ფილიპე II მაკედონელი
ფილიპე II – (382-136), მაკედონიის მეფე, ალექსანდრე მაკედონელის მამა.
მაკედონიის მეფემ პერდიკა III-მ (ძვ. წ. 365-360 წწ) თავისი უმცროსი ძმა ფილიპე თებეში მძევლად გაგზავნა, სადაც მან თებელი სარდლების ეპამინონდის და პელოპიდეს ხელმძღვანელობით ბრწყინვალე სამხედრო და დიპლომატიური განათლება მიიღო. როცა პერდიკა ილირიელ ტომებთან ბრძოლის დროს დაიღუპა, ძვ.წ. 360 წ. ფილიპე მცირეწლოვანი ძმისწულის ამინტას მეურვედ დაბრუნდა. ძველი წესის მიხედვით, ლაშქარს უფლება ჰქონდა მაკედონიის მეფე აერჩია და მანაც ფილიპე II აირჩია (ძვ. წ. 399-336 წწ.) ფილიპე ძველი სამყაროს მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო – შესანიშნავი დიპლომატი და სარდალი, რომელმაც თავისი რეფორმებითა და დაპყრობებით ნიადაგი მოუმზადა თავის შვილს ალექსანდრეს მსოფლიოს ბატონობისათვის.
სარჩევი |
რეფორმები
ფილიპე II-მ ტახტის ყველა მაძიებელი თავიდან მოიცილა, დაასრულა არქელაოსის მიერ დაწყებული მუდმივი ლაშქრის ჩამოყალიბება; თავისუფალი მაკედონელი გლეხებისაგან შექმნა მძიმედ შეიარაღებული ქვეითი მეომრების რაზმები, რომლებიც ლაშქრის ძირითად ნაწილს – მაკედონურ ფალანგას ე. წ. „სარისოფორებს“ შეადგენდნენ. ფალანგის თითოეულ რაზმში მეომრები 16 რიგად იდგნენ. მომდევნო რიგები სიღრმეში რვამდე მცირდებოდა. შეიარაღებული იყვნენ მახვილით და 5-6 მეტრის სიგრძის შუბებით – სარისებით. თავს იცავდნენ სწორკუთხა ბრინჯაოს ფარებით. როცა ფალანგა შემჭიდროებულ რაზმებად სალაშქროდ მიდიოდა, ეს უშველებელი სარისები მეომრებს მხარზე ჰქონდათ გადებული. იერიშის დროს კი 16 კაცი ერთდროულად ურტყამდა მტერს. მაკედონურ ფალანგას გვერდებიდან მსუბუქად შეიარაღებული მეომრები იცავდნენ, ზურგიდან კი – ცხენოსანი ლაშქარი. ფალანგის მეომრებს სახელმწიფოს ხარჯზე აიარაღებდნენ. არქელაოსის დროს შექმნილი ცხენოსანი ჯარი ძირითადად წარჩინებულებისაგან შედგებოდა. ისინი იარაღდებოდნენ საკუთარ ხარჯზე და წინასწარ შემუშავებულ საერთო საბრძოლო გეგმას ემორჩილებოდნენ. საჭირო შემთხვევაში მანევრირებასაც აწარმოებდნენ. ფილიპემ მაკედონიის ლაშქარში პირველად შექმნა საინჟინრო ნაწილები აღჭურვილი საიერიშო იარაღით – კატაპულტებით, კედლის სანგრევი ურნალებით და მოძრავი კოშკებით.
ფილიპე II დროს მაკედონიამ პირველად ააგო საზღვაო ფლოტი, რომელიც ბერძენთა გემებს ყოველთვის ჩამორჩებოდა სისწრაფესა და მანევრირებაში. სამაგიეროდ, უფრო მაღალი იყო ქვეითთა საბრძოლო თვისებები, რადგან თავისუფალი გლეხებისგან შედგებოდა და ფაქტიურად სახალხო ლაშქარს წარმოადგენდა. ბერძნული დაქირავებული ლაშქრის შენახვა ძვირიც ჯდებოდა და სანდოც არ იყო. კრიტიკულ მომენტში ყოველთვის იყო საშიშროება გადასულიყო მტრის მხარეზე. ფილიპემ კარგად ორგანიზებული, ორი წლის სისტემატური წვრთნით მომზადებული ლაშქრით სასტიკად დაამარცხა ძველი მტრები ილირიელები და თრაკიელები ფილიპემ დაასრულა მაკედონიის სახელმწიფოს ცენტრალიზაცია, დამოუკიდებელი სამთავროები დაიპყრო და მათი მთავრები ცოლ-შვილიანად დედაქალაქ პელაში გადაასახლა, რათა მათთვის განდგომის საშუალება არ მიეცა. მთავრები, ზოგი პირად და ზოგი ჰეტერთა (ამხანაგთა) არმიაში ჩარიცხა, ზოგს ჯარის მეთაურობა დაავალა, რათა ისინი ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდა. მათი შვილები კი ან მაკედონიის ცხენოსან ლაშქარში იბრძოდნენ, ან სამეფო კარზე „პაჟების“ მოვალეობას ასრულებდნენ, და მეფის და მისი ოჯახის წევრების მცველებად ითვლებოდნენ.
ფილპე II თესალიელ და თრაკიელ წარჩინებულებს იზიდავდა თავის სამეფო კარსა და ლაშქარში. მეფის პირადი, ჰეტერთა გვარდია მაკედონელ წარჩინებულთა გარდა ბერძნების, თესალიელებისა და თრაკიელებისაგან შედგებოდა. იგი ითვლებოდა მეფის მეგობრების არმიად, რომელიც დაახლოებით 800 კაცისაგან შედგებოდა. მეფესთან არსებული ჰეტერთა საბჭოც ჰეტერთა გვარდიის წევრებისაგან შედგებოდა, რომელიც აგვარებდა მაკედონიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ფილიპესა და მისი შვილის ალექსანდრეს დროს, მაკედონიაში არსებული სახალხო კრებაც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ფაქტიურად მეომრების კრება იყო. კრებას უფლება ჰქონდა აერჩია და გადაეყენებინა მეფე. ფილიპემ იგი საკუთარი ნებასურვილის მორჩილ აღმასრულებლად აქცია.
ყოფილი დამოუკიდებელი მთავრები ფილიპე II-ის ყველა ახალ ღონისძიებას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ისწრაფოდნენ დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ. ეს კარგად იცოდა მეფემ და ამის საშუალებას არ აძლევდა მათ – თანამდებობებზე ნიშნავდა და სამეფო კარზე ყავდა მიმაგრებული. იმდენად განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება, რომ ოპოზიციას ყოველგვარი წინააღმდეგობის შესაძლებლობა მოუსპო.
მაკედონიის გაერთიანების შემდეგ ფილიპემ ქალკიდიკის ნახევარკუნძული და თრაკიის ზღვისპირეთი დაიპყრო და ქვეყანას ეგეოსის ზღვისკენ გასასვლელი გაუხსნა. თრაკიაში კუნძულ თასოსის ახალშენი კრენიდესი დაიპყრო, რომელიც მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა – პანგეის ოქროს საბადოებს დაჰყურებდა, იგი მიუდგომელ ციხე-სიმაგრედ აქცია და საბადოების დამუშავება დაიწყო. მოძველებული ხელსაწყოები გამოცვალა და ოქროს დამუშავების უახლესი მეთოდები დანერგა. აქედან მეფე წლიურად 1000 ტალანტ ოქროს იღებდა, რამაც საშუალება მისცა ოქროს მონეტა მოეჭრა. ბალკანეთის სახელმწიფოებს შორის მან პირველმა დაიწყო ოქროს ფულის „ფილიპიკის“ მოჭრა, რომელიც სპარსულ ოქროს „დარიკს“ დაუპირისპირა.
ბრძოლები ილირიელებთან და ბერძნებთან
ფილიპე II-ის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ილირიელებისა და თრაკიელებისა წინააღმდეგ, რომლებიც თავდასხმებით ძალიან აწუხეებდნენ მაკედონიას, ამიტომ მათი ტერიტორია სამხედრო ძალასთან ერთად, დიპლომატიით და მოსყიდვის გზითაც დაიპყრო. თრაკიელი ტომების ბელადებს ხშირად სწორედ ქრთამით იმორჩილებდა. მისი თქმით – არ არსებობდა ისეთი მაღალი გალავანი, როემლსაც ოქროთი დატვირთული ვირი ვერ გადააბიჯებდა. თრაკია-ქალკიდიკის დამორჩილებისას მას წინ არ აღლდგომია ძლიერი, ორგანიზებული სამხედრო ძალა, რომელიც მას ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა. დაპყრობები მან სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ბეოტიის კავშირი დაიშალა. ფილიპემ ნელ-ნელა დაიწყო საბერძნეთის პოლისების საქმეებში ჩარევა. მაგალითად, „საღვთო ომში“, რომელიც მას სრულიადაც არ ეხებოდა. ბრძოლა ძვ. წ.355-345 წწ. გაიმართა თებელებსა და ფოკიდელებს შორის. ბეოტიის კავშირიდან ფოკიდელების განდგომით შეურაცხყოფილი თებე მათ დელფოს ტაძრის კუთვნილი მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა, მოითხოვდა დელფოს ტაძრისათვის მიწების დაბრუნებას და ჯარიმის გადახდას. წინააღმდეგ შემთხვევაში თებელები მთელი ფოკიდის მიწა-წყლის დელფოს ტაძრისათვის გადაცემით იმუქრებოდნენ. ფოკიდელებისათვის ეს მოთხოვნები დამღუპველი და გამანადგურებელი იყო, ამიტომ ფოკიდელმა მდიდარმა მონათმფლობელმა ფილომენოსმა დელფოს ტაძარი ფოკიდის საკუთრებად გამოაცხადა და მისი საგანძურის, დაახლოებით 1000 ტალანტის კონფისკაცია მოახდინა. ამ თანხით ფოკიდამ 20 ათასი ჯარისკაცი იქირავა და ჯერ თებეს მომხრეები გააძევა დელფოს ტაძრიდან, შემდეგ კი საბერძნეთის პოლისებს მოუწოდა კანონიერად ეცნოთ ფოკიდელების უფლება დელფოს ტაძრის განძეულობაზე. თებეზე განაწყენებულმა ათენელებმა და სპარტელებმა ფოკიდას მხარი დაუჭირეს. ფოკიდელთა თავხედობით აღშფოთებულმა თებელებმა შუა საბერძნეთის პოლისები (ათენის გარდა) გააერთიანეს და თესალიელებთან ერთად „საღვთო ომი“ გამოუცხადეს. ძვ. წ. 355 წ. ფოკიდელების ბელადი ფილომელოსი პირველსავე ბრძოლაში დაიღუპა და ის მეორე სადალმა შეცვალა.
ფოკიდის მოკავშირე თესალიაში იმ დროს დიდგვაროვნების ორი დაჯგუფება ებრძოდა ერთმანეთს. ერთმა მხარემ ფოკიდელთა წინამძღოლი ონომარქოსი მოიწვია თავისი ჯარით, მეორემ – ფილიპე II, რომელიც მცირე ძალებით ჩავიდა და დამარცხდა. გაბრაზებული ფილიპე „საღვთო ომში“ ჩაერია, „ტაძრის მძარცველ“ ფოკიდელებს ომი გამოუცხადა. ძვ. წ. 352 წ. დიდი ჯარით თესალიაში შეიჭრა, ფოკიდელები სასტიკად დაამარცხა და დელფოს განძეულის დარჩენილი ნაწილი დააბრუნებინა, თესალიის ყველა ქალაქში კი მაკედონიის ჯარი ჩააყენა. თერმოპილეს აღებაც სცადა, მაგრამ სპარტის, ათენისა და ფოკიდის ჯარებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამაგიეროდ, ძვ.წ. 348 წ. ათენის მოკავშირე ოლინთო დაიპყრო და მთელი მისი მოსახლეობა მონებად გაჰყიდა.
ათენელ დემოკრატთა ბელადმა დემოსთენემ ფილიპე II წინააღმდეგ სამი მამხილებელი სიტყვა წარმოსთქვა ათენში, ბერძნებს გაერთიანებისა და ფილიპეს დამხობისაკენ მოუწოდა. ფილიპემ საერთო არეულობით ისარგებლა და ათენს კუნძული ევბეა წაართვა. შეშფოთებულმა ათენელებმა ძვ წ. 346 წ. მას ელჩები გაუგზავნეს ფილოკრატეს მეთაურობით, აღუთქვეს ეცნოთ მის მიერ თრაკიისა და ქალკიდიკის დაპყრობა, სანაცვლოდ თესალიიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს. ფილიპე დათანხმდა წინადადებაზე ერთი პირობით: მან ბერძნებს მოსთხოვა მისთვისა და მისი მემკვიდრეებიისათვის დელფოს ამფიქტიონის წევრობა. დელფოს ამფიქტიონი შუა საბერძნეთის პოლისების წარმომადგენელთა საბჭო იყო, რომელსაც ევალებოდა დელფოს ტაძრის დაცვა და სატაძრო დღესასწაულების მოწყობა-მოწესრიგება, აგრეთვე ბერძნულ პოლისებს შორის სასამართლო, სადავო საკითხების გადაწყვეტა.
ძვ. წ. 345 წ. ფილიპე II თავისი ჯარები გაიყვანა თესალიიდან, მაგრამ ძვ. წ. 342 წ. როდესაც საბერძნეთში ანტიმაკედონური გამოსვლები დაიწყო, ისევ დაიპყრო თესალია და იგი თავის სამფლობელოდ აქცია. მაკედონია კი შუა საბერძნეთის მოსაზღვრე, მეზობელი ქვეყანა გახდა. ფილიპე კარგად იცნობდა ბერძნულ პოლისებში არსებულ მდგომარეობას. მის თვალწინ მიმდინარეობდა ბრძოლა თებელ დემოკრატებსა და ოლიგარქოსებს შორის, როცა იქ მძევლად იმყოფებოდა. ფილიპეს კარზე მრავალი ბერძენი მოღვაწეობდა – არისტოტელე, ესქინე, ფილოკრატე და სხვები, რომლებსაც იგი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა. მათ კი მაკედონიის მეფე დემოკრატ და განათლებულ ხელისუფლად გააცნეს მაშინდელ სამყაროს. ამის წყალობით საბერძნეთში მას ბევრი მომხრე ჰყავდა, რომლებიც მას აქეზებდნენ მთელი ბერძნული სამყაროს დასარაზმად სპარსეთთან ომისათვის. მაგალითად: ათენელი ორატორი ოლიგარქოსები ისოკრატე და ესქინე. მათი მეთაურობით ათენში შექმნეს ფილიპე II-ის მომხრეთა პრომაკედონური პარტია, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ათენელი მდიდარი მიწათმფლობელები.
პრომაკედონურ პარტიას თავისი მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგეები ჰყავდა – ანტიმაკედონური პარტიის მომხრეები, რომლებსაც მეთაურობდა ათენელი ორატორი და ვექილი დემოსთენე. დემოსი სახელმწიფოს, ან ათენელი მდიდრების ლიტურგიის ხარჯზე არსებობდა, ფილიპეს საბერძნეთში გაბატონება კი მას საარსებო წყაროს, ქვეყანას კი თავისუფლებას მოუსპობდა. დემოსთენე (ძვ. წ. 384-332) ათენელი ღარიბების ინტერესებს გამოხატავდა, პროტესტს უცხადებდა მაკედონიას და სასტიკად გმობდა მის საგარეო პოლიტიკას. იგი ბერძნებს მოუწოდებდა დარაზმულიყვნენ მაკედონიის წინააღმდეგ და დაეცვათ საბერძნეთის დამოუკიდებლობა. ფილიპე, როგორც დელფოს ამფიქტიონის წევრი და თესალიის მთავარი არქონტი, ჯარით თერმოპილესთან იდგა. დაიპყრო ეპირი და თავის ცოლის ძმას ალექსანდრეს მისცა სამეფოდ. ამან კიდევ უფრო განამტკიცა მაკედონის მეფის გავლენა ჩრდილო საბერძნეთში.
ძვ. წ. 340 წ. როგორც ჩანს, ფილიპეს სურვილით, ათენელებმა თესმიდიოსმა და ესქინემ ამფიქტიონის კრებაზე წინადადება შეიტანეს კრისის სატაძრო მიწების მოხვნისათვის ქალაქ ამფისასთვის „საღვთო ომი“ გამოეცხადებინათ. კრებამ ამფისას დასჯის დადგენილება გამოიტანა, მაგრამ მისი განხორციელება გაუჭირდათ, რადგან სათანადო სამხედრო ძალები არ გააჩნდათ. ერთი წლის შემდეგ ამფისას დასჯა დაევალა ამფიქტიონის წევრს ფილიპე II-ს, რომელიც სასწრაფოდ შეიჭრა შუა საბერძნეთში მაკედონიის ჯარით და ფოკიდელთა ქალაქ ელატეასთან გამაგრდა. როცა ამ ამბავმა ათენელთა ყურამდე მიაღწია, სასწრაფოდ შეიკრიბნენ პნიქსზე. კრებაზე სიტყვით გამოვიდა დემოსთენე და ბერძნებს მოუწოდა დარაზმულიყვნენ ფილიპეს წინააღმდეგ.
ძვ. წ. 338 წ. აპრილში ფილიპემ აიღო ქალაქი ამფისა, თებეს და ათენს ზავი შესთავაზა, მაგრამ დემოსთენეს აგიტაციისა და აქტიური ჩარევის წყალობით ზავზე უარი უთხრეს. ძვ. წ. 338 წ. აგვისტოს ბოლოს, ბეოტიაში სოფელ ქერონეასთან მოხდა ისტორიული ბრძოლა ფილიპეს 30-ათასიან ქვეით და 2.000 ცხენოსან ლაშქარსა და მასზე რიცხობრივად მეტ მოწინააღმდეგეს შორის. მაკედონური ფალანგის შეტევას ბერძნებმა ვერ გაუძლეს და დამარცხდნენ. მაკედონელთა მარჯვენა ფრთას ხელმძღვანელობდა ფილიპეს 18 წლის ვაჟი ალექსანდრე. ბრძოლაში დაიღუპა 3.000 თებელი და 2.000 ათენელი, 2.000 – ტყვედ ჩავარდა. დემოსთენემ და მისმა მომხრეებმა გაქცევით უშველეს თავს. ფილიპემ საბერძნეთი დაიმორჩილა, თებეში თავისი ჯარები ჩააყენა, ევბეაში, აქაიასა და კორინთოში კი მმართველებად მაკედონელები გაგზავნა. ყველაზე ლმობიერად მეფე ათენს მოექცა. მისმა შეთავაზებულმა ზავმა არა მარტო პრომაკედონური პარტიის მომხრეთა, არამედ დამარცხებული ანტიმაკედონური პარტიის აღტაცებაც გამოიწვია. ყველა ათენელი ტყვე უსასყიდლოდ გაანთავისუფლა და ათენის დამოუკიდებლობა აღიარა. ფლოტი, კუნძულები: სალამინი, ლემნოსი, სამოსი, იმბროსი და დელოსი, თრაკიის ქერსონესის გარდა, ათენის ტერიტორიად გამოაცხადა. ქერსონესი ფილიპეს ხელში გადავიდა, სანაცვლოდ ათენს ქალაქი ოროპი გადასცა.
კორინთოს კონგრესი
ძვ. წ. 337 წ. ფილიპემ ქალაქ კორინთოში მთელი საბერძნეთის პოლისების წარმომადგენელთა ყრილობა მოიწვია რომელზეც სპარტელთა გარდა ყველა გამოცხადდა. ფილიპემ საბერძნეთთან ომი დამთავრებულად გამოაცხადა. ყველა პოლისს მეფესთან უვადო კავშირი უნდა დაედო, რის საფუძველზეც შეიქმნა „ელინთა კავშირი“. მასში შემავალი პოლისები ფორმალურად თავისუფალი იყვნენ, ფაქტიურად კი ფილიპე II-ს აღიარებდნენ მთელი საბერძნეთის წინამძღოლად. კავშირმა ომი გამოუცხადა სპარსეთს იმ საბაბით, რომ მათ ბერძენ-სპარსელთა ომის დროს შეურაცხყვეს ბერძნული ჯარები. ყველა ბერძენს სასტიკად აეკრძალა სპარსეთის ლაშქარში სამსახური. პოლისებს სამხედრო ბეგარის სახით მეომართა გარკვეული რიცხვის გამოყვანა დაევალა. კორინთოს კონგრესზე აიკრძალა ბერძენთა პოლისებს შორის ომი, მოქალაქეთა გაძევება, სიკვდილით დასჯა, ქონების კონფისკაცია, ვალების პატიება და მონების გათავისუფლება მაკედონიის მეფის ნებართვის გარეშე. გამოცხადდა სახმელეთო მიმოსვლისა და ზღვაოსნობის თავისუფლება, ამით მეკობრეებს აეკრძალათ გემების ძარცვა და ეგეოსის ზღვაში თარეში. კონგრესის დადგენილებათა ცხოვრებაში გასატარებლად შეიქმნა ბერძნული პოლისების წარმომადგენელთა საბჭო „სინოდი“, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა კორინთოს ყრილობის დადგენილებათა ზუსტი შესრულებისათვის.
ფილიპეს მკვლელობა
კონგრესის შემდეგ ფილიპე II დაიწყო სპარსეთთან ომისათვის მზადება. მან მცირე აზიაში გადასხა 10.000 მეომარი პარმენიონისა და ატალოსის მეთაურობით, რათა პლაცდარმი მოემზადებინათ. აზიის ბერძნული ქალაქები კიზიკი და ეფესო მაკედონელთა ლაშქარს ისე შეხვდნენ, როგორც მხსნელებს. ომის დაწყება სპარსეთთან დაგეგმილი იყო ძვ. წ. 336 წ. მაგრამ იმ წელს, მოულოდნელად, 47 წლის ფილიპე თავისი ქალიშვილის ქორწილში მოკლა წარჩინებულმა მაკედონელმა პავსანიუსმა.
ფილიპეს სიკვდილის ცნობამ მთელი საბერძნეთი ააფორიაქა. ანტიმაკედონური პარტიის მეთაური დემოსთენე საზეიმო ტანსაცმელში გამოეწყო, გვირგვინით შემკობილმა ღმერთებს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და ათენის სახალხო კრებაზე განაცხადა: „ტირანი მოკვდა, მოსულელო ალექსანდრესი შეგვიძლია არ გვეშინოდეს, რადგან ის მაკედონიის საზღვრებიდან გადმოსვლასაც ვერ გაბედავსო“, მაგრამ ალექსანდრეს შეფასებაში დემოსთენე დიდად ცდებოდა. მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტის ბევრი მაძიებელი გამოჩნდა, დიდგვაროვან მაკედონელებს ალექსანდრეს გამეფება არ სურდათ, რადგან იცოდნენ, რომ იგი მამის პოლიტიკას გააგრძელებდა, ამიტომ ყველა სხვა პრეტენდენტს მხარს უჭერდნენ. მაგრამ მაკედონელთა ლაშქარში ალექსანდრეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მეფედ იგი ჯარმა აღიარა.
ფილიპეს მკვლელი, მისი წამქეზებლები და ყველა, ვინც მამის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, ალექსანდრემ სასტიკად დასაჯა. მთავარ დამნაშავედ სპარსელებს თვლიდა და ამას ხშირად იმეორებდა კიდეც.
საბერძნეთში ჩასულ ალექსანდრეს პირველად ათენელებმა მიულოცეს გამეფება. ძვ. წ. 336 წ. მან კორინთოში მოიწვია ბერძნული პოლისების ყრილობა, რომელმაც დაადასტურა პირველი ყრილობის გადაწყვეტილებები და ბერძენ-მაკედონელთა სამხედრო ძალების სარდლად ალექსანდრე დაასახელა, რომელმაც იმავე საბაბით, რა საბაბითაც ფილიპემ, ომი გამოუცხადა სპარსეთს.