მხატვარი მატისი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მხატვარი მატისი''' – (გერმ. Mathis der Maler), გერმანელი კომპოზიტორის [[პ...)

22:47, 2 ნოემბერი 2023-ის ვერსია

მხატვარი მატისი – (გერმ. Mathis der Maler), გერმანელი კომპოზიტორის პაულ ჰინდემიტის ოპერა 7 სურათად.

ოპერა „მხატვარი მატისის“ მთავარი გმირი იზენჰაიმის სახელგანთქმული ტაძრის მხატვარი მატიას გრუნევალდია – XV საუკუნის გერმანული რეფორმაციის და გლეხთა ომების გმირი. ოპერის ლიბრეტო თავად კომპოზიტორის მიერაა შედგენილი ისტორიული ქრონიკების საფუძველზე, თუმცა ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მის მიერ შეტანილია ცალკეული ცვლილებები. მხატვარ მატისში „კარდილიაკის“ მსგავსად დასმულია ხელოვანის და საზოგადოების პრობლემა, მაგრამ ამჯერად გადატანილი ისტორიულ პირობებში. სწორედ ისტორიულმა მასალამ განაპირობა კომპოზიტორის მიერ საოპერო დრამატურგიის, მუსიკალური თეატრის და საოპერო ფორმების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა. 20-იანი წლების ერთაქტიანი ოპერებისგან განსხვავებით „მხატვარი მატისი“ მასშტაბური ეპიკური მუსიკალური დრამაა, რომელიც გამჭოლი განვითარების პრინციპს ეფუძნება, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ლაიტმოტივი – XVI საუკუნის ხალხური სიმღერის თემა ES SUNGEN DREI ENGEL (სამი ანგელოზი გალობდა).

ოპერისთვის ჰინდემიტმა შეარჩია დრამატურგიული გადაწყვეტის, სცენური მოქმედების ძალზე ორიგინალური ფორმა – ყოველი სცენა, მოქმედი გმირების სახეები შთაგონებულია მატიას გრუნევალდის ფერწერით. ნაწარმოების მუსიკალური მასალა კი XV-XVI საუკუნეების გერმანული ხალხური მუსიკის და ლუთერანული ქორალისთვის დამახასიათებელ არქაულ ინტონაციებზეა აგებული. სწორედ ამიტომაა, რომ ოპერაში დომინირებს ლინეარული განვითარების ლოგიკა, მოდალობა, ხოლო ვერტიკალურ სტრუქტურებში ჭარბობს კვარტა-კვინტური და სეკუნდური თანხმოვანებები.

ოპერის პრემიერა შედგა შვეიცარიაში 1938 წელს. ნაწარმოებისთვის შერჩეულმა ისტორიულმა სიუჟეტმა იმხანად ძალზე აქტუალურად გაიჟღერა, რაც ჰინდემიტის ოპერის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

მხატვარი მატისის თემას ჰინდემიტმა კიდევ ერთხელ მიმართა ამავე პერიოდში და ოპერის ცალკეული ეპიზოდების და თემების გამოყენებით შექმნა სიმფონია „მხატვარი მატისი“, მაგრამ, ზოგიერთი ანალოგიური ტიპის ნაწარმოებისგან განსხვავებით, ჰინდემიტის სიმფონია ამ ჟანრის სრულფასოვანი ნიმუშია.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები