სამყაროს ჰარმონია (სიმფონია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამყაროს ჰარმონიაოპერაზე„სამყაროს ჰარმონია“ჰინდემიტი თითქმის ათი წელი მუშაობდა, მაგრამ მის საბოლოო დასრულებამდე შექმნა ოპერის სიმფონიური ვარიანტი, ანუ „სიმფონია სამყაროს ჰარმონია“, რომელიც (ოპერისგან განსხვავებით) ერთ-ერთი რეპერტუარული ნაწარმოები გახდა.

სიმფონია, მხატვარი მატისის მსგავსად, სამნაწილიანი ციკლია, რომლის თითოეული ნაწილი სამყაროს ჰარმონიის კეპლერისეული კონცეფციის ერთ კომპონენტს განასახიერებს. კეპლერის (და ასევე პითაგორას) თანახმად, სამყარო, ჰარმონიის ერთიან უნივერსალურ კანონს ექვემდებარება და, შესაბამისად, მისი ყველა შემადგენელი ნაწილიც ჰარმონიულ ურთიერთობას უნდა ექვემდებარებოდეს. აქედან გამომდინარე, კეპლერის თანახმად, სამყაროს ჰარმონია სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება. პირველი – ესაა ყველაზე რეალურად მჟღერი მუსიკა, Musica instrumentalis, ყველაზე დაბალი შრე; მეორე – ის ჰარმონიაა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს განასახიერებს და რომლის ხმოვანება რეალურად არ ისმის – Musica humana; და მესამე – თვით სამყაროს ჰარმონიაა, რომელიც ციური სხეულების მოძრაობას განაგებს; ანუ Musica mundana. ამრიგად, სამყაროში არსებული სამი ტიპის ჰარმონიული ურთიერთობების შესაბამისად, ნაწარმოები იყოფა სამ ნაწილად.

პირველი ნაწილი იწყება ნელი, პირქუში შესავლით, რომელიც ოპერის შესავალს შეესაბამება და კომპოზიტორისთვის ტიპურ თემა-თეზისს წარმოადგენს. შესავალში საწყისი თემა-თეზისი ცამეტჯერ მეორდება ბგერათსიმაღლივი თვალსაზრისით უცვლელად, მაგრამ მუდმივად განახლდება მისი ტემბრული სახე. შესავალს მოსდევს ენერგიული, საზეიმო მთავარი პარტია, რომელიც ექსპოზიციაშივე ვითარდება. მას უპირისპირდება კონტრასტული დამხმარე თემა. თემების ამგვარი დაპირისპირება უჩვეულოა ჰინდემიტის სიმფონიებისთვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არა აქვს ადგილი თემების კონფლიქტურ ურთიერთობას – ამ ნაწილში არსად გეხვდება თემების ურთიერთქმედება, რადგან, ჰინდემიტის აზროენების თავისებურებიდან გამომდინარე, სონატურობა მასთან ოპოზიციურობის პრინციპზე დაფუძნებული ფორმა კი არაა, არამედ რომელიღაც სხვა ფორმასთან ერთად არსებული სტრუქტურა: უფრო მეტად სქემა, ვიდრე „ცოცხალი ორგანიზმი“. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს „სამყაროს ჰარმონიის“ პირველ ნაწილში დამუშავების ნაცვლად ორმაგი ფუგის გამოყენებას.

მეორე ნაწილი (Musica humana) პირეელის დამხმარე პარტიის სახეობრივ სფეროს აფართოებს. აქაც გამოყენებულია განვითარების პოლიფონიური ხერხები, განსაკუთრებით სამნაწილიანი ფორმის შუა ეპიზოდში.

სიმფონიას აგვირგვინებს ფინალი – ერთ თემაზე დაწერილი გრანდიოზული პასაკალია და ფუგა. პასაკალია, რომელიც მასშტაბით ფუგას ბევრად აღემატება პრელუდიის ფუნქციას ასრულებს. ფინალის საერთო ჟღერადობა არქაულობის ნიშნებს ატარებს და კიდევ ერთხელ ააშკარავებს კომპოზიტორის გენეტიკურ კავშირს გრიგორისეულ ქორალთან. ამავდროულად, საკმაოდ მკაფიოა შედარებით ახლო კავშირებიც – გვიანი ბეთჰოვენი და ბრამსი.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები