მხატვარი მატისი (სიმფონია)
მხატვარი მატისი – (გერმ. Mathis der Mal), გერმანელი კომპოზიტორის პაულ ჰინდემიტის სიმფონია. ჰინდემიტმა სიმფონიის შექმნისას გამოიყენა მუსიკალური თემები და ეპიზოდები მის მიერ შემნილი ამავე სახელწიდების ოპერიდან.
სამნაწილიანი სიმფონიის თითოეული ნაწილი გრუნევალდის მიერ შექმნილი იზენჰაიმის კარედის ერთ-ერთი ნაწილის მუსიკალურ-ფილოსოფიური ვერსიაა: ანგელოზების კონცერტი, საფლავად დადება და წმინდა ანტონიუსის ცდუნება.
სიმფონიის პირეელ ნაწილს წინ უსწრებს შესავალი, რომელსაც საფუძველად უდეეს ოპერა მხატვარი მატისის ლაიტმოტივი, ხალხური თემა სამი ანგელოზი გალობდა. საკუთრივ სონატური ფორმის თემები საკმაო თავშეკავებულობით და სიდინჯით, მუსიკალური ქსოვილის გრაფიკულობით და განვითარების პოლიფონიურობით ხასიათდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სონატური ფორმა და მისთვის დამახასიათებელი ბინარული ოპოზიციურობა არაა დამახასიათებელი ჰინდემიტის აზროვნებისთვის, რის გამოც სიმფონიის პირველ ნაწილშიც ჭარბობს გადმოცემის ექსპოზიციური ტიპი და კონცერტირების პრინციპი.
მეორე ნაწილი – საფლავად დადება – მთელი ციკლის ლირიკულ-ფილოსოფიური ცენტრია. სიმებიანების საწყისი ელეგიური თემა განვითარების პროცესში განიცდის დრამატიზაციას, თანდათანობით ხდება უფრო ექსპრესიული, რაც მიიღწევა შემცირებული კილოს, ლინეარული განვითარების შედეგად წარმოებული დისონირებული თანხმოვანებების ფართო გამოყენებით. თუმცა, ნაწილის ბოლოს დაძაბულობა მკვეთად კლებულობს და იგი მთავრდება Cis-dur სამხმოვანებით.
სიმფონიური ციკლის ყველაზე აქტიური, ქმედითი და გამომსახველი ნაწილია მისი ფინალი – წმინდა ანტონიუსის ცდუნება. აქ კომპოზიტორის მიერ საორკესტრო ხერხებით ოსტატურადაა გადმოცემული გრუნევალდის ფერწერის ხატოვანება და დინამიკა. სიმფონიის ამ ნაწილის თეატრალიზებული დემონური შინაარსი, გარკვეული თვალსაზრისით, მოგვაგონებს ანალოგიურ სახეებს რომანტიკოსების შემოქმედებაში. აქვე, ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ 30-იანი წლების შემდგომ ჰინდემიტის მრავალ ნაწარმოებში შეინიშნება გარკვეული კავშირები ახლო წარსულთან, რომანტიზმთან, რაც წინა პერიოდში მის მიერ პრინციპულად იყო უარყოფილი. სტილური ორიენტაციის ასეთმა შეცვლამ, მისმა შერბილებამ მნიშენელოვანი გავლენა მოახდინა ნაწილის არქიტექტონიკაზეც: ჰინდემიტისთვის ტიპური მკაცრი სტრუქტურული ლოგიკა შეიცვალა თავისუფალი, გამჭოლი ფორმით, რომელიც (ნაწილის საერთო შინაარსიდან გამომდინარე) ძირითადი თემების მრავალფეროვან გარდაქმნას ეფუძნება. ფინალის ბოლოს, ბოროტი ძალების დამარცხების სიმბოლოდ ჟღერს ფსალმოდია, აგებული თომა აქვინელის საგალობლის მოტივზე LAUDA SION SALVATOREM, რომელიც განვითარების პროცესში ჰიმნური ხასიათის ხდება.