გორგია ლეონტინელი
გორგია ლეონტინელი – (483-375), ძველი ბერძენი სოფისტი და ორატორი. ბიოგრაფიული ცნობები გორგიაზე მეტად მცირეა. მხოლოდ სხვადასხვა შემთხვევების გამო, ოლიმპიოდორეს, ქსენოფონტის და სხვათა მიერ მოცემული ცნობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის 483 წ. მახლობლად უნდა იყოს დაბადებული და 376 წ. მახლობლად გარდაცვლილი. წარმოშობით ლეონტინელია (სიცილიელი), ქარმანტიდეს შვილი.
აკრაგანტელ ფილოსოფოს ემპედოკლესთან ის ახლო ურთიერთობაში ყოფილა, რაც მტკიცდება ემპედოკლეს გავლენის ნიშნებით გორგიას რიტორიკაზე და ფილოსოფიაზე. მის დიალექტიკაზე გავლენა მოუხდენია აგრეთვე ძენონს. ორატორულ ხელოვნებაში შემდეგდროინდელი რიტორები მას კორაქსისა და ტისიას მოწაფედ თვლიან, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები ჩვენ არა გვაქვს.
ფილოსოფიური ნაწერებიდან ჩვენ ვიცნობთ ერთადერთს: „ბუნებისათვის ანუ არარსისათვის“, რომელშიც ის გვევლინება ძენონის სკეპტიკური აზრების განმავითარებლად: 1) არ არსებობს არაფერი; 2) თუ რამე არსებობდეს, მაინც მისი შეცნობა შეუძლებელი იქნებოდა; 3) შესაძლებელიც რომ იყოს მისი შეცნობა, შეუძლებელი იქნებოდა სხვებისათვის გადაცემა.
ყოველ შემთხვევაში, გორგიას ფილოსოფიური მოღვაწეობა უმნიშვნელოა შედარებით იმ ღვაწლთან, რომელიც მან დასდო ბერძნულ მხატვრულ პროზას, ბერძნულ რიტორიკულ პროზას.
427 წელს გორგია თანამოქალაქეთა მიერ გამოგზავნილ იქმნა ათენში, რომ ათენელებისგან გამოეთხოვა დახმარება სირაკუზის წინააღმდეგ; (და კიდეც მიაღწია ამ დახმარებას): „სირაკუზელებმა და ლეონტინელებმა ერთმანეთში ომი დაიწყეს… ლეონტინელებმა და მათმა მოკავშირეებმა ელჩები გაგზავნეს ათენში, რადგან ისინი იმთავითვე ათენელებთან კავშირში იყვნენ და წარმოშობითაც იონიელები (ისევე როგორც ათენელები), ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ათენელები გაეგზავნათ მათთვის ხომალდები, ვინაიდან სირაკუზელებს მათთვის გზა მოეჭრათ ხმელეთითაც და ზღვითაც. ათენელებმა გაუგზავნეს ხომალდები, მოიმიზეზეს ნათესაური კავშირი – ნამდვილად კი სურდათ შეეფერხებინათ პურის მიწოდება სიცილიიდან პელოპონესში და ამავე დროს ესინჯათ, შეძლებდნენ თუ არა სიცილიის დამორჩილებას“ (თუკიდიდე, III, 87).
იშვიათი შთაბეჭდილება მოუხდენია გორგიას ათენელებზე: როდესაც ის ათენში მივიდა – წერს დიოდორე სიცილიელი (I საუკ. ძე. წ.) – და ხალხის წინაშე წარსდგა, ელაპარაკა ათენელებს კავშირის შესახებ, და განცვიფრებაში მოიყვანა მსმენელები თავისი სამეტყველო ხერხებით; დიონისე ჰალიკარნასელიც (I ს.ძვ.წ.) ადასტურებს ამას: „ათენელი ორატორები შეიპყრო პოეტურმა და მხატვრულმა სამეტყველო ხერხებმა, რომლებიც, როგორც ტიმეოსი ამბობს, გორგიამ შემოიტანა პირველად, როდესაც ათენში ელჩად მოსვლისას სახალხო კრების მსმენელები განცვიფრებაში მოიყვანა“ (De Lysia 3). შინაარსზე უფრო მეტად ფორმა იზიდავდა გორგიას. მისთვის საგულისხმო იყო მსმენელთა დაჯერება და არა იმის ჭეშმარიტობა, რასაც უმტკიცებდა.
დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ გორგია დარჩა ათენში და ხელი მიჰყო ახალგაზრდათა სწავლებას, რამაც მას დიდძალი ქონება შესძინა.
ჭეშმარიტება არ არის არსად – ასწავლიდა ის – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაარწმუნებ, დარწმუნების ხერხები უმთავრესია.
პლატონი („პროტაგორა“) არ ეთანხმება გორგიას. მისი აზრით, ორატორი ჭეშმარიტების ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი, მას უნდა ჰქონდეს შეცნობა კარგისა და სამართლიანისა, უნდა იყოს ნამდვილი ფილოსოფოსი. პლატონს გორგია უფრო მკვეხარა და ტრაბახა ადამიანად ყავს გამოყვანილი (დიალოგი „გორგია“).
გორგიას სიტყვათაგან ცნობილი იყო: „პითიური სიტყვა“ (დელფოში წარმოთქმული). „ოლიმპიური სიტყვა, რომელშიც იგი მოუწოდებდა ბერძნებს შეეწყვიტათ ერთმანეთში კინკლაობა და შეერთებული ძალით შებრძოლებოდნენ ბარბაროსებს (სპარსელებს), და ომში დაღუპულ ათენელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი „სამგლოვიარო სიტყვა“, რომელშიც გორგია სამშობლოსათვის თავდადებუელთა ვაჟკაცობას ადიდებს. ამ სიტყვების მხოლოდ მოკლე შინაარსია მოღწეული და უმნიშვნელო ნაწყვეტები. სრულად შემორჩა გორგიას ორი სოფისტიკური სიტყვა: „ელენეს ქება“ და „პალამედე“. მაგალითად, ელენე, რომელმაც თავისი ქმარი, მენელაოსი, დასტოვა და პარისს გამოჰყვა ტროადაში, გამართლებულია გორგიას მიერ სოფისტიკური ხერხებით.