სიმფონია
სიმფონია — (ბერძ. Symphonia –თანაჟღერა syn – ერთად და phone – ბგერა), სონატურ-ციკლური ფორმის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრისათვის. სიმფონია სიმფონიური მუსიკის უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. ჩვეულებრივ სიმფონია შედგება 4 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი – სონატური ალეგროს ფორმით; მეორე ნაწილი – ლირიკული; მესამე – მენუეტი ან სკერცო, მეოთხე – ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო – საცეკვაო თემებით. სიმფონია საკრავიერი მუსიკის უმაღლესი ფორმაა. ტერმინმა სიმფონიამ დღევანდელი მნიშვნელობა მიიღო მხოლოდ XVIII საუკუნეში. ძვველი საბერძნეთში იგი აღნიშნავდა გარკვეულ ინტერვალებს, საკრავებს, მოგვიანებით დასავლეთ ევროპაში – კონსონანსს, სიმღერას, საზოგადოდ მუსიკას; მხოლოდ XVI ს-ში დაიწყეს მისი გამოყენება ზოგიერთი ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოების აღსანიშნავად. XVII ს. დასაწყისიდან სიმფონიას უფრო ხშირად უწოდებდნენ სიუიტის, კანტატისა და, განსაკუთრებით, ოპერის საკრავიერ შესავალს. კლასიკური სიმფონიის მომზადების ერთგვარი საფეხური იყო ვენეციური და, განსაკუთრებით, ნეაპოლური საოპერო სიმფონიების (ა. სკარლატი, ნ. პორპორა, ჯ. ბ. პერგოლეზი, ჯ. ბ. სამარტინი და სხვ.), ე.ი. ოპერების საორკესტრო შესავლები. ამ ნაწარმოებთა პირველ ნაწილში უკვე გვხვდება სონატური ფორმის ჩანასახები. XVIII ს-ში სიმფონია გამოეყო ოპერას, როგორც დამოუკიდებელი საკონცერტო ჟანრი. სიმფონიის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია მანჰაიმის (ბავარია) სკოლის კომპოზიტორთა (ი. სტამიცი, ფ. რიხტერი, ი. კანაბიხი და სხვ.) მოღვაწეობასთან. სიმფონიას ქმნიდნენ აგრეთვე იტალიელი, ავსტრიელი, ფრანგი კომპოზიტორები. ჩამოყალიბდა სიმფონიის ოთხნაწილიანი სტრუქტურა. XVIII ს. შუა წლებში სიმფონიის შემადგენლობაში შევიდა მენუეტი, XIX ს-ში სკერცო. სიმფონიის სრულყოფილი ნიმუშები შექმნეს ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა: ჰაიდნმა (104), მოცარტმა (50-მდე), ბეთჰოვენმა (9). რომანტიკოსმა კომპოზიტორებმა შეინარჩუნეს ოთხნაწილიანი ციკლის ტრადიციული სქემა, მაგრამ მასში ახალი ლირიკული შინაარსი შეიტანეს. ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს ფ. შუბერტის „დაუმთავრებელი სიმფონია“, სი მინორი (ავტორია 8 ს-ის). ამ ხაზმა გაგრძელება პოვა ფ. მენდელსონ- ბართოლდის სიმფონიებში. რომანტიკოსი კომპოზიტორების სიმფონიებისთვის დამახასიათებელია პროგრამულობა: – ბერლიოზის ნოვატორული „ფანტასტიკური სიმფონია“ (ავტორია 4 სიმფონიისა); მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიმფონიურ ჟანრს ლისტის („ფაუსტი“ და „დანტე“), ბრამსის (4), შუმანის (4), დვორჟაკის (9), ბრუკნერის (9), სენ-სანსის (3), მალერის (9), ონეგერის (5), ბოროდინის (2), პ. ჩაიკოვსკის (6, აგრეთვე პროგრამული სიმფონია „მანფრედი“), გლაზუნოვის (8), სკრიაბინის (3), რახმანინოვის (3), მიასკოვსკის (27), პროკოფიევის (7), ხაჩატურიანის (3), შოსტაკოვიჩის (15) შემოქმედებაში.
ქართველ კომპოზიტორთაგან პირველი სიმფონიის ავტორია დ. არაყიშვილი (1932), ხოლო ფუძემდებლური ნაწარმოები შექმნეს ა. ბალანჩივაძემ (5) და შ. მშველიძემ (6). მნიშვნელოვანი სიმფონიები შექმნეს აგრეთვე: ა. მაჭავარიანმა (6), [[თაქთაქიშვილი ოთარ|ო. თაქთაქიშვილმა]] (2), ს. ცინცაძემ (4), დ. თორაძემ (2), ს. ნასიძემ (8), გ. ყანჩელმა (7), ფ. ღლონტმა (11), ნ. სვანიძემ და სხვ.