ჰინდემიტი პაულ
პაულ ჰინდემიტი – (გერმ. Paul Hindemith – დ. 16 ნოემბერი 1895 - გ. 28 დეკემბერი 1963), გერმანელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი და მუსიკის თეორეტიკოსი.
სარჩევი |
ცხოვრება და შემოქმედება
პაულ ჰინდემიტი დაიბადა 1895 წელს გერმანიის ქალაქ ჰანაუში, მან 11 წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოზე დაკვრა. შემდეგ ჩააბარა მაინის ფრანკფურტის კონსერვატორიაში, რომელიც 1915 წელს ვიოლინოს და კომპოზიციის სპეციალობებით დაამთავრა.
კამერული მუსიკა
ჰინდემიტი-კომპოზიტორის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისმა მონაწილეობამ 1921 წელს დაარსებულ თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალებში დონაუეშენგენში, სადაც იგი, როგორც „ამარ-კვარტეტის“ წევრი (ვიოლა), ახალ ნაწარმოებებს ასრულებდა. აქვე შედგა მისი ორი სიმებიანი კვარტეტის (op. 16 და op. 22) პრემიერა. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდში ჰინდემიტი ძირითადად კამერულ ანსამბლებს ქმნიდა, რომელთა საერთო მახასიათებელია მძაფრი პოლემიკა გვიანრომანტიკული სტილის გადაჭარბებულ ემოციურობას და პათეტიკასთან. ამას ახალგაზრდა კომპოზიტორმა დაუპირისპირა ჯაზისთვის დამახასიათებელი რიტმის სტიქიურობა, გამჭვირვალე ფაქტურა, მკაფიო ფორმები. ყველა ეს თვისება დამახასიათებელია ჰინდემიტის კამერული მუსიკისთვის, ნაწარმოებებისთვის, რომელთა ჟანრი კომპოზიტორმა განსაზღვრა როგორც კამერული მუსიკა (Kammermusik) ამ ტიპის ნაწარმოებთა ციკლში გაერთიანებულია რვა პარტიტურა, რომლებშიც კამერული მუზიცირების კლასიციზმამდელი ფორმებია გამოყენებული. თითოეული Kammermusik-ი თავისებური concerto grosso-ა, სადაც ამ ჟანრისთვის ტიპური ხერხებია გამოყენებული: solo-ს და tutti-ს ტემბრების, ტემპების და ჟანრების დაპირისპირება. ამასთანავე, ჰინდემიტი ფართოდ მიმართავს სტილური დაპირისპირების ხერხსაც, კერძოდ, შემოჰყავს საყოფაცხოვრებო ჟანრები, იმ დროს პოპულარული სიმღერების და ცეკვების მელოდიები. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კამერული მუსიკა №1, რომელმაც განცვიფრებაში მოიყვანა მსმენელი ხის ჩასაბერების და საყვირის უჩვეული მელოდიური აქტიურობით და სიმებიანების დაქვემდებარებული ფუნქციით, ფინალში 1921 პოპულარული ფოქსტროტის თემის Wilm, wilm გამოყენებით. კამერულ მუსიკას მოჰყვა პატარა კამერული მუსიკა ხუთი ჩასაბერი ინსტრუმენტისთვის op. (24 1922 წ) და საფორტეპიანო სიუიტა 1922, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მსუბუქი ირონია, მჭიდრო კავშირი საყოფაცხოვრებო ჟანრებთან და, რაც მნიშვნელოვანია, აქ გამოვლინდა კომპოზიტორის მიერ საკრავების ტექნიკური შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, სწრაფვა მელოდიის გათავისუფლებისკენ ჰარმონიული ვერტიკალის დოგმატისგან, თავისუფალი იმპროვიზაციის და განვითარების პოლიფონიური ხერხების პრიორიტეტი.
მუსიკალური თეატრი
20-იან წლებში ჰინდემიტი მუსიკალური თეატრის ჟანრს მიმართავს. ამ პერიოდშია დაწერილი მისი ოპერა „კარდილიაკი“, მუსიკალური სკეტჩები, ფარსები, პაროდიები „ნუშ-ნუში, მკვლელი – ქალების იმედი, წინ და უკან, დუის ახალი ამბები“.
ოპერაში „კარდილიაკი“ მნიშვნელოვანია ლიტერატურული პირველწყაროს შერჩევის საკითხი. ისევე, როგორც ჰინდემიტის ერთაქტიანი ოპერები („ნუშ-ნუში, მკვლელი ქალების იმელი, წმინდა სუსანა“), კარდილიაკიც საშინელებათა დრამაა. ოპერის ცენტრში დგას მოძალადე, მკვლელი, მაგრამ არა ჩვეულებრივი დამნაშავე, არამედ რომანტიკული გმირი-სიმბოლო, დემონური ენების განსახიერება. ეს ანტირომანტიკული ოპერა ე. ტ. ა. ჰოფმანის სიუჟეტზეა დაწერილი, ხოლო თავად კარდილიაკი ჰოფმანისეული რომანტიზმის ტიპური გმირია, რომანტიკული ხელოვნების, რომანტიკული აზროვნების, რომანტიკული ეთიკის სიმბოლო. ამასთანავე, ოპერის მუსიკალური შრე მთლიანად გაუცხოების ეფექტზეა დამყარებული. ნაწარმოების მუსიკალური მასალა აგებულია ბაროკოს ეპოქის ოპერის მოდელზე, რომელიც წარმოადგენს ჰიმნური ტიპის გუნდების, ლირიკული არიების და სხვადასხვაგვარი ანსამბლების თანმიმდევრობას.
ემიგრაციაში
ჰინდემიტის მუსიკალური აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია 30-იანი წლები. აქვე აღვნიშნავთ, რომ გერმანიაში 1930-იან წლებში ნაცისტურმა რეჟიმმა უაღრესად ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე. ხელოვანთა უმეტესობა, რომლებიც ან „არაარიული“ წარმოშობისანი იყვნენ, ან რეჟიმისადმი არალოიალობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი, იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ემიგრაციაში. ემიგრანტთა შორის აღმოჩნდა პ. ჰინდემიტიც, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა კულტურბოლშევიკობაში დაადანაშაულა. ამ „განაჩენის“ შემდეგ აიკრძალა ჰინდემიტის მუსიკის გერმანიაში შესრულება და ერთადერთი გამოსავალი მისთვის ემიგრაცია იყო. ჰინდემიტმა თავი ჯერ შვეიცარიას შეაფარა, შემდეგ კი აშშ-ში გაემგზავრა.
30-იანი წლების დასაწყისში ჰინდემიტი მიმართავს ფილოსოფიურ თემატიკას და იწყებს მუშაობას ოპერაზე „მხატვარი მატისი“ (1934 წ). „მხატვარი მატისი“ მისი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია, რომელშიც, წინა წლების ნაწარმოებებისგან განსხვავებით, უპირატესობა ენიჭება დიატონიკას, მოდალურ აზროვნებას, არქაულ ინტონაციებს, დამახასიათებელს შუა საუკუნეების გერმანული ფოლკლორის და საეკლესიო მუსიკისთვის, მუსიკალური აზრის განვითარების ვარიაციულ და პოლიფონიურ ხერხებს, რომლებიც შემდგომში განმსაზღვრელი გახდება ჰინდემიტის სტილისთვის.
მხატვარი მატისის თემას ჰინდემიტმა კიდევ ერთხელ მიმართა ამავე პერიოდში და ოპერის ცალკეული ეპიზოდების და თემების გამოყენებით შექმნა სიმფონია მხატვარი მატისი, მაგრამ, ზოგიერთი ანალოგიური ტიპის ნაწარმოებისგან განსხვავებით, ჰინდემიტის სიმფონია ამ ჟანრის სრულფასოვანი ნიმუშია.
სიმფონია მხატვარი მატისის ტრიუმფალური პრემიერის შემდეგ კომპოზიტორი, წინამორბედი პერიოდისგან განსხვავებით, უპირატესობას ე. წ. დიდ სიმფონიას ანიჭებს და ქმნის სიმფონიას in Es, რომელიც ბრამსის და ბრუკნერის სიმფონიზმის ტრადიციებს აგრძელებს.
1937-35 წლებში ჰინდემიტი მუშაობს კომპოზიციის სახელმძღვანელოზე, რომელშიც თეორიულად ასაბუთებს საკუთარ შემოქმედებით მეთოდს და ცდილობს დაასაბუთოს ტონალური, ცენტრალიზებული სისტემის უნივერსალურობა. სამი წლის შემდეგ საკუთარ თეორიას ჰინდემიტი პრაქტიკულად ასაბუთებს და ქმნის საფორტეპიანო პოლიფონიურ ციკლს LUDUS TONALIS (ტონალობათა თამაში), რომელიც გაფართოებული ტონალობის და ტონალობათა ურთიერთობის ჰინტემიტისეულ ვარიანტს ეფუძნება.
შვეიცარიიდან 1940 წელს ჰინდემიტი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც ინტენსიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იელის უნივერსიტეტში, ხოლო 1946 წელს იგი აშშ-ს მოქალაქე გახდა.
ჰინდემიტის მიერ ამერიკაში შექმნილი მსხვილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია 20-იან წლებში დაწერილი ოპერების „კარდილიაკის“ და „დღის სიახლენის“ ახალი რედაქციები, ოპერა და სიმფონია „სამყაროს ჰარმონია“.
50-იან წლებში ჰინდემიტი, თავისი ემიგრანტი კოლეგებისგან განსხვავებით, ბრუნდება ევროპაში და აქ, აგრძელებს ინტენსიურ შემოქმედებით საქმიანობას: ქმნის ბოლო პერიოდის ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა პიტსბურბის სიმფონია, მადრიგალები, მესა და სხვ, აღსანიშნავია, აგრეთეე, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა ციურიხში და სადირიჟორო გამოსვლები ევროპის და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ჰინდემიტი ასრულებდა არა მხოლოდ საკუთარ ნაწარმოებებს, არამედ მისი რეპერტუარი მოიცავდა ავტორთა ფართო ჩამონათვალს ჯოვანი გაბრიელის და კლაუდიო მონტევერდიდან იგორ სტრავინსკიმდე და ლუიჯი დალაპიკოლამდე.
პაულ ჰინდემიტი გარდაიცვალა 1963 წელს მაინის ფრანკფურტში.
ძირითადი ნაწარმოებების სია
- 1912/13 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის d-moll
- 1915 სიმებიანი კვარტეტი №1 C-Dur op.2
- 1915-1916 კონცერტი ჩელოს და ორკესტრისთვის Es-Dur op.3
- 1916 მხიარული სიმფონიეტა op. 4
- 1917 საფორტეპიანო კვინტეტი e-moll, op.7
- 1918 სიმებიანი კვარტეტი №2 f-moll, op.10
- 1918 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის in D op.11 Nr-2
- 1918 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის)in Es op.11 Nr 1
- 1919 მკვლელი, ქალების იმედი, ერთაქტიანი სპექტაკლი, op. 12
- 1919 სონატა ჩელოს და ფორტეპიანოსთვის,op.11 Nr 13
- 1919 სონატა სოლო ვიოლასთვის, op.11 Nr 5
- 1919 სონატა ვიოლას და ფორტეპიანოსთვის, op.11 Nr 4
- 1920 ნუშ-ნუში, ერთაქტიანი ოპერა, op.20
- 1920 სიმებიანი კვარტეტი №3, op. 16
- 1921 სიმებიანი კვარტეტი №4, op. 22
- 1921 წმინდა სუსანა, ერთაქტიანი ოპერა, op. 21
- 1922 დემონი, საცეკვაო პანტომიმა ორ სცენად, op. 28
- 1922 კამერული მუსიკა №1 op. 24a
- 1922 პატარა კამერული მუსიკა ხუთი ჩასაბერი ინსტრუმენტისთვის, op. 24 Nr 2
- 1922 პატარა სონატა ვიოლა დ’ამურის და ფორტეპიანოსთვის, op.25 Nr 2·
- 1922 სიუიტა 1922, ფორტეპიანოსთვის, op. 26
- 1922 სონატა სოლო ვიოლასთვის, op. 25 Nr 1
- 1922 სონატა ვიოლას და ფორტეპიანოსთვის, op. 25 Nr 4
- 1923 კვინტეტი კლარნეტის და სიმებიანი კვარტეტისთვის, op. 30
- 1923 სიმებიანი კვარტეტი op. 32.
- 1923 სონატა სოლო ჩელოსთვის, op. 25 Nr3
- 1923 სონატა სოლო ვიოლასთვის, op.31 Nr 4
- 1924 კამერული მუსიკა №2 ფორტეპიანოს და 12 სოლო ინსტრუმენტისთვის, op. 36 Nr 1
- 1924 სონატა სოლო ვიოლინოსთვის, op. 31 Nr1
- 1924 სონატა სოლო ვიოლინოსთვის, op. 31 Nr 2
- 1925 კამერული მუსიკა №3 ჩელოს და 12 სოლო ინსტრუმენტისთვის, op. 36 Nr 2
- 1925 კამერული მუსიკა №4 სოლო ვიოლინოს და კამერული ორკესტრისთვის, op.36 Nr.3
- 1925 კონცერტი ორკესტრისთვის op.38
- 1925-1926 კარდილიაკი, სამაქტიანი ოპერა, op.39
- 1926 საკონცერტო მუსიკა ჩასაბერებისთვის, op.41
- 1927 კამერული მუსიკა №5 სოლო ვიოლას და კამერული ორკესტრისთვის, op.36 Nr4
- 1927 კამერული მუსიკა № 6 ვიოლა დ’ამურის და კამერული ორკესტრისთვის, op.46 Nr.1
- 1927 კამერული მუსიკა № 7 ორგანის დაკამერული ორკესტრისთვის, op.46
- 1927 წინ და უკან, სკეტჩი მუსიკით, op 45a
- 1928-1929 დღის სიახლენი სამაქტიანი ოპერა
- 1930 საკონცერტო მუსიკა ფორტეპიანოს, სპილენძის ჩასაბერების და არფებისთვის, op.49
- 1930 საკონცერტო მუსიკა სიმებიანების და სპილენძის ჩასაბერებისთვის, op.50
- 1930 საკონცერტო მუსიკა სოლო ვიოლას და კამერული ორკესტრისთვის, op.48
- 1931 უსასრულოდ, ორატორია
- 1932 ფილარმონიული კონცერტი
- 1933-1934 მხატვარი მატისი, სიმფონია
- 1934-1935 მხატვარი მატისი, ოპერა 7 სცენად
- 1935 კონცერტი ვიოლას და ორკესტრისთვის
- 1935 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის in E
- 1936 საფორტეპიანო სონატა № 1
- 1936 საფორტეპიანო სონატა № 2
- 1936 საფორტეპიანო სონატა № 3
- 1936 სამგლოვიარო მუსიკა, ვიოლას და სიმებიანი ორკესტრისთვის
- 1936 სონატა ფლეიტის და ფორტეპიანოსთვის
- 1937 სიმფონიური ცეკვები
- 1937 სონატა ორგანისთვის № 1
- 1937 სონატა ორგანისთვის № 2
- 1937 სონატა სოლო ვიოლასთვის
- 1933 კვარტეტი კლარნეტის, ვიოლინოს, ჩელოს და ფორტეპიანოსთვის
- 1938 სონატა ფაგოტის და ფორტეპიანოსთვის
- 1938 სონატა ფორტეპიანოსთვის ოთხ ხელში
- 1938 სონატა ჰობოის და ფორტეპიანოსთვის
- 1938 უკეთილშობილესი ხილვა, საცეკვაო ლეგენდა ექვს სურათად
- 1939 კონცერტი ვიოლინოს და ორკესტრისთვის
- 1939 სონატა კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის in B
- 1939 სონატა საყვირის და ფორტეპიანოსთვის
- 1939 სონატა სოლო არფისთვის
- 1939 სონატა ვალტორნას და ფორტეპიანოსთვის
- 1939 სონატა ვიოლას და ფორტეპიანოსთვის
- 1939 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის in C
- 1940 კონცერტი ჩელოს და ორკესტრისთვის
- 1940 სიმფონია in Es
- 1940 სონატა ორგანისთვის ძველებური ხალხური სიმღერების მიხედვით
- 1940 თემა ვარიაციებით. ოთხი ტემპერამენტი, ბალეტი
- 1941 სონატა ინგლისური ქარახსის და ფორტეპიანოსთვის
- 1941 სონატა ტრომბონის და ფორტეპიანოსთვის
- 1942 ludus tonalis, ფორტეპიანოსთვის
- 1942 სონატა ორი ფორტეპიანოსთვის
- 1943 ამური და ფსიქეა, უვერტიურა
- 1943 კ. მ. ვებერის თემების სიმფონიური მეტამორფოზები
- 1943 სიმებიანი კვარტეტი № 6 in Es
- 1943 სონატა ვლტჰორნის და ფორტეპიანოსთვის
- 1944 ჰეროდიადა, საორკესტრო რეჩიტაცია
- 1945 კონცერტი ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის
- 1945 სიმებიანი კვარტეტი № 7 in Es
- 1946 როდესაც ეზოში, სახლის წინ ყვაოდა იასამანი, რეკვიემი
- 1946 სერენა, სიმფონია
- 1947 კონცერტი კლარნეტის და ორკესტრისთვის
- 1947 მოულოდნელად დღე გათენდება, კანტატა
- 1943 სეპტეტი ჩასაბერებისთვის
- 1948 სონატა ჩელოს და ფორტეპიანოსთვის
- 1949 კონცერტი ვალტორნის და ორკესტრისთვის
- 1949 კონცერტი ხის ჩასაბერების, არფის და ორკესტრისთვის
- 1949 სონატა კონტრაბასის და ფორტეპიანოსთვის
- 1949/1952 კონცერტი საყვირის, ფაგოტის და სიმებიანი ორკესტრისთვის
- 1949-1950 სინფონიეტა in E
- 1951 სამყაროს ჰარმონია, სიმფონია
- 1951 სიმფონია in B
- 1952 კარდილიაკი (მეორე რედაქცია), ოთხაქტიანი ოპერა
- 1952 სონატა ოთხი ვალტორნისთვის
- 1953/55 გაფრინდით, ანგელოზებო, კანტატა
- 1953-1954 დღის სიახლენი (მეორე რედაქცია), ორაქტიანი ოპერა
- 1955 სონატა ტუბას და ფორტეპიანოსთვის
- 1956-1957 სამყაროს ჰარმონია, ხუთაქტიანი ოპერა
- 1958 ოქტეტი
- 1958 პიტსბუოგის სიმფონია
- 1960-1961 ხანგრძლივი საშობაო ტრაპეზი, ერთაქტიანი ოპერა
- 1962-1963 კონცერტი ორგანის და ორკესტრისთვის
გარდა ამისა:
მრავალრიცხოვანი სიმღერები, გუნდები სხვადასხვა ავტორის ტექსტებზე; მუსიკა თეატრის და კინოსთვის; სხვადასხვა ჟანრის მცირე ფორმის ნაწარმოებები სოლო ინსტრუმენტების და ანსამბლებისთვის