თუკიდიდე
თუკიდიდე – ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე იყო სახელგანთქმული ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე, რომელიც მთელი საბერძნეთის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი – „პელოპონესის ომის“ (ძვ. წ. 431– 404) ავტორია. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტიკურმა ისტორიოგრაფიამ უდიდეს წარმატებას თუკიდიდეს შემოქმედებაში მიაღწია, მის მრავალმხრივ საყურადღებო ნაშრომს დიდად აფასებდნენ როგორც თანამედროვე, ისე შემდგომი თაობების არა მარტო ისტორიკოსები, არამედ პოეტებიც კი.
თუკიდიდეს ცხოვრებით დაინტერესებული ყოფილან ჯერ კიდევ ძველი ავტორები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ალექსანდრიული განათლების ეპოქაში, მაგრამ მათ შრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მათი ერთგვარი გამოძახილი ჩანს ორიოდე შემონახულ ბიოგრაფიაში. ერთი მათგანი ეკუთვნის მარცელინუსს. ზუსტად არ არის დადგენილი, თუ ვინ იყო ეს მარცელინუსი. ფიქრობენ, რომ ის ცხოვრობდა ახ. წ. V საუკუნეში; იყო რიტორი, ლექციებს უკითხავდა მოწაფეებს და უმთავრესად არჩევდა თუკიდიდეს სტილს. შესაძლოა, თავის ლექციებს მან წარუმძღვარა თუკიდიდეს ბიოგრაფიაც.
გვაქვს აგრეთვე თუკიდიდეს ისტორიის ხელნაწერებში მოთავსებული მისი ანონიმური ბიოგრაფია და ბიზანტიელი ლექსიკოგრაფოსის სვიდას მიერ შედგენილი ბიოგრაფია, რომელიც ძირითადად მარცელინუსს ემყარება და ამდენად მოკლებულია დამოუკიდებელ მნიშვნელობას.
ეს ბიოგრაფიები, სამწუხაროდ, არც ისე დამაჯერებელ ცნობებს გვაწვდიან, თუმცა მათი სრული უარყოფა მართებული არ იქნება.
სარჩევი[დამალვა] |
ბიოგრაფია
შეუძლებელია ზუსტად დავადგინოთ, თუ როდის დაიბადა და გარდაიცვალა თუკიდიდე. მარცელინუსის მიერ დაწერილ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: „დაამთავრა მან, სიცოცხლე, როგორც ამბობენ, დაბადებიდან 50 წელზე მეტისამ და ვერ დაასრულა თავისი ნაშრომი დაწესებულ ბოლომდე“, ე. ი. ძვ. წ. 404 წლამდე. აქედან კი თითქოს შეგვიძლია თუკიდიდეს დაბადების თარიღად დაახლოებით ძვ. წ. 454 წელი მივიჩნიოთ. მეორე მხრივ, ჩვენს ხელთ არის ახ. წ. 11 საუკუნის რომაელი მწერლის ავლუს გელიუსის ცნობა (XV, 23), რომლის მიხედვითაც პელოპონესის ომის დასაწყისში თუკიდიდე 40 წლისა უნდა ყოფილიყო. დადგენილია, რომ ასეთი ცნობა ავლუს გელიუსს ნერონის დროის სწავლული მწერალი ქალის პამფილასაგან აქვს ნასესხები, თუ ამ ცნობას დავუჯერებთ, თუკიდიდეს დაბადების თარიღად ძვ. წ. 471 წელი უნდა მივიღოთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ, სპეციალისტების აზრით, თვითონ პამფილას ცნობები ძე. წ. II ს. მწერალ აპოლოდორეს ნაშრომს ემყარება. აპოლოდორეს ლექსად დაწერილ „ქრონიკაში“ კი მის მიერ მოხსენიებულ პირთა ცხოვრების პერიოდები განსაზღვრულია ეგრეთ წოდებული აკმეს მიხედვით; აკმე ადამიანის მომწიფების, ტალანტისა და მოღვაწეობის ხანას ნიშნავდა. ასეთ ხანად 40 წელი იყო მიჩნეული, ცხადია, მსგავს ცნობებზე დამყარებით არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ თუკიდიდეს როგორც დაბადების ისე სიკვდილის წლები.
ჯერ კიდევ თუკიდიდეს ნაშრომის საუკეთესო გამომცემელი და კომენტატორი კლასენი აღნიშნავდა: „თუმცა ჩვენ თუკიდიდეს რამდენიმე ძველი ბიოგრაფია მოგვეპოვება, მაგრამ მისი ცხოვრების ვითარების ყოველი სარწმუნო ცნობა თითქმის მხოლოდ თვითონ მის მიერ გზადაგზა გამოთქმულ ზოგიერთ ამბავს ემყარება“.
თუკიდიდე ცხოვრობდა ძველი საბერძნეთისათვის უაღრესად რთულ პერიოდში. ამ დროს ათენში პოლიტიკურმა დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ახალგაზრდობაში იგი თვითმხილველი იყო პერიკლეს ბრწყინვალე ეპოქისა, ხოლო დავაჟკაცებისას – მონაწილე პელოპონესის ომისა. „მე განვიცადე მთელი ომი, – ამბობს თუკიდიდე, – ხნოვანების წყალობით ვერკვეოდი მასში და ყურადღებით თვალს ვადევნებდი“ (V, 26, 4). სხვა ადგილას იგი გვარწმუნებს, რომ თავისი ნაშრომის დაწერას იგი შეუდგა მაშინვე, „ომის წარმოქმნის მომენტიდან, იმაში დარწმუნებული, რომ ეს ომი იქნება ყველა წინანდელთან უფრო მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი“ (I, 1). მაშასადამე, პელოპონესის ომის დასაწყისში - ძვ. წ. 431 წელს – თუკიდიდე საკმაოდ მოწიფული ყოფილა და შეეძლო შეგნებულად ედევნებინა თვალ-ყური ომისა და მასთან დაკავშირებული მოვლენებისათვის.
დაბადების ადგილი სავსებით გარკვეულია. თვითონ თუკიდიდე თავის თავს ათენელს უწოდებს: „თუკიდიდე ათენელმა დაწერა პელოპონესელებსა და ათენელებს შორის ომის ისტორია“ (I, 1 წ.), მეორე მხრივ, იგი თავს ოლოროსის შვილად წარმოგვიდგენს (IV, 104, 4). ვინ იყო ეს ოლოროსი? ყოველ შემთხვევაში ეს სახელი ბერძნულად არ ჟღერს.
როგორც ჩანს, თუკიდიდე ქონებრივად თავის დროზე შეძლებულთა კატეგორიას ეკუთვნოდა. მარცელინუსი გვარწმუნებს: „თუკიდიდემ ცოლად შეირთო თრაკიელი ქალი სკაპტეგილედანს, ფრიად მდიდარი ადამიანი, რომელიც თრაკიაში ოქროს საბადოებს ფლობდა“ (19). ამას თვით თუკიდიდეს სიტყვები გვიდასტურებს: „სპარტის სარდალმა ბრასიდამ იცოდა, რომ თუკიდიდეს ეკუთვნის ოქროს საბადოების დამუშავება თრაკიის ამ ნაწილში და ამის წყალობით მატერიკზე ფრიად გავლენიან ადამიანებში ავტორიტეტით სარგებლობს” (IV, 105, 1). მაშასადამე, თუკიდიდემ მემკვიდრეობით მიიღო თრაკიაში მდიდარი ოქროს საბადოები და ამის წყალობით მას გაძევების ხანაშიც შეეძლო შედარებით უზრუნველი ცხოვრება.
სავსებით ბუნებრივია, რომ თუკიდიდე ახალგაზრდობიდანვე განიცდიდა და ათენის ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალე ხანის, პერიკლეს ეპოქის მოაზროვნეთა და მოღვაწეთა გავლენას და გასაგებია ისიც, რომ ყოველივე ეს თავისებურ გამოძახილს პოვებდა მის შემოქმედებაში.
თუკიდიდეს ბიოგრაფიისათვის უდავოდ მნიშვნელოვანია მისი ცნობა იმ საშინელი ჭირის შესახებ, რომელიც ძვ. წ.430-29 წელს ატიკაში მძვინვარებდა და რომელმაც მრავალი ათენელი იმსხვერპლა.
„…მე მოვუთხრობ მხოლოდ იმას, თუ როგორი იყო ეს სენი და მივუთითებ იმ სიმპტომებზე, რომელთა ნახვაზე, თუ ის ოდესმე განმეორდა, ყველას საშუალება ექნება… გამოიცნოს ის, ყოველივე ამაზე მივუთითებ, რადგან მე თვითონ ვიყავი ავად და პირადად ვაკვირდებოდი სხვებს, რომლებიც ამავე სენით იტანჯებოდნენ“.
თუკიდიდე მოგვითხრობს ათენელებში ამ სენის გავრცელების ნიადაგზე წარმოქმნილ სასოწარკვეთილებაზე. შერყვნილ ზნეობასა და შერყეულ დისციპლინაზე: „არავის ჰქონდა იმედი, – ამბობს იგი, – რომ იცოცხლებს იმ დრომდე, როცა თავისი დანაშაულისათვის სასამართლოთი სასჯელს მოიხდიდა. გაცილებით უფრო მძიმე განაჩენად ითვლებოდა ის, რაც უკვე თავს დასტრიალებდათ და ამიტომ ბუნებრივად ეჩვენებოდათ ადრე, ვიდრე ის შეემთხვეოდათ, სიცოცხლისაგან თუნდაც ზოგი რამით მაინც დამტკბარიყვნენ“ (II, 53,4).
თუკიდიდეს ნაშრომის ეს ადგილი, ერთი მხრივ, იმას გვიამბობს, თუ რაოდენ კეთილსინდისიერი და მიუდგომელი მეთვალყურე იყო ის ძველი ათენის ისტორიის საბედისწერო ეპოქისა და, მეორე მხრივ, რა ახლოს იდგა ათენის ხელმძღვანელ წრეებთან და სახელმწიფო მმართველობასთან. ზემოხსენებული მარცელინუსი კი გვარწმუნებს: „,მიაღწია რა მოწიფულობის ასაკს, ისტორიკოსი მონაწილეობას არ იღებდა სახელმწიფოს მმართველობაში, არ ადიოდა ორატორის ტრიბუნაზე, მაგრამ ის იყო სტრატეგისო“ (23). როგორც თვითონ თუკიდიდეს სიტყვებიდან ჩანს (IV, 105, 4), ძვ. წ. 424 წლის ბოლოს ის თრაკიის სანაპიროს სტრატეგოსად იყო არჩეული. სტრატეგოსად თუკიდიდეს ვერ აირჩევდნენ, თუ იგი სამხედრო საქმეს კარგად არ იქნებოდა გაცნობილი. კლისთენის დროიდან ირჩევდნენ ათ სტრატეგოსს (მთავარ სამხედრო უფროსებს), როლებიც ერთ კოლეგიას შეადგენდნენ. ისინი წარმოადგენდნენ არა მარტო სახელმწიფოს ყველა სამხედრო ძალის მთავარ უფროსებს, არამედ მათ ხელში იყო საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობაც.
რა ბედი ეწია თუკიდიდეს თრაკიის სანაპიროზე სტრატეგოსად ყოფნის დროს? როგორც ვიცით, პელოპონესის ომის პროცესში სპარტას სარდალმა, ბრასიდამ საომარი მოქმედება გადაიტანა ჩრდილოეთით, კერძოდ, თრაკიის სანაპიროზე, როცა სტრიმონის ყურესთან მთავარი ქალაქის ამფიპოლოსის კედლებთან დაბანაკდა, მცხოვრებლებმა მაცნე წარგზავნეს სტრატეგოს თუკიდიდესთან „ოლოროსის შვილთან რომელმაც დაწერა ეს ისტორია და რომელიც მაშინ თასოსის მახლობლად იმყოფებოდა… მოთხოვნით, საჩქაროდ წასულიყო მათ დასახმარებლად. თუკიდიდე სწრაფად წავიდა 7 ხომალდით, რომლებიც მის განკარგულებაში იყო“ (IV, 4–5). მაგრამ დროზე ვერ მიუსწრო და ქალაქი ბრასიდას დანებდა. ათენელებმა მწვავედ განიცადეს ამფიპოლოსის დაკარგვა, თუკიდიდე სტრატეგოსობიდან გადააყენეს, სასამართლოში მისცეს და სამუდამოდ გაძევება მიუსაჯეს. თვითონ თუკიდიდე გვარწმუნებს, რომ ის 20 წლის განმავლობაში იყო გაძევებული, მაგრამ ამ დროს ახლოს იდგა ორივე მეომარი მხარის საქმეებთან, განსაკუთრებით კი „პელოპონესელების საქმეებთან“ და უფრო მეტი საშუალება ჰქონდა გაერკვია ესა თუ ის ამბავი (V, 26, 6). როდის იქნა გატარებული ის ამნისტია რომელმაც თუკიდიდე დააბრუნა, ეს დღემდე საკამათოა. თუ მარცელიუსის ცნობას დავუჯერებთ, გამოდის, რომ „ათენელებმა სიცილიაზე დამარცხების შემდეგ ნება დართეს ყველა გაძევებულს, გარდა პისისტრატისებია ათენში დაბრუნებულიყო (32). მაგრამ ეს ცნობა სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. უფრო საფიქრებელია, რომ თუკიდიდეს დაბრუნება მოხდა 404 წლის ზავის დადებამდე.
სად და რა პირობებში გარდაიცვალა თუკიდიდე ჩვენთვის ცნობილი არ არის. უდავოა მხოლოდ ის, რომ კიმონის საგვარეულო აკლდამაში აღმართული ყოფილა თუკიდიდეს საფლავის ძეგლი, რომელიც პლუტარქეს პირადად უნახავს, როგორც ამას კიმონის ბიოგრაფიაში გადმოგვცემს. ძეგლზე ყოფილა წარწერა: „თუკიდიდე, ოლოროსის ვაჟი, ჰალიმუსელი, აქ განისვენებს“.
თუკიდიდეს პოლიტიკური მრწამსი
ვიდრე თუკიდიდეს შემოქმედების დახასიათებასა და შეფასებას შევუდგებოდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია პირველ რიგში განვიხილოთ საკითხი მისი პოლიტიკური მრწამსის. ამ მხრივაც ძირითადად ისევ მის ნაშრომს უნდა მივმართოთ. მის მიერ გამოთქმული აზრების მიხედვით, თუკიდიდე ზომიერი ოლიგარქიის მომხრედ და დემოკრატიისადმი უარყოფითად განწყობილ ადამიანად გვევლინება. ის რამდენჯერმე დაცინვით აღნიშნავს დემოსის განწყობილების ცვალებადობასა და მერყეობას. ასე მაგალითად, როცა იგი პერიკლეს მოღვაწეობას ეხება, გვარწმუნებს, რომ სახელით მისი მმართველობა დემოკრატია იყო, საქმით კი ხელისუფლება პირველ მოქალაქეს ეკუთვნოდაო და იქვე ნათლად გვისურათებს მისდამი მოქალაქეების განწყობილების მუდმივ მერყეობას (II, 65). თუკიდიდეს გადმოცემით (VI, 89, 5-6), ანტიდემოკრატიულად განწყობილი ალკიბიადე ხაზს უსვამდა თურმე „დემოკრატიული წყობილებისათვის ჩვეულ თავგასულობას, კიცხავდა დემოსის ბატონობას და დემოკრატიულ წყობას საერთოდ აღიარებულ სიგიჟეს“ უწოდებდა.
განსაკუთრებით უარყოფითია თუკიდიდეს მიერ რადიკალური დემოკრატიის მეთაურების დახასიათება. ასე მაგ. ათენის რადიკალური დემოკრატიის ცნობილ მეთაურს კლეონს ის, ერთი მხრივ, „მოქალაქეების მიმართ ძალმომრეობისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილ“ ადამიანად წარმოგვიდგენს, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ ეს თავხედი და ულმობელი პიროვნება ხალხის უდიდესი ნდობით სარგებლობდა“ (III, 36, 6). უაღრესად საყურადღებოა კლეონის შეხედულება მოკავშირეებისადმი დამოკიდებულების საკითხზე, რაც თუკიდიდეს გარკვევით აქვს გადმოცემული (III, 34-40). ათენის სახალხო კრებაზე (ეკლესიაზე) წარმოთქმულ სიტყვაში კლეონი არწმუნებს დამსწრეთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს სხვებზე ბატონობის უნარი არ შესწევს. „თქვენ ანგარიშს არ უწევთ - იმას, – ეუბნება იგი კრებას, – რომ თქვენი ბატონობა ტირანიაა, რომ მოკავშირეებს თქვენდამი მტრული განზრახვები აქვთ და უხალისოდ ითმენენ თქვენს ბატონობას. ისინი გემორჩილებიან თქვენ არა იმიტომ, რომ სიკეთეს უშვრებით და ამით თქვენს თავს ავნებთ, არამედ უფრო იმიტომ, რომ თქვენ აღემატებით მათ ძლევამოსილებით და აქ არავითარ როლს არ თამაშობს მათი თქვენდამი განწყობილება“.
თუკიდიდეს სახელმწიფო წყობილების საუკეთესო ფორმად მიაჩნია ის ზომიერი დემოკრატია, რომელიც ათენში ძვ. წ. 411 წელს. დამყარდა ოთხასის ოლიგარქიის დამხობის შემდეგ და ხელისუფლება გადაეცა 5000 შეძლებულ მოქალაქეს. ეს ფორმა, მისი აზრით, ოლიგარქიისა და დემოკრატიის ზომიერ შეერთებას წარმოადგენდა. განსაკუთრებით მოსწონს მას ოლიგარქოსების ზომიერი ფრთის მეთაურის - თერამენეს მოქმედება, ფიქრობს, რომ თერამენეს კონსტიტუციამ, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო გამოიყვანა იმ სავალალო მდგომარეობიდან. რომელშიც იგი იმყოფებოდა (VIII, 97), მოკლედ, ხუთიათასის ზომიერი დემოკრატია წარმოადგენდა თუკიდიდეს პოლიტიკურ იდეალს.
ომის ისტორია პელოპონესელებსა და ათენელებს შორის
თუკიდიდეს მიზნად დაუსახავს მთლიანად გადმოეცა პელოპონესის ომის ისტორია, მაგრამ ვერ დაუმთავრებია და ძვ. წ, 411 წელზე შეჩერებულა. როგორც ჩანს, თუკიდიდეს თავისი შრომისათვის სათაური არ დაურქმევია. ნაშრომის დასაწყისშივე იგი გვეუბნება: „თუკიდიდე ათონელმა დაწერა ომის ისტორია პელოპონესელებსა და ათენელებს შორის“. ნაშრომის მეორე თავიც ასევე იწყება; „ომი ათენელებსა და პელოპონესელებს შორის … იწყება ქვემომოყვანილი ამბებით“ (II, I), ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იგი ამ ომს პელოპონესელებსა და ათენელებს შორის ამტყდარი ომის საერთო სახელით მოიხსენიებს. მის ნაშრომში ვხვდებით მხოლოდ ასეთ გამოთქმებს: „ეს ომი”, „ამ ომში“ და ა.შ. თუკიდიდეს გადმოცემით, ათენელები ამ ომს უწოდებდნენ „დორიულს“. „დადგება დორიული ბრძოლა და მასთან შავი ჭირი“ (II, 54, 2), ხოლო პელოპონესელები –. „ატიკურს“ (V, 2, 2).
პირველად მას პელოპონესის ომი უწოდა იულიუს ცეზარმა და ავგუსტუსის თანამედროვე ისტორიკოსმა დიოდორე სიცილიელმა (XII, 4, ხოლო პლუტარქემ ლიკურგოსის ბიოგრაფიაში (28) თუკიდიდეს ისტორიას „პელოპონესიაკა“, ე. ი. „პელოპონესის ისტორია“ უწოდა. ყოველივე ამის მიხედვით, თუკიდიდეს მიერ აღწერილი ომი დღეს პელოპონესის ომის სახელით არის ცნობილი, აკადემიკოსი ს. ჟებელიოვი ყურადღებას აქცევს იმას, რომ ზოგიერთ - საუკეთესო ხელნაწერში, რომელშიც დაცულია თუკიდიდეს ნაშრომი, მას უბრალოდ „ისტორია“ ეწოდება და ასკვნის: „ეს სათაური ჩვენც დავტოვეთ, თუმცა დარწმუნებული არა ვართ, რომ სწორედ ასე უწოდებდა თავის ნაშრომს თვითონ ავტორი“.
თუკიდიდეს ისტორია 8 წიგნად არის დაყოფილი და ეს დაყოფა დღეს საერთოდ მიღებულია. პირველი წიგნი პელოპონესის ომის ისტორიის თავისებური შესავალია. მასში მოცემულია ბერძენი ხალხის ისტორიული განვითარების მოკლე სურათი (I, 1-22). აქვეა განხილული პელოპონესის ომის მიზეზი და საბაბი (I, 23-88), წარმოდგენილია ე. წ. პენტეკონტაეტიის! (ორმოცდაათწლეულის) ამბების მიმოხილვა (I, 89-118), მასშია აგრეთვე ექსკურსი პისისტრატეს ტირანიის, სპარტის მეფის პავსანიანისა და თემისტოკლეს შესახებ (I, 118-146), რასაკვირველია, ყველა ამბის თანამედროვე თუკიდიდე ვერ იქნებოდა, მაგრამ მას ეს მიმოხილვა დიდი კეთილსინდისიერებით და გულმოდგინებით დაუწერია. „დაე, იცოდნენ, რომ შემთხვევები, - ამბობს იგი, – ჩემ მიერ აღდგენილია უმეტესად უტყუარ ჩვენებათა მოხმობით, იმდენად სრულად, რამდენადაც ამის ნებას მათი სიძველე გვაძლევდა“ (I, 21, 1).
ნაშრომის II-VIII წიგნები უკვე პელოპონესის ომის მსვლელობისადმი მიძღვნილი, წლების მიხედვით. მეხუთე წიგნი შეიცავს ძვ. წ. 421-415 წლების ამბების გადმოცემას და თითქოს მეექვსე და მეშვიდე წიგნების თავისებურ პროლოგს წარმოადგენს, რომელშიც მოთხრობილია სიცილიის ექსპედიციის შესახებ. სპეციალისტების აზრით, მეშვიდე წიგნი ანტიკური ისტორიული თხრობის საუკეთესო ნიმუშად უნდა ჩაითვალოს.
უკანასკნელ, მერვე წიგნში აღწერილია დეკელეის ომის პირველი წლები და ძვ. წ. 411 წლის ოლიგარქიული გადატრიალება ათენში.
თვითონ თუკიდიდეს თავის ნაშრომი არ გამოუცია. აკადემიკოს ჟებელიოვს, რომელმაც ამ საკითხს ცალკე ნარკვევი მიუძღვნა, სარწმუნოდ მიაჩნია ახ. წ. III საუკუნის ერთი მწერლის ცნობა, რომ ის ქსენოფონტემ გამოსცა.
თუკიდიდე ითვლება ისტორიული კრიტიკის ფუძემდებლად. როდესაც ის მოკლედ მიმოიხილავს საბერძნეთის შორეულ წარსულს, გვეუბნება: „აი როგორი იყო ძველი დრო ჩემი გამოკვლევით, თუმცა ძნელია დაყრდნობა მის შესახებ ჩვენებებზე, განურჩევლად, როგორიც არ უნდა იყვნენ ისინი. საქმე იმაშია, რომ ადამიანები ერთიმეორისაგან გადმოიღებენ ხოლმე თქმულებებს წარსულზე, თუნდაც ეს მათ სამშობლოს ეხებოდეს, ერთნაირად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე …ადამიანთა „უმრავლესობას ეგოდენ მცირედ აფიქრებს ჭეშმარიტების ძიება და უფრო ხალისით იღებს მზა აზრებს“ (I, 20).
ჩვენი დროის მკვლევრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ თუკიდიდეს შემოქმედებას და მას ანტიკური ისტორიოგრაფიის ბრწყინვალე წარმომადგენლად მიიჩნევენ. არც ერთ ანტიკურ ისტორიკოსთაგან ისე არ უახლოებდნენ თანამედროვე მკვლევრებს მეთოდისა და მასალისადმი კრიტიკული მიდგომის მხრივ, ისე არ აფასებდნენ განსაკუთრებული მიუდგომლობისათვის, მხატვრული თხრობისადმი პოლიტიკური გაგებისა და ფილოსოფიურ იდეალთა სიღრმისათვის და ისე ხშირად არ უყენებდნენ მაგალითად გვიანდელ თაობებს, როგორც თუკიდიდეს.