არისტოტელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისტოტელე

არისტოტელე - (ბერძ. Αριστοτέλης, დ. ძვ. წ. 384, ― გ. ძვ. წ. 322), უდიდესი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი.

ბიოგრაფია

დაიბადა ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე ქ. სტაგიროსში. წარმოშობით ეკუთვნოდა ასკლეპიადების (ანუ მკურნალთა) გვარს. არისტოტელეს მამა ნიკომაქე მაკედონიის მეფე ამინტა II-ის კარის ექიმი იყო. მას თავის შვილისათვის ახალგაზრდობაშივე უსწავლებია ექიმობა, რასაც არისტოტელე თვითონ შემდგომ სხვებსაც ასწავლიდა. ამის შესახებ პლუტარქე აღნიშნავს, „ალექსანდრეს საექიმო ხელოვნება სხვებზე უფრო მეტად არისტოტელემ შეასწავლაო“.

არისტოტელე 16 წლისა იყო, როცა მამა მოუკვდა. მისი მეურვეობა იკისრა სიძემ (დის ქმარმა), რომელმაც 17 წლის არისტოტელე ძვ. წ. 367 წელს ათენში ჩაიყვანა პლატონის აკადემიაში სასწავლებლად, სადაც იგი 20 წელი (367-347) დარჩა, ძვ. წ. 347 წელს მას რაღაც დავალებით გზავნიან მაკედონიის მეფე ფილიპე მეორესთან. პლატონს არისტოტელეზე ნიჭიერი მოწაფე არ ჰყავდა, მაგრამ აკადემიის ხელმძღვანელობა მას არ მიანდო, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ შორის მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობა და ამ ნიადაგზე ერთგვარი პირადი უსიამოვნება სუფევდა. შეიძლება ტრადიცია ამის გამო მიაწერს არისტოტელეს ფრაზას: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“.

ძვ. წ. 347 წელს ათენში მეორედ წასულმა არისტოტელემ იმავე წელს დატოვა იგი და მცირე აზიის ქ. ატარნეუსის ტირან ჰერმიასთან წავიდა. ჰერმიასი მისი მეგობარი და ანტისპარსული ორიენტაციის მომხრე იყო. ძვ. წ. 344 წელს ჰერმიასი მოულოდნელად ჩაიგდეს ხელში სპარსელებმა და მეფე არტაქსერქსეს ბრძანებით, მაკედონელებთან ურთიერთობის გამო, ჯვარს აცვეს. თვითონ არისტოტელემ ძლივს დააღწია თავი არტაქსერქსეს დევნას. ცოლად შეირთო ჰერმიას დისწული პითიადა და კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქ. მიტილენში დასახლდა.

ძვ.წ. 343 წელს კუნძულ ლესბოსზე არისტოტელემ მიიღო ფილიპე მეორის შემდეგი შინაარსის წერილი: „მაკედონიის მეფე მიესალმება არისტოტელეს. გაუწყებ, რომ შემეძინა ვაჟიშვილი, მაგრამ ღმერთებს მადლობას ვუთვლი არა იმდენად იმისათვის, რომ მათ ის მაჩუქეს, რამდენადაც იმის გამო, რომ იგი დაიბადა არისტოტელეს დროს, რადგანაც მე იმედი მაქვს, რომ შენი დარიგებანი მას გახდიან ჩემი მემკვიდრეობისა და მაკედონელებზე მბრძანებლობის ღირსად“. არისტოტელე მოგვიანებით გაემგზავრა მაკედონიის სატახტო ქალაქ პელაში ფილიპეს შვილის, 13 წლის ალექსანდრეს მასწავლებლად.

მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი არც ისე დიდი დრო იყო, არისტოტელემ ბევრი რამ მისცა ალექსანდრეს და მრავალმხრივ იმოქმედა მის გონებრივ განვითარებაზე. ამას არც თვითონ ალექსანდრე მაკედონელი უარყოფდა, რომელიც თურმე ხშირად იმეორებდა შემდეგში: „მე თუ ვარსებობ, ეს მამაჩემ ფილიპეს უნდა ვუმადლოდე, მაგრამ მე თუ ალექსანდრე მაკედონელი ვარ, ამაში არისტოტელეს მადლობელი უნდა ვიყო“. თვითონ ფილიპეც დიდად აფასებდა არისტოტელეს გაწეულ ღვაწლს და მან ხელახლა აღადგინა ომის დროს დანგრეული არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგიროსი.

არისტოტელე ძვ. წ. 335 წელს მესამედ ჩავიდა ათენში. ამჯერად 12 წელი დარჩენილა იქ. ქალაქის განაპირა უბანში აპოლონ ლიკეიოსის ტაძრის გვერდით მას უყიდია გიმნასიუმის (ტანვარჯიშის დარბაზის) შენობა ბაღითურთ და ფილოსოფიური სკოლა გაუხსნია. ამ სკოლას შემდეგ ლიკეიონი შეერქვა, რადგანაც იგი ლიკეიოსის ტაძრის გვერდით მდებარეობდა. დილას და საღამოს ბაღის ხეივნებში დასეირნობდა თავისი მოწაფეებითა და მსმენელებით გარშემორტყმული არისტოტელე და უკითხავდა მათ ლექციებს (ამის გამო, ლიკეიონში მის სკოლას აგრეთვე „პერიპატეტიკულ სკოლას“, ანუ „მიმართულებას“ უწოდებდნენ. არისტოტელეს ცხოვრების უკანასკნელი წლები ტრაგიკული აღმოჩნდა. ლიკეიონში მოღვაწეობის დროს მას გარდაეცვალა ცოლი პითიადა; ძვ. წ. 323 წელს კი, როცა ბაბილონში ექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, ათენში ქურუმმა ევრიმედონემ, ზოგიერთი ცნობით კი, დემოფილემ, არისტოტელეს წინააღმდეგ არეოპაგში საქმე აღძრა ასებეიას (დანაშაული „ღმერთების მიმართ უპატივცემულობისთვის“) ბრალდებით.

ამის გამო, ძველი წყაროების (დიოგენე ლაერტელი და სხვ.) ცნობით, არისტოტელე ატიკიდან ორმოცი კილომეტრის მანძილით დაშორებულ კუნძულ ევბეაზე გაქცეულა ქ. ხალკოსში, სადაც მას დედისეული მამული ჰქონდა და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 322 წელს კუჭის ავადმყოფობით. აქედან მისი გვამი გადაუსვენებიათ მშობლიურ ქ. სტაგიროსში და იქ დაუკრძალავთ. სხვა წყაროების მიხედვით, არისტოტელემ თავი დაიხრჩო ზღვაში, თითქოს მას შემდეგ, რაც ვერ ახსნა ზღვის მოქცევის და უკუქცევის მიზეზები. ზოგი ცნობით კი, არისტოტელემ თავი მოიწამლა კ. ევბეაზე, რადგან არ უნდოდა ათენში არეოპაგის სასამართლოს წარსდგომოდა, ვინაიდან სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია არ ჰქონდაო.

ამ ბოლო დროს ყურადღება მიიპყრო ფრანგი მღვდლის ჟან მელიეს (1664-1729) ერთმა ცნობამ, რომელიც იუწყება, რომ პასუხისგებაში მიცემული არისტოტელე ათენიდან გაიქცა არა კუნძულ ევბეაზე ქ. ხალკისში, არამედ კოლხიდაში, სადაც გარდაიცვალა კადეც. მელიეს წიგნის რუსულ თარგმანში აღნიშნულია, რომ „ასებეიაში“ ბრალდების გამო, არისტოტელე „იძულებული გამხდარა თავი შეეფარებინა კოლხეთში, სადაც იგი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში“, სამწუხაროდ, მელიე არ უთითებს, თუ საიდან მოაქვს ეს ცნობა.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არისტოტელე სტრაგირელი იყო განსაკუთრებული მოვლენა აზროვნების ისტორიაში. მან არა მარტო წინ წასწია მის დროს არსებული მეცნიერების დარგები, არამედ საფუძველი დაუდო ზოგიერთ ახალ მეცნიერებასაც და ბევრი ახალი დებულება შეიტანა ფილოსოფიაში, ეთიკაში, ესთეტიკაში, ენათმეცნიერებაში, ფიზიკაში, ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მათემატიკაში, ისტორიაში, ლიტერატურაში, ასტრონომიაში, მეტეოროლოგიაში, იურისპრუდენციაში, ეკონომიკურ მეცნიერებაში და იმდროინდელი ცოდნის თითქმის ყველა სხვა დარგში. აზროვნების ისტორიამ არ იცის მეორე ადამიანი, რომელიც ისეთი ენციკლოპედიური მრავალმხრივობით იყო დაჯილდოებული, როგორც არისტოტელე.

არისტოტელეს შესახებ მეტად მაღალი წარმოდგენისა იყვნენ თვით მისი თანამედროვენი. პლატონი მას უწოდებდა თავისი სკოლის გონებას. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ციცერონის თქმით, იგი იყო „მდინარე, რომელიც ოქროს ტალღებს მოაჩუხჩუხებდა“. პლინიუს უფროსი წერს, რომ იგი იყო უაღრესად განსწავლული ყველა მეცნიერებაში. მშობლიურ ქალაქ სტაგიროსში კი თანამემამულეებს მის პატივსაცემად ყოველწლიური დღესასწაული „არისტოტელეია“ დაუწესებიათ.

შუა საუკუნეებში ეკლესიის მამები ალმაცერად უყურებდნენ არისტოტელეს, რადგან მისი ენციკლოპედიური გენია ბზარს აჩენდა ქრისტიანული რელიგიის დოგმებში. ლუთერი მის შესახებ წერდა: „არისტოტელე თითქოს იქამდე მივიდა, რომ თუმცა იგი ღმერთს პირდაპირ სულელს არ უწოდებდა, მაგრამ მაინც ამტკიცებდა, რომ მან არც ჩვენი საქმეები იცის, არც ჩვენი განზრახვები, ვერც ვერაფერს იგებს, ვერც ვერაფერს ხედავს, და მხოლოდ თავის თავის შესახებ ფიქრობს… მაგრამ რა საქმე გვაქვს ჩვენ ასეთ უფალთან ანუ ღმერთთან? რა სარგებლობა გვაქვს ჩვენ მისგან?“.

ახალ დროში არისტოტელემ უფრო მაღლა აიწია დიდების კვარცხლბეკზე. გოეთე მის შესახებ წერდა: „არისტოტელე მსოფლიოს წინაშე დგას როგორც ხუროთმოძღვარი, რომელიც ხაზავს უდიდეს წრეს თავისი მშენებლობის საძირკვლისათვის, მასალას იღებს ყველგან, ახარისხებს მას, ალაგებს ფენას ფენაზე და ამ სახით… პირამიდის მსგავსად მიიწევს ზევით“.

ადამიანს აოცებს არა მარტო ამ დიდებული მეცნიერის აზროვნების სიღრმე, არამედ მისი პროდუქტიულობაც. ანდრონიკე როდოსელის ცნობით (ახ. წ. I საუკუნე), არისტოტელეს დაწერილი ჰქონია 10000-მდე წიგნი, ხოლო დიოგენე ლაერტელი (ახ. წ. II ს) ასახელებს მის 146 ნაწარმოებს. სამწუხაროდ, მათმა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

არისტოტელეს ჩვენამდე მოღწეული წიგნების ისტორია კი ასეთია: არისტოტელემ თავისი წიგნები ათენიდან გაქცევისას (ძვ. წ. 323 წელს) დაუტოვა თავის მოწაფეს თეოფრასტეს, რომელსაც ამავე დროს (ლიკეიონის) ხელმძღვანელობაც გადააბარა. თეოფრასტეს ეს წიგნები თავის მოწაფე ნელეოსისთვის დაუტოვებია, ამ უკანასკნელს კი, იმის შიშით, რომ ისინი პერგამონის მეფეებს არ ჩავარდნოდათ ხელში, რომელნიც იმ დროს ქ. ალექსანდრიის (ეგვიპტე) მეტოქეობით მსოფლიო მნიშვნელობის ბიბლიოთეკას ქმნიდნენ მცირე აზიის ქ. პერგამონში, წიგნები მარანში დაუმალავს. ასე ყოფილა ეს წიგნები ჩამარხული 130 წლის მანძილზე. შემდეგ ისინი იქიდან ვინმე თეოსელ აპელიკონს ამოუღია ძვ. წ. 86 წელს. როცა ათენი სულამ აიღო, წიგნები მას ჩავარდნია ხელში და რომში ჩაუტანია. რომში ამ წიგნებიდან ციცერონის სწავლულ მონას ტირონს ასლები გადაუღია. ამ გზით გასცნობია ციცერონი და რომის განათლებული საზოგადოება არისტოტელეს თხზულებებს, რომელიც შემდეგ ახ. წ. I საუკუნეში ანდრონიკე როდოსელს გამოუცია. ასე შემთხვევით გადარჩენილა არისტოტელეს უმდიდრეს ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი.


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები