დიოდორე სიცილიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიოდორე სიცილიელი – (ბერძ. Διόδωρος Σικελιώτης) — ბერძენი ისტორიკოსი.

დიოდორე სიცილიელის შესახებ ცნობის დადგენა ისევ მისი შრომიდან – „ისტორიული ბიბლიოთეკიდან“ ხერხდება. დიოდორე გადმოგვცემს, რომ წარმოშობით კუნძულ სიცილიის ქალაქ აგირიუმიდან ყოფილა, მშობლების შესახებ იგი არაფერს ამბობს, მაგრამ მისი სიტყვები, რომ ამ ქალაქთან რომაელთა სავაჭრო ურთიერთობის შედეგად, ლათინური ენა საფუძვლიანად შეუსწავლია − საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დიოდორე სავაჭრო წრიდან იყო გამოსული და შესაძლოა, თვითონაც სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა.

დიოდორეს დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებიც არაა ცნობილი. ძვ. წ. 60-50-იან წლებში მას ეგვიპტეში უმოგზაურია თუ დავუშვებთ, რომ იგი ამ დროს 20-30 წლისა მაინც იქნებოდა, გამოდის, რომ დაბადებული უნდა იყოს დაახლოებით ძვ. წ. 90-80-იან წლებში. რაც შეეხება დიოდორეს გარდაცვალებას, ყველაზე გვიანდელი მოვლენა, რომელიც „ისტორიული ბიბლიოთეკაშია" მოხსენებული, არის ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ ძვ. წ. 21 წლის სიცილიის ქალაქ ტავრომენიუმის მცხოვრებთა აყრა და იქ რომაული კოლონიის დაარსება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიოდორე გარდაცვლილა I საუკუნის უკანასკნელ ოცეულში.

დიოდორეს, გარდა ეგვიპტეში მოგზაურობისა, ხანგრძლივად უცხოვრია რომში, იგი წერს: „სიუხვემა და სიმდიდრემ ამ ქალაქისა, რომლის ძალაუფლება ქვეყნის თვით უკიდურეს მხარეებსაც სწვდება; მას მერე რაც იქ ხანგრძლივად ვიცხოვრეთ, მოგვცა მრავალი, მეტად სასარგებლო და ჩვენი მიზნისათვის შესაფერი მასალა“. ამას გარდა დიოდორე აღნიშნავს, რომ მან „შემოიარა მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპისა და აზიისა“, დაუთვალიერებია ის ადგილები, სადაც დიდი ისტორიული მოვლენები მოხდა (ბრძოლების ადგილები, ძველი ქალაქები და სხვა).


დიოდორე სიცილიელი სამოღვაწეო ასპარეზზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც ეცემოდა რესპუბლიკური წყობილება და რომი ერთმმართველურ მონარქიად, იმპერიად ფორმდებოდა. ეს იყო ეპოქა ფართო დაპყრობითი ლაშქრობისა მძაფრი სამოქალაქო ომებისა, პოლიტიკურ დაჯგუფებათა ქიშპობისა, იულიუს კეისრის დიქტატურისა, რესპუბლიკელთა უკანასკნელი გაბრძოლებისა და ოქტავიანე ავგუსტუსის ერთმმართველური რეჟიმისა პრინციპატის დამყარებისა.

ის შინაგანი სოციალური და პოლიტიკური ძვრები, რომლებიც რომის სახელმწიფოში ხდებოდა, იწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებებს იდეოლოგიურ სფეროშიაც. ძე. წ. I საუკუნის დასაწყისისათვის რომში მთავრდება სინთეზი ძველ იტალიურ კულტურულ ტრადიციებსა და იმ მრავალრიცხოვან მიმდინარეობათა შორის, რომლებიც მოდიოდა განვითარებული ელინისტური ქვეყნებიდან.

რომის მაღალ საზოგადოებაში თანდათან ვრცელდებოდა რაციონალისტური ფილოსოფიური სისტემები. ყველაზე პოპულარული ამ დროს რომში სტოელთა ფილოსოფიური მოძღვრება იყო, რომელიც ქადაგებდა გონების უპირატესობას, ადამიანთა თანასწორობას და სხვა.

აი სწორედ ასეთ ვითარებაში მოუხდა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა დიოდორე სიცილიელს და ცხადია, ყველა ეს მოვლენა მის საქმიანობას თავის კვალს დაამჩნევდა, ერთგვარად განაპირობებდა მისი თხზულების თავისებურებას, აისახებოდა მის ნაწარმოებში.

ხარკს უხდის, რა მაშინდელი განათლებული წრეების მოთხოვნილებებს დიოდორე ერთ მთლიანობაში განიხილავს ბერძნულს, რომაულსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას. მისი მიზანი მარტო რომის ისტორიის, ან რომელიმე ცალკეული პერიოდის შესწავლა–აღწერა კი არ არის, არამედ მსოფლიო ისტორიის მთლიანი მიმოხილვაა, ამ მხრივ დიოდორე გვევლინება პოლიბიოსისა და პოსიდონიოსის მიმდევრად, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს მსოფლიო ისტორიას, თუმცა, როგორც შემოქმედი და მოაზროვნე მათზე გაცილებით უფრო დაბლა დგას.

დიოდორე სიცილიელი სტოელთა ფილოსოფიური სკოლის მიმდევარია და სწორედ მათი კოსმოპოლიტური ტენდენციების გავლენით ლაპარაკობს თავისი შრომის დასაწყისში, რომ ყველა ადამიანი ერთი და იმავე თემის ან სახელმწიფოს წევრია, ერთმანეთის მონათესავე, თუმცა მათ აშორებს დრო და ტერიტორია. მსოფლიო ისტორიკოსმა უნდა ერთიანობაში განიხილოს ყველა ხალხის წარსული.

დიოდორე ხაზს უსვამს მსოფლიო ისტორიის უპირატესობას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთოდ ისტორიკოსს, მის როლსა და დანიშნულებას.

სავსებით სამართლიანია, – წერს დიოდორე თვის შრომის შესავალში, – რომ ყველა ადამიანი დიდად მადლიერია იმათი, ვინც შეადგინა მსოფლიოს ისტორია, რადგანაც ეს მწერლები თავისი შრომით ისწრაფვიან დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს მათი თანაცხოვრების მოწყობაში. მართლაც, ისინი უშიშრად ასწავლიან ადამიანებს იმას, რაც მათთვის სასარგებლოა, გადასცემენ მკითხველებს უძვირფასეს ცოდნასა და ცხოვრების გამოცდილებას ისტორიული შინაარსის შრომების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა და შეგნება, ადამიანთა როგორც წარმატების, ისე მარცხის მიზეზთა შესახებ, შესაძლებელს ქმნის ცხოვრების გამოცდილებათა შეცნობას უხიფათო გზით… ხომ ძალზე კარგია, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვათა შეცდომები როგორც ჭკუის სწავლების მაგალითი სხვადასხვა შემთხვევისათვის მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და ჩვენ თვითონ აღარ მოგვიხდეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიქცეთ, არამედ შეიძლება მხოლოდ მივბაძოთ იმას, რაც სწორი და სასარგებლო იყო“

„იმის გამო, – აღნიშნავს დიოდორე, – რომ ისტორია მუდამ მოგვაგონებს სიქველეს, – მისი გავლენით ერთნი განიმსჭვალებიან შეგნებით, რომ აშენონ ქალაქები, მეორენი – რომ შექმნან საზოგადოებისათვის სასარგებლო კანონები, მესამენი – დაეწაფონ მეცნიერებასა და ხელოვნებას… და რადგანაც ეს ყველაფერი ზრდის ხალხთა კეთილდღეობას, ამიტომ პირველი ქება უნდა უძღვნათ ამის პირველ მიზეზს – ისტორიას“

შემოქმედება

დიოდორე სიცილიელის ნაშრომის სათაური შენახულია გაიუს პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორიაში", სადაც აღნიშნავს, რომ დიოდორე აგირიუმელს შეუდგენია ნაშრომი, რომელსაც „ბიბლიოთეკა“ ეწოდებოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში კი მას, როგორც წესი „ისტორიული ბიბლიოთეკის“ სახელით მოიხსენიებენ.

დიოდორე სიცილიელისთვის „ისტორიული ბიბლიოთეკა“ წმინდა კომპილაციური ხასიათის ნაშრომია, რომელშიც თითქმის უკრიტიკოდაა შეტანილი სხვადასხვა დროისა და ხასიათის წყაროთა მონაცემები, მცირე შემოკლებებითა და გარკვეულ ქრონოლოგიურ სისტემაში გაერთიანებით. ასეთი ზერელე, შემოკლებული მიმოხილვები და კრებულები, რომლებიც ზოგადი განათლებისათვის საკმარის ცნობებს იძლეოდა რომის იმპერიაში შემავალი ქვეყნებისა და მეზობელი ხალხების წარსულიდან, უფრო ადვილი მისაწვდომი იყო ფართო საზოგადოებისათვის.

დიოდორეს შრომის კითხვისას აშკარად იგრძნობა, რომ იგი რომის საზოგადოებისათვის არის დაწერილი. ავტორი ქედს იხრის რომის სახელმწიფოებრივი წყობილების ძლიერებისა და სიმდიდრის წინაშე. ამასთან ერთად, მისი შრომის ზოგიერთ ადგილას ჩანს სიცილიის მკვიდრთა კუთხური მიკერძოება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ისტორიულ ბიბლიოთეკას“ საბერძნეთის და ელინიზმის ხანის ისტორიის შესასწავლად. განსაკუთრებით ძვირფასია დიოდორეს თხზულება ელადის ისტორიის ძვ. წ. V საუკუნის შემდგომი ხანის კვლევისათვის. მართალია, ამისათვის ჩვენ ქსენოფონტის „საბერძნეთის ისტორია“ გვაქვს, მაგრამ დიოდორეს „ისტორიული ბიბლიოთეკა“ საგრძნობლად ავსებს და ასწორებს ქსენოფონტის შრომას; „ქსენოფონტი, როგორც ცნობილია, საკმაოდ ტენდენციური ისტორიკოსი იყო, რაც მის შრომას გარკვეულ დაღს ასვამს. დიოდორეს ნაწარმოები უფრო დამაჯერებელია და ზუსტი, ვიდრე ქსენოფონტისა;

დიოდორეს "ისტორიული ბიბლიოთეკა" შეიცავს ყველაზე გაბმულ თხრობას ფილიპე მაკედონელისა და ალექსანდრეს ისტორიისა, აგრეთვე დიადოხოსთა და ეპიგონთა ბრძოლების შესახებ; ამ ეპოქისათვის დიოდორე ყველაზე სრული წყაროა.

დიოდორეს შრომის წყალობით ჩვენ გვაქვს სპარტის მეფეთა და ათენის არქონტთა საკმაოდ სრული ნუსხები და მათი ქრონოლოგია რაც, მიუხედავად მისი ერთგვარი არეულობისა, მაინც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს მკვლევართა შორის.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დიოდორეს „ისტორიულ ბიბლიოთეკას“ ბოსფორის სამეფოს და საერთოდ ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის ბერძნულ კოლონიათა ისტორიის შესწავლაში. იგი პირველხარისხოვანი წყაროა ბოსფორის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისა და ქრონოლოგიის დადგენისათვის. დიოდორეს თხზულება ერთადერთი წყაროა, რომელიც ბოსფორის სამეფოს უძველესი დინასტიის – არქეანაქტიდების შესახებ გვაწვდის ცნობებს და მათი გამეფების თარიღსაც იძლევა; იგი მოგვითხრობს არქენაქტიდების დინასტიის სპარტოკიდებით შეცვლის შესახებ, იძლევა ამ ფაქტის თარიღს და შემდეგ პირველ სპარტოკიდთა ჩამოთვლას ევმელოსის შვილის სპარტოკის მეფობამდე. ამასთანავე, ცალკეული ცნობების ანალიზი და ამ ცნობათა დაწვრილებითი ხასიათი მოწმობს, რომ ბოსფორის სამეფოს ისტორიის შედგენისას, საერთო ხასიათის შრომების გვერდით, დიოდორეს უნდა გამოეყენებინა ადგილობრივი ისტორიული თხზულებებიც, რომელთა არსებობა მტკიცდება იმავე „ისტორიული ბიბლიოთეკის“ იმ ადგილებით, რომლებშიც მოტანილია სხვა წყაროებისათვის სრულიად უცნობი დეტალები.

რაც შეეხება მოთხრობას სკვითების შესახებ დიოდორე ბევრ შემთხვევაში თითქოს ჰეროდოტეს „ისტორიას“ მიჰყვება,

ასეთია დიოდორე სიცილიელის „ისტორიული ბიბლიოთეკის“ ძირითად დამახასიათებელი მხარეები. როგორც დავინახეთ, მიუხედავად ამ შრომის კომპილაციური ხასიათისა, იგი მაინც ძვირფასი წყაროა ძველი მსოფლიოს და, კერძოდ, საბერძნეთის ისტორიის შესწავლისათვის. მის გარეშე შეუძლებელია ბერძნული ელინისტური სამყაროს ისტორიის კვლევა-ძიება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები