ძველბერძნული თეატრი
ძველბერძნული თეატრი – ბერძნული დრამა და თეატრი აღმოცენდა ღვთაება დიონისეს პატივსაცემად გამართულ სოფლის დღესასწაულებზე, რომელსაც საფუძვლად ედო უძველესი სამიწათმოქმედო წეს-ჩვეულება, დაკავშირებული ზამთრის კვდომასა და ბუნების საგაზაფხულო აღორძინებასთან. დითირამბები და ფალიკური სიმღერები, რომელსაც ამ დღესასწაულებზე ასრულებდა სადღესასწაულოდ მორთული გუნდი (ქორო), სიმღერის წამომწყებით და საყოველთაო ცეკვა-თამაშით, უკვე შეიცავდა დიალოგს და მარტივი თეატრალური ქმედების ელემენტებს. არისტოტელე „პოეტიკაში“ (თ.4) განმარტავს, რომ ტრაგედია და კომედია წარმოშვა იმპროვიზაციამ და რომ ტრაგედიას საფუძველი ჩაუყარეს დითირამბის სიმღერის წამომწყებებმა, ხოლო კომედიას – ფალიკური სიმღერის წამომწყებებმა.
გუნდს (ქოროს), რომელიც ელინიზმის ეპოქის ჩათვლით, დრამის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო, უკვე მე-6 საუკუნის ძვ.წ. მე-2 ნახევარში გამოეყო განსაკუთრებული შემსრულებელი – მსახიობი, თავად დრამატურგი იმპროვიზაცია შეცვალა მსახიობის და ქოროს როლის ზუსტმა ფიქსაციამ.
მე-5 ს. ძვ.წ., მონათმფლობელური დემოკრატიის ხანაში, უკვე იშვა დიდი ბერძნული დრამატურგია ტრაგიკოსების ესქილეს, სოფოკლეს და ევრიპიდეს, კომედიოგრაფ არისტოფანეს სახით.
სარჩევი[დამალვა] |
ძველბერძნული თეატრის არქიტექტურა
ანტიკური თეატრის ხალხურობამ განაპირობა მისი ორგანიზაციისა და მოწყობის თავისებურება. ძველბერძნული თეატრი შედგებოდა სამი ძირითადი ნაწილისაგან: ორქესტრა (ზმნიდან – ვცეკვავ), თეატრონი (ზმნიდან – ვუყურებ) და სკენე (კარავი). ანტიკური თეატრი იტევდა უამრავ მაყურებელს (მაგ. ათენის თეატრი – 17000-მდე).
ორქესტრა იყო მრგვალი მოედანი, განკუთვნილი ქოროსა და მსახიობთათვის პირველხანად მაყურებელი განთავსებული იყო ორქესტრას ირგვლივ. სკენე, დასაწყისში, გამოყენებული იყო მსახიობთა გადაცმისათვის. სკენეს წინა ნაწილი – პროსკენე, გამოყენებული იყო დეკორატიული გაფორმებისათვის. შემდგომში სკენეს ნაგებობას ორივე მხრით მიაშენეს პარასკენეები. სკენესა და მაყურებელთა ადგილებს შორის, ორივე მხარეს იყო გასასვლელი, ე.წ. პაროდები, საიდან ორქესტრაზე გამოდიოდა ქორო და ის მსახობები, რომლებიც პიესის მიხედვით ჩამოვიდნენ სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან.
თეატრალური წარმოდგენების ორგანიზაბა
თეატრალური წარმოდგენების ორგანიზაცია ძველ საბერძნეთში ევალებოდათ მაღალი თანადებობის პირებს – არქონტებს. ქოროს მომზადების და შენახვის ხარჯი, როგორც საპატიო მოვალეობა, დაკისრებული ჰქონდათ მდიდარ მოქალაქეებს, რომლებიც იღებდნენ ქორეგის წოდებას დრამატურგის და მსახიობის მოღვაწეობა ბერძნულ საზოგადოებაში დაფასებული იყო ზოგიერთი დრამატურგი თუ მსახიობი (მე-5-4 სს. ძვ.წ.) იკავებდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თანამდებობას, მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
სპექტაკლების გამართვა დაკავშირებული იყო დიონისობის სამ დღესასწაულთან – მცირე ანუ სასოფლო დიონისობა (დეკემბერ-იანვარში ჩვ კალენდრის მიხედვით); ლენეობებზე (იანვარ თებერვალში); დიდი ანუ საქალაქო დიონისობა (მარტი-აპრილი). წარმოდგენები ატარებდა შეჯიბრის ხასიათს – დასაწყისში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დრამატურგები (პიესების კონკურსი) და ქორეგები (ქოროების კონკურსი). მე-5 ს. მე-2 ნახევრიდან მოყოლებული, შეჯიბრში მონაწილეობდნენ წამყვანი მსახიობებიც (პროტაგონისტები). შეჯიბრში მონაწილეობდა სამი დრამატურგი, რომლებსაც ქორეგებს და პროტაგონისტებს უნიშნავდა არქონტი. შეჯიბრების შედეგები აღიბეჭდებოდა სპეციალურ ფირფიტებზე – დიდასკალიებზე.
მსახიობები ძველბერძნულ თეატრში
ძველბერძნულ თეატრში ქალების როლებს ასრულებდნენ მამაკაცები. ერთი და იგივე მსახიობი პიესაში ასრულებდა რამდენიმე როლს. მუსიკალურ ნაწილს დიდი ადგილი ეკავა. მსახიობებს მოეთხოვებოდათ არა მხოლოდ ლექსების წარმოთქმა, არამედ ცეკვაც და სიმღერაც.
ბერძენ მსახიობებს ეკეთათ ნიღბები, რომლებსაც იცვლიდნენ როლების მიხედვით, ზოგჯერ კი ერთსა და იმავე როლშიც, თუკი პერსონაჟის ცხოვრებაში მოხდებოდა მკვეთრი ცვლილება. ნიღბის აუცილებლობა გაპირობებული იყო მააკაცების მიერ ქალების როლის შესრულებით და ბერძნული თეატრის უზარმაზარი მოცულოით. უნიღბოდ პერსონაჟის სახის გამომეტყველებას მაყურებელი ვერ დაინახავდა. სიმაღლის მოსამატებლად მსახიობები იყენებდნენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს – კოტურნებს. ტრაგიკოსი მსახიობების კოსტიუმები, მდიდრულად მორთული მრავალფეროვანი ნაქარგებით, ძალიან წააგავდა ბრწყინვალე სამოსს, რომელსაც იცვამდნენ დიონისეს ქურუმები რელიგიური ცერემონიების დროს. მსახიობებს გრძელ ქიტონზე ზემოდან ეცვათ წამოსასხამი. კომედიაში ქალის როლის შემსრულებლებს, როგორც ჩანს, ეცვათ ჩვეულებრივად. მამაკაცის კომიკური როლის შემსრულებლებს ეცვათ მოკლე, უხეში ქურთუკი, ზოგჯერ წამოსასხამიც და ხელში ეჭირათ ბუტაფორული ფალოსი.
ძველი ბერძენი დრამატურგები
ესქილე
ესქილემდე (525-456 ძვ.წ.) ტრაგედიებში მოქმედება ჯერ კიდევ სუსტად იყო გამოკვეთილი. ესქილემ, რომელიც იყო ავტორი ჰეროიკულ-პატრიოტული პიესებისა, სადაც აღძრული იყო დიდი მასშტაბის ისტორიული, რელიგიური და ფილოსოფიური საკითხები, თავის ტრაგედიებში შეიყვანა მეორე მსახიობი (დევტერაგონისტი), რითაც ხელი შეუწყო ტრაგიკული კონფლიქტის უფრო ღრმად დამუშავებას და წარმოდგენის ქმედითი ნაწილის გაძლიერებას. დევტერაგონისტის შემოყვანამ დიალოგიც უფრო განავითარა ესქილე თავად იყო თავის ტრაგედიების მთავარი შემსრულებელი, რაც მისგან მოითხოვდა შეექმნა ტიტანურად მონოლითურ-გმირული სახეები.
ქორო ესქილეს ტრაგედიებში შედგებოდა 12 კაცისაგან და ღრმად იყო ჩართული მოქმედებაში. მის ადრეულ ტრაგედიებში ქოროს პარტიები შეადგენს პიესის თითქმის ნახევარს. მოგვიანებით, ქოროს როლი საგრძნობლად შემცირდა. ესქილეს დადგმები გამოირჩეოდა ბრწყინვალებით და ახლდა ზოგიერთი სამაყურებლო ეფექტები (საზეიმო შემოსვლა ეტლებით, პროცესიები და სხვ.). ესქილეს დროს გამოიკვეთა ტრაგედიის კლასიკური წყობა და ტრაგედიის წარმოდგენის წესი.
სოფოკლე
ბერძნულ-სპარსული ომების დასრულებას მოჰყვა ათენური დემოკრატიის მძლავრი აღმავლობა, რამაც განაპირობა ბერძნული კულტურის განვითარების ახალი პერიოდის წარმოშობა. სოფოკლეს და ევრიპიდეს მოღვაწეობა იყო მომდევნო ეტაპი ბერძნული თეატრის განვითარებაში. თუკი ესქილესთან ღმერთები, თუნდ უხილავად, მაგრამ მაინც პირველ პლანზე იმყოფებოდნენ, სოფოკლეს ტრაგედიებში ცენტრალური ფიგურა არის ადამიანი, მთელი მისი სულიერი სამყაროთი, განცდებით, ფიქრებით, ვნებებით, გრძნობებით. სოფოკლეს ტრაგედიებში ასახულია ანტიკური მონათმფლობელური დემოკრატიის გაფურჩქვნის ხანის მოქალაქეობრივი და ზნეობრივი იდეალები. არისტოტელეს მოწმობით (პოეტიკა, თ. 25), სოფოკლე თვითონ ამბობდა, რომ იგი გვიხატავს ადამიანებს ისეთებად, როგორებიც ისინი უნდა იყვნენ. ევრიპიდესთან კი ადამიანები ასახულია ისეთებად, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. სოფოკლეს ტრაგედიების ჰუმანისტურმა პათოსმა, ადამიანის პიროვნული თვისებებით და სულიერი განცდებით დაინტერესებამ, გამოიწვია თეატრალური წარმოდგენის კიდევ უფრო მეტი დრამატიზირება, რასაც მოჰყვა მოქმედებაში მესამე მსახიობის (ტრიტაგონისტი) ჩართვა, ქოროს როლის შემცირება (მიუხედავად იმისა, რომ ქორევტების რიცხვი გაიზარდა 15-მდე) და ტრაგედიის დიალოგური ნაწილის ზრდა სოფოკლეს სახელთან დაკავშირებულია ფერწერული დეკორაციების გამოყენებაც. ყოველივე ამან სოფოკლეს ტრაგედიებს შესძინა სცენურობა და ცხოველმყოფელობა. ამასვე ხელი შეუწყო უფრო რთული პერიპეტიების და შეტყობინებების გამოყენებამ, ვიდრე ეს ესქილესთან იყო. მაგრამ ამასთანავე, სოფოკლემ უარი თქვა იმ ეფექტების გამოყენებაზე, რომლითაც სარგებლობდა ესქილე – მეფეების საზეიმო შემოსვლები ეტლებით, აჩრდილები (და ა.შ.).
ევრიპიდე
ევრიპიდეს შემოქმედებაში აისახა პელოპონესის ომით გამოწვეული ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციები და ანტიკური პოლისის კრიზისის დასაწყისი. მის ტრაგედიებში ჰეროიკული თემა ქვეითდება, სამაგიეროდ კიდევ უფრო ძლიერდება ყურადღება ადამიანის შინაგანი სამყაროს და მის ირგვლივ არსებული გარემოს მიმართ. მითი ევრიპიდესთვის ხდება საკუთარი შეხედულებების გამოთქმის საბაბი. ემოციური ზემოქმედების და ამასთანავე სანახაობითი მხარის გასაძლიერებლად, ევრიპიდეს თავის ტრაგედიებში შეაქვს სიკვდილის, ფიზიკური ტანჯვის, შეშლილობის სცენები. თავის ტრაგედიებში ევრიპიდე ფართოდ იყენებდა მონოდიებს, ანუ მსახიობთა სოლო არიებს. შედეგად, გმირთა განცდები გადმოიცემოდა არა მარტო სიტყვით, არამედ მუსიკითაც. ქორომ კი მის დრამებში დაკარგა ის მჭიდრო კავშირი მოქმედებასთან, რაც დამახასიათებელი იყო სოფოკლესათვის.
არისტოფანე
ძველმა ატიკურმა კომედიამ საუკეთესო გამოხატულება ჰპოვა არისტოფანეს შემოქმედებაში (დაახლ. 446-385 ძვ.წ.). მან თეატრი აქცია პოლიტიკურ ტრიბუნად, სადაც ამკვიდრებდა ძველი ათენური დემოკრატიის იდეალებს. არისტოფანემ ასახა მკაფიო სოციალური ტიპები: გაიძვერა დემაგოგი, ხალხის მოტყუებით გამდიდრებული; სოფისტი-ფილოსოფოსი, რომელსაც დაბნეულობის გარდა აზროვნებაში ვერაფერი შემოაქვს (და სხვ.).
კომედიის წარმოშობამ დიონისეს სოფლის დღესასწაულებიდან, რამდენადმე განსაზღვრა მისი გამომსახველობითი მხარე. მასში ბევრი რამ შენარჩუნდა ატიკური კომმოსიდან: ქოროს დაყოფა ორ ნახევარქოროდ (კომედიაში მათი რიცხვი შეადგენდა 24-ს), აგონი (პერსონაჟების სიტყვიერი პაექრობა, ხშირად ხელჩართულ ჩხუბში გადაზრდილი); პარაბასა (ქოროს მიმართვა მაყურე- ბლისადმი); პოლიტიკური სატირა, ატიკური სამხიარულო-დამცინავი სიმღერების მსგავსი. არისტო- ფანეს კომედიები აღსავსე იყო მახვილგონივრუ- ლი დიალოგებით, ცხოვრებისეული კომიკური სცენებით, ბუფონადით.
ტრაგედიებისა და კომედიების გარდა, ბერძნულ თეატრში იდგმებოდა, აგრეთვე, სატირების დრამები მითოლოგიური შინაარსის მხიარული პიესები, რომელშიც ქორო აუცილებლად შედგებოდა დიონისეს მხლებელი სატირებისაგან. სიუჟეტურად დაკავშირებული სამი ტრაგედია (ტრილოგია) და ერთი სატირების დრამა ქმნიდა ერთიან სპექტაკლს (ტეტრალოგია).
დეკორაციები
დრამატურგიის განვითარება განსაზღვრავდა ბერძნული თეატრის სადადგმო ტექნიკის ევოლუციას. ესქილეს ადრეულ ტრაგედიებში დეკორაციები იქმნებოდა დიდი მოცულობის ხის მასალისაგან (დიდი საკურთხეველი თორმეტი ღვთაება-კერპის გამოსახულებით ტრაგედიაში „მავედრებელნი“, დარიოს მეფის აკლდამა „სპარსელებში“, კლდის გამოსახულება „მიჯაჭვულ პრომეთეში“). სოფოკლემ გამოიყენა მოხატული დეკორაციები, რაც საშუალებას იძლეოდა პროსკენე გარდაქმნილიყო სასახლის ან ტაძრის ფასადად (და ა.შ.).
ზოგიერთ კომედიაში მოქმედება გადატანილი იყო ერთი ადგილიდან მეორეში (მაგ. ქალაქიდან სოფელში, მიწის ზედაპირიდან მიწისქვეშეთში და ა.შ.), ამასთანავე, თეატრში ისინი გვერდიგვერდ იყო განთავსებული. სავარაუდოა, რომ პროსკენეს ცალკეული ნაწილები ამ დანიშნულებითაც იყო გამოყენებული.
ბერძნული დრამატურგიის შინაარსი მოითხოვდა თეატრალური მანქანების გამოყენებას. ამ მიზნით შეიქმნა ეკიკლემა – გამოსაგორებელი მოედანი, რომლის დახმარებით მაყურებელი იგებდა რა ხდება ან უკვე მოხდა შენობის შიგნით (მაგ. ტრაგედიებში მკვლელობის სცენები); თავისი დანიშნულება ჰქონდა ეორემას – ამწე მანქანას, რომლის დახმარებით ღმერთები და მითოლოგიური გმირები მოულოდნელად ერთვებოდნენ მოქმედების მსვლელობაში.
ელინისტური ეპოქის ბერძნული თეატრი
ელინისტური ეპოქის ბერძნული თეატრი (3-1 სს. ძვ.წ.). ბერძნული თეატრის მიღწევები ცნობილი გახდა აღმოსავლეთშიც. ამ დროისათვის თეატრები შენდებოდა არა მხოლოდ დიდ სავაჭრო ცენტრებში, არამედ პატარა ქალაქებშიც. საბერძნეთში მონარქიის დამყარებამ, საგრძნობლად შეცვალა ბერძნული თეატრის სტილი და სულისკვეთება. დავიწყებას მიეცა დიდი მასშტაბის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკა. თითქმის მთლიანად გაქრა ძველი კომედია და მის ადგილი დაიკავა საოჯახო-საყოფაცხოვრებო პრობლემატიკამ და ადამიანების პირადულმა ცხოვრებამ (მენანდრე, ფილემონი და სხვ.). კომედიაში ყოფითობის ასახვის ტენდენციამ შემსრულებლებისგან მოითხოვა თამაშის სტილის შეცვლა მოხდა ნიღბების ინდივიდუალიზაცია და მათი რიცხვის ზრდა (მამაკაცის – 9, ქალის – 17, ჭაბუკთა – 11, მონათა – 7). კომედიაში აღარ მონაწილეობდა ქორო.
ელინისტურ ეპოქაში მსახიობის პროფესია საბოლოოდ ჩამოყალიბდა. შეიქმნა სამსახიობო ამხანაგობებიც, რომელთა წევრები იყვნენ მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები. ისინი სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით და ჰქონდათ იურიდიული პირის სტატუსი.