პანტომიმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანტომიმა − (ბერძნ. panto – ყველაფერი და mimos – მიბაძვა) – თანამედროვე გაგებით, სასცენო ხელოვნების სახეობა, რომელშიც მხატვრული სახე და მოქმედების შინაარსი გადმოიცემა მსახიობის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით.

პანტომიმა ერქვა საცეკვაო წარმოდგენას ძველ რომში, სადაც შინაარსი და ემოციები გადმოცემული იყო ჟესტით და პლასტიკით, სიტყვების გარეშე. პანტომიმური ხელოვნება განვითარდა უძველესი სინკრეტული თეატრის ცეკვებიდან (ტოტემიზმის ხანა), როცა მოცეკვავეები ერთდროულად, მუსიკოსებიც იყვნენ და მომღერლებიც. სიმღერის ცეკვისგან გამოყოფამ, უფრო მნიშვნელოვანი გახადა პლასტიკა და ჟესტი.

მიმიკური ცეკვის პირველი აღწერილობა, სადაც ასახულია დიონისეს და არიადნას ქორწინება, შემორჩენილია ქსენოფონტეს თხზულებებში (მე-5 ს. ძვ.წ.). ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში სიტყვა „პანტომიმა“ უკვე ბალეტს აღნიშნავდა, როცა მას ნიღბების გამოყენებით წარმოადგენდნ ასეთ პანტომიმას ასრულებდა ერთი მსახიობი და თვით მოქმედების მსვლელობის დროს იცვლიდა ნიღბებს. მის თამაშს ფონს უქმნიდა ქორო, რომელიც სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით, მაყურებელს მოუთხრობდა პიესის შინაარს პანტომიმის სიუჟეტები ძირითადად აგებული იყო ტრაგიკული მოვლენების ირგვლივ, თუმც ზოგჯერ ადგილი ეთმობოდა ეპოსსაც დასაწყისში მისი შემსრულებლები იყვნენ მხოლოდ მამაკაცები. მასში ქალების მონაწილეობა დაუშვეს მე-3-4 სს. ჩვ. წ.-ით. მას მე-5 ს. ჩათვლით უპირატესობა ეძლეოდა ყველა სხვა ჟანრთან შედარებით. პანტომიმის ისტორია გადმოცემულია ლუკიანეს ტრაქტატში „ცეკვის შესახებ“ (მე-2ს. ახ.წ.) და ლიმანიუსის თხზულებაში „მოსაზრებანი მოცეკვავეთა შესახებ“ (მე-4 ს. ახ.წ.).

შუასაუკუნეებში პანტომიმის ხელოვნება თუმც დაკნინდა, მაგრამ მაინც შენარჩუნებულ იქნა მოხ-ტიალე მსახიობების მიერ (ჰისტრიონები, ჟონგლიორები, მიმები, სკომოროხები და სხვ.). იგი სრულიად ახალი ფორმით გამოყენებულ იქნა კომედია დელ’არტეში (მე-16-18 სს.), როგორც წარმოდგენის აუცილებელი ელემენტი, მაგრამ არა საცეკვაო.

მე-19 ს. მიწურულში პანტომიმა ძირითადად ფიგურირებდა მიუზიკ-ჰოლებში. საფრანგეთში ჩამოყალიბდა ე.წ. მარსელის სკოლა ლ. რუფოს ხელმძღვანელობით. ინგლისში პანტომიმის ტრადიციები აღადგინეს დ. ლეინომ და ლ. ტიჩმა. ფ. კარნოს დასში თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჩ. ჩაპლინმა. მე-20 ს. დასაწყისში გერმანიის ბევრმა რეჟისორმა და ბალეტმეისტერმა დიდი ყურადღება დაუთმო პანტომიმის ხელოვრებას (გ. ფუქსი, მ. რეინჰარდტი, ე. ჟაკ-დალკროზი, მ. ვიგმანი და სხვ.).

მე-20 ს. 10-იან წწ. წარმოიშვა ახალი სახეობა დრამატული პანტომიმა. ამ მიმართულებით აღრესად საინტერესო ძიებები განახორციელეს კ. მარჯანიშვილმა („ცრემლები“), ნ. ევრეინოვმა („სუმურუნი“), ვ. მეიერხოლდმა („კოლომბინას თავშალი“), ა. თაიროვმა („პიერეტას გადასაფარებელი“). ცალკეულ სპექტაკლებში პანტომიმის საკუთარ ხელოვნებას უჩვენებდნენ ა. კოონენი და ნ. წერეთელი. პანტომიმის რუსული სკოლისთვის დამახასიათებელი იყო ემოციურობა და ფსიქოლოგიზმი.

ისევე როგორც საერთოდ ლიტერატურა და თეატრი, პანტომიმაც გამოხატულია სხვადასხვა ჟანრით თუ სახეობით: მითი, ტრაგედია, დრამა, ნოველა, პამფლეტი, ზღაპარი, პოემა (და ა.შ.). მას შეიძლება ჰქონდეს საესტრადო მინიატურის სახე, მაგრამ ასევე შესაძლებელია იყოს დრამატურგიული სიუჟეტის მქონე რამდენიმე აქტიანი წარმოდგენა მრავალრიცხოვანი მონაწილეებით. როგორც დასრულებული ეპიზოდი, იგი ხშირად არის ჩართული დრამატულ, საოპერო წარმოდგენებში, ბალეტში, ცირკში. პანტომიმის მსახიობს უნარი შესწევს არა მარტო ასახოს ესა თუ ის ცხოვრებისეული სიტუაცია, არამედ მიაღწიოს მნიშვნელოვან ფილოსოფიურ განზოგადებას (ბაროს „ცხენი“, მარსოს „ნიღბები სახელოსნოში“, ფიალკას „ადამიანის ცხოვრება“, ლიგერის „იდეა“ და სხვ.), შეასრულოს რამდენიმე როლი, გაითამაშოს მთელი პიესა (მარსოს „დავითი და გოლიათი“, ინდოელი მოცეკვავის, კუნჯუ კურუპას „სპილო და მახრჩობელა“ და სხვ.), პლასტიკური გამომსახველობის საშუალებით შეუძლია ითამაშოს მცენარე (ინდოელი მოცეკვავე გოპინატჰი), ხე (ჩეხი მსახიობის ფიალკას „ხის ცხოვრება“), ფრინველი, ცხოველი; შექმნას ქარის, წვიმის, ქარიშხლის ილუზია (და ა.შ.).

პანტომიმას ზოგჯერ ახლავს მუსიკა, რიტმის ფონი, სიმღერა და თვით დეკლამაციაც კი. ასეთი თანხლება განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გავრცელებული (ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, იაპონია და სხვ.). უძველესი დროიდან მოყოლებული, ამ ქვეყნებში პანტომიმა თეატრალური წარმოდგენის ძირითადი სახეობაა. შემსრულებლებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული ჟესტების და სხეულის მოძრაობის სისტემა (მუდრა და სხვ.), რაც აზიის ქვეყნებში დღემდეა შემორჩენილი.

თანამედროვე პანტომიმის ხელოვნება ძირითადად ორი სახით არის წარმოდგენილი: მიმის ხელოვნება (თეორიულად და პრაქტიკულად შემუშავებულია ე. დეკრუს მიერ, ბაროს და მარსოს მონაწილეობით), სადაც მოქმედებს მხოლოდ ერთი მსახიობი. მეორე სახეობაა წარმოდგენა თეატრის ყველა აქსესუარის გამოყენებით (შემსრულებელთა რაოდენობა, მუსიკა, სცენოგრაფია და ა.შ.) საქართველოში 70-იანი წლებიდან არსებობს პანტომიმის თეატრი ა. შალიკაშვილის ხელმძღვანელობით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები