სონატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სონატა – (იტალ. Sonata, sonare – ჟღერა), კამერულ-საკრავიერი მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი. სონატა ჩვეულებრივ სამნაწილიანი ციკლური ნაწარმოებია. შედგება ჩქარი ნაწილებისა და ნელი შუა ნაწილისაგან; ზოგჯერ ციკლში შეტანილია მენუეტი ან სკერცო.

ტერმინი „სონატა“ ცნობილია XVI ს-იდან. თავდაპირველად იგი ეწოდებოდა ნებისმიერ საკრავიერ პიესას. XVII ს. დასაწყისისათვის ჩამოყალიბდა სონატის 2 ტიპი: საეკლესიო და კამერული. საეკლესიო სონატისათვის დამახასიათებელია 4 ნაწილიანი ციკლი, რომლის თითოეული ნაწილი ტემპის განსაზღვრული თანამიმდევრობით ხასიათდება (ნელი–ჩქარი–ნელი–ჩქარი ან ჩქარი–ნელი–ჩქარი–ჩქარი). კამერული სონატა საცეკვაო ნომრების თავისუფალი თანამიმდევრობაა. ზღვარი სონატის ამ სახეთა შორის მალე წაიშალა. XVII ს-ში გავრცელდა ტრიო-სონატები 2 ან 3 შემსრულებლისათვის გენერალბასის თანხლებით.

დიდი ადგილი დაიჭირა სონატის ჟანრმა ე. წ. იტალიური სავიოლინო სკოლის კომპოზიტორების შემოქმედებაში. განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ი. ჰაიდნის, ვ. მოცარტის და, განსაკუთრებით, ლ. ბეთჰოვენის შემოქმედებაში (32 საფორტეპიანო სონატა, 10 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 5 ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის).

რომანტიკოსმა კომპოზიტორებმა კლასიკური სონატის ჟანრი გაამდიდრეს და ახლებურად გაიაზრეს. დიდი წვლილი შეიტანეს სონატის განვითარებაში ფ. შუბერტმა, ფ. შოპენმა, რ. შუმანმა, ფ. ლისტმა, ი. ბრამსმა და სხვ.

XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში თავი იჩინა ახალმა ტენდენციებმა ფრანგი კომპოზიტორების – გ. ფორეს, პ. დიუკას, მ. რაველის, კ. დებიუსის, რუსი კომპოზიტორების ა. სკრიაბინის, ნ. მეტნერის სონატებში. XX ს-ში რჩება ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ ჟანრად. თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებია: ს. პროკოფიევის (10 საფორტეპიანო, 2 სავიოლინო), დ. შოსტაკოვიჩის (2 საფორტეპიანო, 2 სავიოლინო, სავიოლონჩელო სონატები), პ. ჰინდემითის (30-მდე სონატა თითქმის ყველა საკრავისათვის), ბ. ბარტოკის (6 სონატა სხვადასხვა შემადგენლობისათვის) სონატები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები