ორკესტრი
ორკესტრი – (ბერძ. orchestra – ძველ ბერძნულ თეატრში - ადგილი სცენის წინ), მუსიკოსთა დიდი კოლექტივი, რომლის წევრები უკრავენ სხვადასხვა საკრავებზე და ერთდროულად ასრულებენ მოცემული შემადგენლობისათვის დაწერილ ნაწარმოებს. ორკესტრის უმაღლესი ფორმაა სიმფონიური ორკესტრი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სიმებიანი, ხისა და ლითონის ჩასაბერი და დასარტყმელი საკრავები. გავრცელებულია ერთგვაროვანიორკესტრებიც, სიმებიანი ოორკესტრი, სასულე ორკესტრი, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, საესტრადო ორკესტრი., ჯაზ-ორკესტრი, კამერული ორკესტრი, სიმფონიური ხორკესტრი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ XVI-XVII სს. მიჯნაზე, XVIII ს. II ნახევარში განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. ჰაიდნმა დაადგინა ე. წ. კლასიკური (მცირე) სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობა: სიმებიანი კვარტეტი (I და II ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი), სასულე საკრავთა ჯგუფი (ორ-ორი ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი) და ტიმპანები. XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა ე.წ. დიდი სიმფონიური ორკესტრი., რომელშიც კლასიკურ სიმფონიურ ორკესტრს დაემატა 2 ვალტორნა, 2 ან 3 ტრომბონი და ტუბა.
საქართველოში ორკესტრი პირველად შეიქმნა XIX ს. II ნახევარში. საოპერო თეატრის გახსნის შემდეგ (1851). მისი ორკესტრი სიმფონიურ კონცერტებსაც მართავდა. მოყვარულთა ორკესტრი შეიქმნა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში (1869), სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ქუთაისში (კამერული და სამხედრო ორკესტრები, 1851). 1883 „რუსული მუსიკალური საზოგადოების“ თბილისის განყოფილების გახსნის შემდეგ რეგულარულად იმართებოდა სიმფონიური კონცერტები (დირიჟორი მ. იპოლიტოვ-ივანოვი). 1924 „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმებიანი ორკესტრის საფუძველზე ჩამოყალიბდა დიდი სიმფონიური ორკესტრი რომელსაც სათავეში ჩაუდგა ი. ფალიაშვილი. ამ და კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრს საფუძველზე ე. მიქელაძის თაოსნობით 1933 ჩამოყალიბდა სიმფონიური ორკესტრი (საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი). 1929-30 საქართველოში ჩამოყალიბდა რადიოს სიმფონიური ორკესტრი, რომელიც არსებობდა 2004-მდე. 1993 ჯ. კახიძის თაოსნობით დაარსდა „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“.
მ. ჩიჯავაძე