რიტორიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიტორიკა – (ბერძნ. rhētorikē), ორატორული ხელოვნება, მოძღვრება მჭერმეტყველების, საორატორო ხელოვნების წესებისა და კანონების შესახებ. როგორც მჭერმეტყველების თეორია, წარმოიშვა ძველ საბერძნეთში ანტიკური კულტურის დაცემამდე, ძვ. წ. V ს-ში. ამ პერიოდშია შექმნილი რიტორიკის პირველი სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მის ავტორებად სირაკუზელი ბერძნები კორაქსი და ტესია ითვლებიან. ძველი რიტორიკული სკოლის უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ გორგია, პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, კვინტილიანე და სხვ.

რიტორიკის საგანი, მეთოდები, მიზანი ერთნაირი არ ყოფილა ყველა ეპოქაში, მაგრამ იგი. როგორც მეცნიერება, არსებითად ყოველთვის მჭევრმეტყველების თეორიას წარმოადგენდა.

XIX ს. დასაწყისიდან რიტორიკა განიცდის კრიზისს და დამოუკიდებელი მეცნიერებიდან ფაქტობრივად პოეტიკის სფეროში ექცევა. XX საუკუნემ თან მოიტანა ახალი ხელოვნება, ახალი ფილოსოფია, ახალი ლინგვისტური იდეები, რომლებმაც შექმნეს წინაპირობა რიტორიკის აღორძინებისათვის.

თანამედროვე რიტორიკა არის პრინციპულად ახალი დისციპლინა, ანუ, უფრო ზუსტად, სამეცნიერო ძიების მიმართულება, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარულ დისციპლინათა მთელ ჯგუფს. იგი წარმოიშვა სტრუქტურალიზმის, სემიოლოგიისა და ახალი კრიტიკის საზღვარზე (ჟ. დიუბუა). მაგრამ ახალი ტიპის რიტორიკის ჩამოყალიბება პირველ რიგში მაინც შეპირობებული იყო ლინგვისტური ფაქტორებით. მართალია, ფ.დე სოსიური უშუალოდ არ შეხებია რიტორიკის საკითხებს, მაგრამ მისმა იდეებმა არსებითად გააღვიძა ინტერესი რიტორიკის მიმართ. კვლევის გადანაცვლება მეტყველების ლინგვისტიკაზე არის გადასვლა პრედიკაციის „წმინდა“ ანალიზიდან რეფერენციული ფუნქციის განხილვაზე, დისკურსის ანალიზზე. წინა პლანზე გადმოდის კონტექსტი. გამონათქვამის სიტუაცია (რ. ბარტი). იმ წანამძღვრებს შორის, რომლებმაც ნიადაგი მოუმზადეს ახალ რიტორიკას, გამოიყოფა ტრანსფორმაციული ლინგვისტიკა (ზ. ჰარისი), ლ. იელმსლევის კონოტაციის თეორია, რ. იაკობსონის შრომები და ბრიუსელის რიტორიკული სკოლა (პერელმანი, ტერმ. „ნეორიტორიკის“ შემომტანი).

1970 ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ნეორიტორიკის სკოლა (უჟ. დიუბუა, ფ. ედელინი, კ. ლინკენბერგი და სხვ. რომელიც კონცეპტუალურად დაკავშირებული იყო პარიზის სემიოტიკის სკოლასთან. ახალი ტიპის რიტორიკა ჩაერთო სემიოტიკურ მეცნიერებათა ჯაჭვსა და კულტუროლოგიურ პრობლემათა სფეროში.

მეტყველების ეფექტურობის მიზნით რიტორიკამ უნდა გაითვალისწინოს ენობრივი კომუნიკაციის თანამედროვე რიტორიკული მოდელები,ისეთი კატეგორიები, როგორიცაა გაგება, თანამშრომლობა და ორმხრივი კომუნიკაცია. ამ მიმართულებით მუშაობს რიტორიკის ერთ-ერთი მიმართულება – ლინგვეოპრაგმატიკა. „სიმბოლოს თეორიის“ ზოგადი ორიგინალური ასპექტების დამუშავების პარალელურად ამ მიმართულებამ გამოიმუშავა საკმაოდ მძლავრი ანალიზური მეთოდები კულტურულ-ანთროპოლოგიურ კონტექსტებთან „ტექსტის“ დამოკიდებულების შესასწავლად.

როგორც კულტურის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ინსტრუმენტმა, რიტორიკამ იტვირთა „ფუნქციური ენის“ შექმნის ამოცანა: იგი აწესრიგებს მის ენობრივ და კომუნიკაციურ სისტემებს.

ქართული რიტორიკულ ხელოვნება

ქართული რიტორიკულ ხელოვნებას ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიციები აქვს. ქართული მჭერმეტყველების შესახებ ისტორიული მასალები უხვადაა შემონახული როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ქართული კლასიკური მჭევრმეტყველების უძველეს ცენტრად აღიარებულია კოლხეთის აკადემიის (III–VI სს. რიტორიკული სკოლა. საქართველოში არსებულ სამონასტრო ცენტრებსა და უმაღლეს სკოლებს შორის მჭერმეტყველების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობისა იყო გელათის აკადემია (XII ს.), სადაც სასწავლო საგნებში რიტორიკაც ითვლებოდა. მჭევრმეტყველების ისტორიის თვალსაზრისით გამოირჩევა იოანე პეტრიწის ორიგინალური ნაშრომი – განმარტება პროკლე დიადოხოსის „ღმრთისმეტყველების საფუძვლებისა“.

ქართული კლასიკური მჭევრმეტყველების მრავალ საინტერესო საკითხს ეხება ისტორიულ-კულტურული ხასიათის ნაშრომები, რომელთა შორის აღსანიშნავია ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობა“, იოანე ბატონიშვილის „კალმასობა". ღირსშესანიშნავია აგრეთვე ს. დოდაშვილის „რიტორიკა“. XVIII ს. II ნახ-ში მჭევრმეტყველების საქმეს დიდად შეუწყვეს ხელი თბილისის და თელავის სემინარიებმა, სადაც ერთ-ერთ წამყვან საგნად, ფილოსოფიასთან ერთად, რიტორიკაც ითვლებოდა. 1761 ანტონ I-ის დავალებით სასულიერო პირებს – დ. ჩერქეზიშვილსა და ფ. ყაითმაზაშვილს თბილისის სემინარიისათვის ქართულ ენაზე გადმოუღიათ მხითარ სევასტიელის „რიტორიკა”, რომელიც ანტონ I-ს გადაუმუშავებია და ქართულ სკოლებში გამოსადეგ სახელმძღვანელოდ უქცევია.

ქართულ კლასიკურ მჭევრმეტყველებაში გამოყოფილია შემდეგი დარგები: სამქადაგებლო, სადარბაზო, სამხედრო, სამოსამართლო, სადღესასწაულო, სამგლოვიარო, საელჩო (ნ. კანდელაკი). და თუმცა მჭევრმეტყველების ყველა დარგი მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა, ყველაზე დიდ წარმატებას მაინც სამქადაგებლო მჭევრმეტყველებამ მიაღწია, ამ უძველესმა და უმდიდრესმა დარგმა, თუმცა საყოველთაო კრიზისმა საბოლოოდ ეს დარგიც მოიცვა.

XX ს. დასასრულისთვის საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა, რამაც ნიადაგი მოუმზადა რიტორიკის აღორძინებასა და განვითარებას.

ც. ბარბაქაძე


ლიტერატურა

  • იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 1-2, თბ., 1936-48;
  • კანდელაკი ნ. ქართული კლასიკური მჭერმეტყველება, თბ. 1961;
  • იოანე პეტრიწი, განმარტება პროკლე დიადოხოსის „ღმრთისმეტყველების საფუძვლებისა“ (თანამედროვე ქართ. ენ–ზე გადმოიღო, გამოკვლევა, ლექსიკონი და შენიშვნები დაურთო დამანა მელიქიშვილმა), თბ. 1999;
  • ჯაგოდნიშვილი თ. ქართული „ორატორული ხელოვნება“, თბ. 2000;
  • ბარბაქაძე ც. ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა, თბ., 2003;
  • რუსეიშვილი გ. რიტორიკის საფუძვლები, თბ., 2001.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები