სკრიაბინი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე სკრიაბინი – (25 დეკემბერი 1871 (6 იანვარი 1872), მოსკოვი – 14 აპრილი 1915, იქვე), რუსი კომპოზიტპორი და პიანისტი.

დაიბადა დიპლომატის ოჯახში, დედა პიანისტი იყო. 1892 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ვ. საფონოვის საფორტეპიანო კლ.), კომპოზიციას ასწავლიდნენ ს. ტანეევი და ა. არენსკი). 1895-96 კონცერტებს მართავდა რუსეთის ქალაქებსა და ევროპის ქვეყნებში (განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა საკუთარ საფორტეპიანო ნაწარმოებებს). 1898-1903 მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი იყო (საფორტეპიანო კლასი), 1904-09 ალექსანდრე სკრიაბინი ცხოვრობდა შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. შემოქმედებით მუშაობას უთავსებდა საკონცერტო მოღვაწეობას ევროპასა და ამერიკაში. 1910-იდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოსკოვში.

ალექსანდრე სკრიაბინის შემოქმედება ორი საუკუნის მიჯნის მსოფლიო მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენაა. რუს კლასიკოს კომპოზიტორთაგან ალექსანდრე სკრიაბინი ყველაზე მეტადაა დაკავშირებული დასავლეთ ევროპის რომანტიზმის (შოპენი, ლისტი, ნაწილობრივ, ვაგნერი) ტრადიციებთან. მისი საუკეთესო ქმნილებები ღრმად ემოციურია და მაღალი მხატვრულ-ესთეტიკური თვისებებით არის აღბეჭდილი. 'ალექსანდრე სკრიაბინის მუსიკალური ენა რთულია, ფილოსოფიური მსოფლმხედველობა − ბუნდოვანი. ნოვატორმა კომპოზიტორმა შექმნა თავისი ბგერითი სამყარო, მხატვრულ სახეთა და გამომსახველ. ხერხთა სისტემა. ალექსანდრე სკრიაბინის შემოქმედებითი მოღვაწეობა მთლიანად გაიშალა საფორტეპიანო და სიმფონიური მუსიკის ჟანრებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ორიგინალურია მისი საფორტეპიანო ნაწარმოებები: პრელუდიები, ეტიუდები, პოემები, 10 სონატა (1892-1913), კონცერტი(1897) და სხვ. ალექსანდრე სკრიაბინს შექმნილი აქვს 3 სიმფონია (I − 1900, II − 1902, III − „ღვთაებრივი პოემა“ –1904), ერთნაწილიანი სიმფონიური პოემები („ექსტაზის პოემა“ – 1907 და „ცეცხლის პოემა“ ანუ „პრომეთე“ 1910), დაუმთავრებელი „მისტერია.“ სკრიაბინის სიმფონიური ქმნილებები გამოირჩევა მონუმენტურობით, ზოგჯერ დეკორაციულობით, ფართო დინამიკური ამპლიტუდით – უფაქიზესი პიანოდან – გრანდიოზულ კულმინაციამდე. სკრიაბინმა გაზარდა ორკესტრის შემადგენლობა, შეიყვანა მასში ორგანი, ზარები, „პრომეთეში“ კი გუნდი და სინათლის სპეციალური პარტია (მხატვრულ ხერხთა სინთეზის პირველი შემთხვევა). სკრიაბინის სიმფონიური მუსიკის შედევრებია „ექსტაზის პოემა“ და „პრომეთე“. სკრიაბინის შემოქმედებამ საგრძნობი გავლენა მოახდინა XX ს. საფორტეპიანო და სიმფონიურ მუსიკაზე. შემდგომი განვითარება პოვეს მუსიკისა და სინათლის სინთეზის იდეებმა. მოსკოვში (1922-იდან) არსებობს სკრიაბინის სახლ-მუზეუმი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები