შუბერტი ფრანც პეტერ
ფრანც პეტერ შუბერტი – (31 იანვარი 1797, ლიხტენთალი, ვენის მახლობლად – 19. ნოემბრტი 1828, ვენა) ავსტრიელი კომპოზიტორი. პირველი გაკვეთილები მიიღო მამის (ვიოლინო) და უფროსი ძმის იგნაცისაგან (ფორტეპიანო), 1808-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. აქ მას 1816-მდე კონტრაპუნქტსა და კომპოზიციას ასწავლიდა ა. სალიერი. 1818 და 1824 შუბერტი მოღვაწეობდა უნგრეთში. პირველად მისი ნაწარმოები 1821 გამოიცა. მალე კი შუბერტის სიმღერები ფართოდ გავრცელდა. 1828 ვენაში წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები შუბერტი მუცლის ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა.
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა, როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია, მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან შექმნა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიური მუსიკის დარგში. მას ეკუთვნის რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის ტექსტებზე. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოეთეს (70-მდე სიმღერა: „ტყის მეფე“, „გრეთხენი ჯარასთან“ და სხვ.), შილერის (40-ზე მეტი), ჰაინეს (6, მათ შორის გენიალური „ორეული“), მიულერის (განთქმული ვოკალური ციკლები „მშვენიერი მეწისქვილე ქალი,“ 1822 და „ზამთრის გზა“, 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები, მათი დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას მხატვრულ-განმაზოგადებელი მნიშვნელობა ენიჭება. უაღრესად პოპულარულია აგრეთვე მისი „ავე მარია,“ „სერენადა“, „კალმახი“ და სხვ. სიმღერები, რომელთა საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისაა. ნოვატორული მნიშვნელობა ჰქონდა შუბერტის სიმფონიურ შემოქმედებას, მისი 9 სიმფონიიდან გამოირჩევა მე-7, „დაუმთავრებელი“ (1822) და მე-9 ე. წ. დიდი (1828), რომელთა სახით შეიქმნა რომანტიკული სიმფონიზმის 2 ნაირსახეობა – ლირიკულ -დრამატული და გმირულ-ეპიკური. სიმღერებისაგან განსხვავებით შუბერტის სიმფონიური შემოქმედება მოგვიანებით გახდა ცნობილი (მე-9 სიმფონია პირველად შესრულდა 1839, მე-7 კი 1865). ჭეშმარიტი აღიარება კი მან მხოლოდ XX ს-ში პოვა. მაღალი მხატვრული ღირებულებისაა კამერულ საკრავიერი შემოქმედება, მათ შორის სიმებიანი კვინტეტი (1828) და უკანასკნელი სიმებიანი კვარტეტი (1824-26). შუბერტის შემოქმედებაში განსაკუთრებით გამოირჩევა საფორტეპიანო მუსიკა (22 საფ. სონატა, ფანტაზია „მოხეტიალე,“ რომელიც ამზადებს ლისტის სიმფონიურ პოემების სტრუქტურას; 11 „ექსპრომტი“, 1827-28; „მუსიკალური მომენტები“, 1823-28; ვალსები; ლენდლერები-რომანტიკული საფორტეპიანო მინიატიურები, რომლებიც ამზადებენ შოპენისა და ლისტის საფორტეპიანო მუსიკის თავისებურებებს. საფორტეპიანო ნაწარმოებები 4 ხელისათვის, მათ შორის ფანტაზია, 1828; უნგრული დივერტისმენტი, 1824; ვარიაციები; მარშები და სხვ.). შუბერტს დაწერილი აქვს აგრეთვე 3 ოპერა, 6 ზინგშპილი, მუსიკა დრამატული პიესებისათვის (მ. შ. „როზამუნდე“), სასულიერო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამოირჩევა 2 მესა (1819, 1828), ვოკალულრი კვარტეტები, გუნდები, კანტატისა და ორატორიის ჟანრის ნაწარმოებები.
შიბერტის სიმფონიური შემოქმედების ღრმა მკვლევარი იყო ლ. დონაძე