ისოკრატე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისოკრატე – (ძვ.წ. 436 - 338 წწ), ძველი ბერძენი ორატორი. საზოგადოებრივ-საზეიმო რიტორიკის საუკეთესო წარმომადგენელი.

ისოკრატემ საფუძვლიანი განათლება მიიღო სწავლობდა სოფისტ პროდიკესთან და ორატორებთან: გორგიასთან, ტეისიასთან და თერამენესთან. თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში ის ლოგოგრაფოსობდა, ხოლო მალე ამას თავი გაანება და გახსნა რიტორიკის სკოლა, ჯერ ქიოსზე, შემდეგ, 388 წლის მახლობელ ხანებში, ათენში. დიდია ისოკრატეს ღვაწლი რიტორიკული განათლების საქმეში: მან შეიმუშავა ახალი პროგრამა მომავალ რიტორთა განათლებისა. ეს პროგრამა, რომელიც გაშლილია მის სიტყვაში „სოფისტების წინააღმდეგ“, ითვალისწინებს არა მარტო რიტორიკის როგორც ფორმალური დისციპლინის სწავლებას, არამედ მოსწავლისათვის, პირველ ყოვლისა, ზოგადი განათლების მიცემას, ხოლო რიტორიკის სწავლებას პრაქტიკულ ვარჯიშობასთან დაკავშირებით: იმ დროს როდესაც სოფისტები კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ლექციების კითხვით, ისოკრატემ შემოიღო თავის რიტორიკულ სკოლაში სემინარული მეცადინეობა. სწავლება ისოკრატეს სკოლაში სამ-ოთხწლიანი იყო. იგი ბევრ მსმენელს იზიდავდა საბერძნეთის სხვადასხვა კუთხიდან. მის სკოლაში მოდიოდნენ არა მარტო რიტორიკული სარბიელის მომავალი მუშაკნი, არამედ ისინიც, ვისაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ჰქონდა განზრახული. ისოკრატეს სკოლიდან არიან გამოსული გამოჩენილი ორატორები ისეოსი, ლიკურგოსი, ესქინე და ჰიპერიდე; თავის სკოლის შემწეობით ისოკრატე დაკავშირებული იყო მაშინდელ მეფეებთან: ევაგორა კვიპროსელთან, არქიდამე სპარტელთან და ფილიპე მაკედონელთან.

თავისი მსოფლმხედველობით და პოლიტიკური შეხედულებებით ისოკრატე მონათმფლობელური არისტოკრატიის წარმომადგენელია, დემოკრატიის მტერი და მონარქისტი.

როგორც რიტორი-სტილისტი ისოკრატე მაღალი სტილის შემქმნელი და პროზაული პერიოდის დამხვეწელია. ის, მართალია, გორგიას მიმდევარია, მაგრამ მის ფიგურებს ზომიერად იყენებს. მისი პერიოდის ნაწილები სიმეტრიულად არის დალაგებული და შეთანხმებული მათში გამოთქმულ აზრებთან. ერთნაირი აზრის გამომხატველი გამონათქვამები ზომითაც ერთნაირი არიან, თანაბარმარცვლოვანი. ამ გზით აღწევს ისოკრატე ევრითმიას. როგორც, არისტოტელე განსაზღვრავს („რიტორიკა“, წ. III) ისოკრატეს პერიოდი ემსგავსება შენობას, რომლის ცალკეული ქვები ისეა დაწყობილი, რომ ისინი ერთმანეთს იჭერენ.

ისოკრატეს რიტორიკის თავისებურებად მიჩნეული იყო მისი მოსწრებული ბრძნული გამოთქმები. ჩვენამდე მოღწეულია ისოკრატეს 21 სიტყვა და 9 წერილი; ამათგან ექვსი სიტყვა სამოსამართლო რიტორიკის დარგს ეკუთვნის და ისოკრატეს მოღვაწეობის იმ პერიოდში უნდა იყოს შედგენილი, როდესაც იგი ლოგოგრაფოსობდა. დანარჩენი სიტყვები საზეიმო რიტორიკას განეკუთვნებიან და, მეტწილად, რეალურად წარმოთქმულ სიტყვებს კი არ წარმოადგენენ, არამედ შეთხზული არიან რიტორიკულ-პედაგოგიური მიზნით, მოწაფეთათვის სავარჯიშოდ. მაგრამ რამდენადაც ეს სიტყვები მაშინდელი ცხოვრების საყურადღებო მოვლენებს ეხებიან, ამდენად მათი მნიშვნელობა დიდია იმ დროის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გასაცნობად. ამ სიტყვათაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „პანეგირიკოსი“, „არეოპაგიტიკოსი“ და „პანათენაიკოსი“.

„პანეგირიკოსი“

„პანეგირიკოსი“ დაწერილია 380 წელს, მეორე საზღვაო კავშირის შექმნის წინ და წარმოადგენს ათენის ხოტბას. 390--380 წლები მძიმე იყო ათენისთვის; სპარსეთის პოლიტიკა ათენის საზიანოდ იყო მიმართული; ჩაფიქრებული პატრიოტები იმისათვის იღვწოდნენ, რომ ათენსა და სპარტას შორის ზავი ჩამოვარდნილიყო, რათა გაერთიანებული ძალებით გამკლავებოდნენ სპარსეთს. მაგრამ ამაო იყო მათი ცდა: სპარსეთი მხარს უჭერდა სპარტას, რათა დაქსაქსული საბერძნეთი უფრო ადვილად გაესრისა. 337 წელს ბერძნები იძულებული იყვნენ ხელშეკრულება დაედოთ სპარსეთთან („ანტალკიდას ზავი“), რომლის ძალითაც აკრძალული იყო პოლისების ყოველგვარი გაერთიანება და სპარსეთის მეფე უზენაეს არბიტრად იყო გამოცხადებული საბერძნეთის საქმეებში. ამ ზავის ერთ-ერთი შედეგი იყო სპარტის ჰეგემონია. ათენის სახელმწიფო მოღვაწენი, ამიტომ, ოცნებობდნენ საზღვაო კავშირის განახლებაზე.

აი, ამ მეორე საზღვაო კავშირის შეკვრის წინასწარ აგიტაციას ემსახურება ისოკრატეს „პანეგირიკოსი“. თავისი სიტყვის თავშივე განსაზღვრავს ისოკრატე თავის თემას: დარწმუნებული ვარ ჯილდოდ მე ის მერგება, რომ სახელს მოვიხვეჭ ამ სიტყვით, რადგან „მე მოვდივარ გირჩიოთ ომი ბარბაროსების წინააღმდეგ და თანხმობა თვით ჩვენ შორისო“. ისოკრატეს ალაპარაკებს, რასაკვირველია, ღრმა ეკონომიური მიზეზები: სპარსეთთან ომით და სპარსეთის დამარცხებით საბერძნეთი თავს დააღწევს ეკონომიურ სიდუხჭირეს: „თქვენ თვითონ უნდა აწონ-დაწონოთ, რა ბედნიერ ცხოვრებას ვეწევით, თუ ჩვენ შორის შიგნით გაჩაღებულს ომს ხმელეთელების (ე.ი. სპარსელების) წინააღმდეგ შევაბრუნებთ, ხოლო დოვლათს, აზიაში რომ არის, ევროპაში გადმოვიტანთ“ (§ 188).

„არეოპაგიტიკოსი“ დაწერილია 356-350 წლებში. ისოკრატე ხედავდა თავისი სამშობლოს დაცემას და გამოსავალს ეძებდა არსებული წყობილების რეფორმაში, „არეოპაგიტიკოსში“ ის მოუწოდებს ათენელებს ძირიან-ფესვიანად შეცვალონ სახელმწიფოს მთელი სტრუქტურა და შემოიღონ ძველი - კონსტიტუცია, რომელიც თავის დროზე შექმნეს სოლონმა და კლისთენემ და რომელმაც ათენს ბედნიერი და დიადი ცხოვრება მიანიჭა.

„პანათენაიკოსი“

„პანათენაიკოსში“ (დაწერილია 342 წელს, 94 წლის მოხუცის მიერ) ისოკრატე კელავ მოუწოდებს ბერძნებს ერთიანობისა და შეთანხმებისაკენ.

ისოკრატეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ IV საუკუნის პუბლიცისტი. მართალია, მის სიტყვებში მოხსენებული ფაქტები ყოველთვის სინამდვილეს არ შეეფერება, მაგრამ იმათ მიხედვით მაინც საკმაოდ კარგად ვეცნობით მაშინდელი საბერძნეთის საზოგადოებრივ აზრს და შიდაპოლიტიკურ ბრძოლას.

წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები