლუატაციის პერიოდში მილსადენის მდგომარეობაზე დაგვიანებული და უხარისხო კონტროლი.

რადიაციული ავარია

ავარია რადიაციულად საშიშ ობიექტზე, რომელიც იწვევს პროექტით გათვალისწინებულ საზღვრებს გარეთ რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონიზირებელი გამოსხივების გავრცელებას ისეთი რაოდენობით, რომელიც აღემატება ზღვრულ დასაშვებ სიდიდეს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები