ჰეროდოტე
ჰეროდოტე – (ძვ. ბერძნ. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, დაახლ. 484-425)- ძველი ბერძენი ისტორიკოსი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
ჰეროდოტეს ცხოვრების შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები მეტად მწირია. თვითონ ჰეროდოტე თავის თავზე ძალიან ცოტას გვაუწყებს, ხოლო ძველი დროიდან მომდინარე რამდენიმე ცნობა მის შესახებ, შემონახული დიონისე ჰალიკარნასელთან (ძვ. წ. I ს.), რომაელ ისტორიკოს ავლუს გელიუსთან (ახ. წ. II.) და ბიზანტიური ხანის ლექსიკოგრაფ სვიდასთან, დაუზუსტებელია. იგი აგრეთვე მოხსენებულია ზოგ სხვა მწერალთანაც.
დიონისე ჰალიკარნასელის თქმით: „ჰეროდოტე ჰალიკარნასელი დაიბადა სპარსელებთან ომის წინ და იცოცხლა პელოპონესის ომამდე“.
ავლუს გელიუსი თავის „ატიკურ ღამეებში“ აღნიშნავს, რომ პელოპონესის ომის დაწყების წინ ჰეროდოტე ორმოცდაათი წლისა იყოო.
უცნობია აგრეთვე ჰეროდოტეს გარდაცვალების წელიც. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჰეროდოტეს შრომაში ამბავთა თხრობა თავდება ძვ. წ. 430 წლით. საფიქრებელია, რომ ჰეროდოტე ძვ. წ. 430 წლის შემდეგ მალე უნდა გარდაცვლილიყო.
დღეს, ყველა ცნობისა და გარემოების გათვალისწინების საფუძველზე, მეცნიერების მიერ აღიარებულია, რომ ჰეროდოტე დაბადებულია დაახლოებით ძვ, წ. 485 წ. და გარდაცვლილია ძვ. წ. 425 წლის მახლობელ ხანებში.
არც ჰეროდოტეს დაბადების ადგილია გარკვეული. მართალია, ჰეროდოტეს შრომა იწყება სიტყვებით, რომლებშიც იგი თავს ჰალიკარნასელს უწოდებს, მაგრამ როგორც მკვლევართა მიერაა დადგენილი, ანტიკურ ხანაში ჰეროდოტეს შრომაში „ჰალიკარნასელის“ მაგიერ ეწერა „თურიელი“ და შესწორება მხოლოდ შემდეგაა შეტანილი. „თურიელს“ კი ჰეროდოტე თავის თავს იმის გამო უწოდებდა, რომ ის კარგა ხანს ცხოვრობდა ამ ქალაქში, აქ უნდა დაესრულებინა“ მას თავის შრომა.
ჰეროდოტე დაბადებული უნდა იყოს ჰალიკარნასში, ამაზე მეტყველებს სტეფანე ბიზანტიელის მიერ შემონახული, ჰეროდოტეს საფლავის ქვაზე წარწერილი შემდეგი შინაარსის ეპიტაფია:
- აქა მდებარეობს ლიკსის ძის ჰეროდოტეს ნეშტი.
- იყო საუკეთესო ისტორიკოსი იონიურ ენაზე მწერალთა შორის,
- აღიზარდა დორიულ სამშობლოში და შეურაცხყოფისათვის რომ თავი დაეღწია,
- მან თავის სამშობლოდ თურია გაიხადა.
„თავის დაღწევაში“, ჰეროდოტეს ბიოგრაფიის ბევრი მკვლევრის აზრით, იგულისხმება ჰეროდოტეს მიერ ჰალიკარნასის დატოვება, რათა თავიდან აეცილებინა ის სასჯელი, რომელიც მას მოელოდა ჰალიკარნასში ტირან ლიგდამიდის დამხობის უშედეგო ცდაში მონაწილეობისათვის.
ძველი საბერძნეთის ისტორიის ცნობილმა ინგლისელმა მკვლევარმა ჯ. ტომსონმა 1949 წელს წამოაყენა მოსაზრება, რომ ჰეროდოტე შეიძლება კარიელი იყოსო. იგი წერს: „კარიაში ძირითადი ბერძნული ახალშენი ჰალიკარნასი იყო, ქალაქი, სადაც დაიბადა ჰეროდოტე. თვითონ ისტორიკოსი წარმოშობით ალბათ კარიელი იყო, რადგანაც მისი მამის და ბიძის სახელი, ლიკსი და პანიასისი არაბერძნულია“. ჰალიკარნასი მდებარეობდა ეგეოსის ზღვის სანაპიროს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. გადმოცემის მიხედვით, იგი ძვ. წ. VII საუკუნეშია აღმოცენებული, როგორც დორიელთა კოლონია. დორიელებს აქ დახვედრიათ ადგილობრივი მოსახლეობა კარიელების სახით, რომლებიც შემდეგშიც ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ.
ჰალიკარნასიდან ლტოლვილი ჰეროდოტე დასახლებულა კუნძულ სამოზე. ამას ადასტურებს თვით მისი შრომის შინაარსი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი სამოსის ღირსშესანიშნავი ადგილები.
შემდეგში ჰეროდოტე დაბრუნებულა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ სვიდას ცნობით, იძულებული გამხდარა კვლავ მიეტოვებინა იგი, რადგანაც ქალაქელები ალმაცერად უყურებდნენ. სრულუფლებიან მოქალაქედ გახდომა ლტოლვილს შეეძლო მხოლოდ ელინთა კოლონიაში და ამიტომაც მან ქ. თურიას მიაშურა, ამიერიდან ეს ქალაქი შეიქნა ჰეროდოტეს მეორე სამშობლო. ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ცხოვრობდა ჰეროდოტე თურიაში. ერთხანს უცხოვრია აგრეთვე ათენში, სადაც მას საჯაროდ წაუკითხავს თავისი შრომის ნაწილი. ათენში ყოფნის დროს ჰეროდოტე გასცნობია და დაახლოებია მრავალ წარჩინებულ ბერძენს.
ჰეროდოტეს სწავლის შესახებ არავითარი ძველი ცნობა არ მოგვეპოვება, მაგრამ უდავოა, რომ იგი თავისი დროის დიდად განათლებული ადამიანი იყო. კერძოდ, იგი კარგად იცნობდა მაშინდელ ბერძნულ ეპოსსა და ლიტერატურას.
ჰეროდოტეს ბევრი უმოგზაურია, მას მოუვლია: ბაბილონი, ეგვიპტე, სკვითეთი, კოლხეთი, თრაკია, კირენა, ელადა (როგორც ხმელეთი, ისე კუნძულები), მცირე აზია, სამხრეთ იტალია.
რა თქმა უნდა, აღნიშნული ქვეყნების ყველა პუნქტში არ ყოფილა ჰეროდოტე და ზოგი მათგანის შესახებ მოუთხრობს მხოლოდ სხვისგან გაგონილს.
სავარაუდოა, რომ ამ მოგზაურობას, გარდა მეცნიერული მიზნებისა, პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა.
შემოქმედება
ჰეროდოტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანა მნიშვნელოვანი პერიოდი იყო როგორც ელინთა სამყაროს ცხოვრებაში, ისე მაშინდელი მსოფლიოს განვითარების საერთო პროცესში. ბერძენ-სპარსელთა ომები უკვე იმის მაჩვენებელია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული – გეოგრაფიულად, ეთნიკურად და მატერიალურ-კულტურულად შემოსაზღვრული – ქვეყნები ესწრაფვიან თავიანთი ტერიტორიების გაფართოებას.
სპარსეთის დამარცხების შემდეგ გაიზარდა საქმიანი ურთიერთობა ელადისა გარე სამყაროსთან, უფრო ინტენსიური გახდა ბერძენთა მიმოსვლა და აღებ-მიცემობა, რასაც გზა გაუხსნა ათენის ფლოტის ზღვებზე გაბატონებამ.
ბერძენთა სისტემატურმა საქმიანმა კონტაქტებმა გარე სამყაროსთან გაზარდა ბერძენთა მატერიალური დოვლათი და გაამდიდრა ელინური კულტურის საგანძური. ელინთა წინაშე წამოიჭრა სამყაროს სრულყოფილად აღქმის ამოცანა, გაიზარდა მსოფლმხედველობის ჰორიზონტი. საჭირო გახდა გარემოში გარკვევა, რაც ფართო ცოდნის მიღებით შეიძლებოდა, ამ ნიადაგზე გაიზარდა სხვადასხვა ქვეყნის შესწავლისა და მის შესახებ ცნობების თანამემამულეთათვის გაზიარების სურვილი.
მსგავსი ამოცანის შესრულება კი ლოგოგრაფოსების მიერ შექმნილ ლიტერატურულ ჟანრს არ შეეძლო. საჭირო იყო უფრო ფართო ხასიათისა და შინაარსის შრომა, რომელიც ადგილობრივი მასალით კი არ იქნებოდა შემოფარგლული, არამედ მოიცავდა ცნობებს როგორც ელინური, ისე ბარბაროსული სამყაროს შესახებ, რადგან ცხოვრების შემდგომი განვითარება უნდა წარმართულიყო ამ ორი სამყაროს გაცხოველებული საქმიანი ურთიერთობის საფუძველზე.
რაციონალიზმის ნიადაგზე გაფერმკრთალდა მითოლოგიური მასალა და მას დაუპირისპირდა ცხოვრებიდან აღებული ამბების თხრობა, ეს იყო პირველი ნაბიჯი მითოლოგიური ტყვეობიდან განთავისუფლებისაკენ.
ჰეროდოტე მიჩნეულია პირველ ბერძენ ისტორიკოსად, ციცერონმა მას „ისტორიის მამა“ უწოდა.
ჰეროდოტეს შრომის საგანი გახდა ბერძენ-სპარსელთა ომები. ჰეროდოტე თავის შრომას იწყებს იმის აღნიშვნით, რომ დროთა ვითარებაში დავიწყებას არ უნდა მიეცეს ბერძნებსა და სპარსელებს შორის ომის მიზეზები (I-1).
ჰეროდოტეს თხზულებას ჩვენი დროის გამოცემებში სხვადასხვანაირად ასათაურებენ. ხან მას ეწოდება „ჰეროდოტეს ისტორია“, ხან კი „ჰეროდოტეს მუზები“. ეს სახელწოდებები თვით გამომცემლების მიერ არის მიკუთვნებული. რაც იმით აიხსნება, რომ ხელნაწერების უმრავლესობაში არ არის მოცემული თხზულების საერთო სათაური; მოიპოვება მხოლოდ ცალკეული ნაწილების სათაურები.
ჩვენამდე მოღწეულია ჰეროდოტეს ისტორიის რამდენიმე ხელნაწერი, რომელთაგანაც უძველესი მეათე საუკუნისაა. მასში შრომის შინაარსი მთლიანად არის გადმოცემული. იგი დაცულია ლორენცოს მონასტრის ბიბლიოთეკაში, დაწერილია ეტრატზე და შეიცავს 376 ფურცელს.
არსებობს ჰეროდოტეს შრომის რამდენიმე კრიტიკულ–მეცნიერული გამოცემა; მათ შორის აღსანიშნავია შტაინის გამოცემა, რომელსაც ახლავს ვრცელი შესავალი, ტექსტის კომენტარები, შინაარსის ინტერპრეტაცია, აგრეთვე შრომაში მოხსენებული გეოგრაფიულ პუნქტთა და პირთა განმარტებები.
შემდგომ გამოცემებში მოცემულია ჰეროდოტეს შრომის სხვადა სხვა ადგილის დაზუსტებისა და განმარტების ცდები. კამათი მკვლევართა შორის ამ მიმართულებით ჯერაც გრძელდება, რაც კარგად ჩანს ფ. ლეგრანის მიერ განხორციელებულ ჰეროდოტეს შრომის გამოცემაში. გამომცემელმა ცვლილება შეიტანა ჰეროდოტეს შრომის ტრადიციულ ნაწილებად დაყოფაში და ცხრის მაგიერ, ათ ნაწილად დაყო. აღსანიშნავია, რომ ლეგრანს თავის გამოცემაში მოტანილი აქვს თხზულების ტექსტის სხვადასხვა დროის ბერძნული ვარიანტები და მოცემულია ზოგიერთის ახლებურად წაკითხვა.
ჰეროდოტეს შრომისადმი მეცნიერული ინტერესი ყოველთვის დიდი იყო და იგი დღესაც არ ამოწურულა; მისი შესწავლის პროცესში სულ ახალ-ახალი პრობლემები იჩენს თავს. ამან წარმოშვა ჰეროდოტეს თხზულების შესწავლა-განმარტებისადმი მიძღვნილი უხვი ლიტერატურა. როგორც ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში, ისე გამოცემებში, ჰეროდოტეს შრომა დაყოფილია ცხრა წიგნად, რომელთაგანაც თითოეულს აქვს თავისი სახელწოდება.
როგორც დღეს მიღებულად ითვლება, ჰეროდოტეს შრომის ამგვარი დანაწილება და ცალკეული ნაწილებისათვის სახელის მიკუთვნება ალექსანდრიელ მეცნიერთა საქმეა. პირველი ცნობა ჰეროდოტეს შრომის ცხრა წიგნად დაყოფის შესახებ ეკუთვნის დიოდორე სიცილიელს. ხოლო მისი წიგნების სახელდება „მუზებად“ პირველად ლუკიანესთან (ახ. წ. II ს.) გვხვდება.
ჰეროდოტეს შრომის ცხრა წიგნის მუზების სახელდება ასეთია: I. კლიო (ისტორიის მუზა); II. ევტერპე (ლირიკული პოეზიის მუზა, რომელსაც სალამურით ხელში გამოხატავდნენ); III. ტალია (კომედიის მუზა); IV. მელპომენე (ტრაგედიის მფარველი მუზა, სცენური ხელოვნების სიმბოლო); V. ტერფსიქორე (ცეკვისა და გუნდური სიმღერის მფარველი მუზა); VI. ერატო (პოეზიის მფარველი მუზა); VII. პოლიჰიმნია (ღვთაებრივი პოეზიის, ჰიმნების მფარველი მუზა); VIII. ურანია (ასტრონომიის მფარველი მუზა); IX. კალიოპე (მჭევრმეტყველების მფარველი მუზა).
შრომის თითოეული წიგნი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, წარმოადგენს გარკვეული შინაარსის მქონე ცალკეულ კარს, რომელსაც ახასიათებს შინაგანი მთლიანობა.
იმის გამო, რომ შრომაში, რომელსაც. ჩვეულებრივ იხსენიებენ ჰეროდოტეს „ისტორიის“ სახელწოდებით, თხრობის მთავარ საგანთან ერთად, ხშირად სხვა რამეზედაც არის საუბარი. ე. ი. შრომაში ხშირია ძირითადი თემიდან გადახვევის შემთხვევები, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს შრომა უგეგმოდ არის აგებული, შინაგანი შინაარსობრივი კავშირის გარეშე. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჰეროდოტეს „ისტორიის“ შინაარსის გულდასმით შესწავლა ცხადყოფს, რომ შრომა დაწერილია ავტორის მიერ გააზრებული გეგმის მიხედვით.
პირველ წიგნში ჰეროდოტე მოგვითხრობს წინააღმდეგობასა და მტრობაზე ელინურ და ბარბაროსულ სამყაროს შორის, დაწყებული მითოლოგიური პერიოდიდან. აქ ჰეროდოტეს შემთხვევა ეძლევა, რომ სიტყვა ჩამოაგდოს, ერთი მხრივ, ლიდიის სამეფოზე, მეორე მხრივ, ათენსა და სპარტაზე და მოუთხრობს მკითხველს ამ მხარეების ისტორიას. შემდეგ იგი ჰყვება სპარსეთის მიერ ლიდიის სამეფოს დაპყრობასა და სპარსელთა ლაშქრობაზე მცირე აზიელი ელინების, ბაბილონელებისა და მასაგეტების წინააღმდეგ, სადაც გადმოცემულია ცნობები ამ ხალხებზე, მათ ზნე-ჩვეულებასა და სხვათა შესახებ.
მეორე წიგნი მოიცავს თხრობას კამბიზის მიერ ეგვიპტის დასაპყრობად წარმოებულ ლაშქრობაზე; აქვე მოცემულია ვრცელი ცნობები ეგვიპტეზე.
მესამე წიგნი მოგვითხრობს კამბიზის ლაშქრობის გაგრძელებას, ეგვიპტის დაპყრობას, კამბიზის სიკვდილსა და დარიოსის გამეფებაზე; ამ უკანასკნელის საშინაო და საგარეო მოღვაწეობაზე.
მეოთხე წიგნში დარიოსის სკვითებზე ლაშქრობას წინ უსწრებს შავი ზღვის ჩრდილოეთით მოსახლე ტომების – ყველაზე ვრცლად კი სკვითების – სამოსახლო ადგილების, ხალხისა და მათი ყოფა-ცხოვრების აღწერილობა. შემდეგ მოთხრობილია დარიოსის დროს სპარსელთა ლაშქრობაზე ელადაში.
მეხუთე წიგნის დასაწყისში მოთხრობილია, დარიოსის მიერ თრაკიაში დატოვებული სპარსელი სარდლის მეგაბიზეს მიერ თრაკიის ზღვის სანაპირო ნაწილის დაპყრობაზე. აქვეა აღწერილი თრაკიელთა ზნე-ჩვეულებანი. ამ წიგნის უმეტესი ნაწილი ეძღვნება იონიელი ბერძნების აჯანყებასა და მათ ბრძოლას სპარსელთა წინააღმდეგ.
მეექვსე წიგნში ავტორი განაგრძობს თხრობას მცირეაზიელი ელინების ბრძოლაზე და მათ დამარცხებაზე, რასაც შედეგად ქ. მილეტის დანგრევა მოჰყვა. მერე მოთხრობილია იონიის დამორჩილების შემდეგ, დარიოსის მიერ ელინთა დასასჯელად მოწყობილ ორ დიდ ლაშქრობაზე, რომელთაგანაც პირველი, მარდონიოსის მეთაურობით მიმართული იყო ერეტრეასა და ათენის წინააღმდეგ და სპარსელების მარცხით დამთავრდა; ხოლო მეორე, დატისისა და არტაფერნის მეთაურობით, დამთავრდა მარათონის ცნობილი ბრძოლით, სადაც ათენელებმა მილტიადეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. შემდეგ მოთხრობილია საბერძნეთის ზოგიერთი შინაური ამბები.
მეშვიდე წიგნში, დარიოსის სიკვდილისა და ქსერქსეს გამეფებაზე ლაპარაკის შემდეგ, მოთხრობილია სპარსელთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის მოძრაობაზე ევროპასა და აზიაში, ამ ლაშქრობებში მონაწილე ხალხებსა და მათ შეიარაღებაზე. ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში მოსახლე ბერძნების ურთიერთშორის და კართაგენის წინააღმდეგ ბრძოლაზე. და ბოლოს, სპარსელთა ლაშქრობაზე: თრაკიაში, მაკედონიასა და თესალიაში. თხრობა თავდება თერმოპოლის ბრძოლის აღწერით.
მერვე წიგნში გადმოცემულია არტემისიასთან საზღვაო ბრძოლის, თერმოპოლისის ბრძოლისა და სალამინთან ბრძოლის მიმდინარეობა და მათთან დაკავშირებული ვითარებანი. აღწერილია ქსერქსეს აზიაში დაბრუნება და მის მიერ თესალიაში დატოვებულ სარდალ მარდონიოსის ცდა გადაებირებინა ათენელები სპარსეთის მხარეზე.
მეცხრე წიგნის შინაარსია ბერძენ-სპარსელთა ომიანობის დასასრული ელადაში. თხრობის უმეტესი ნაწილი განეკუთვნება პლატეასა და მიკალესთან ბრძოლის ამბებს. ჰეროდოტეს მიერ გადმოცემული უკანასკნელი ფაქტია ბერძნების მიერ ქ. სეტის აღება ძვ. წ. 476 წ. ამით თავდება სპარსელთა მეორე ომი ელინებთან.
შემდეგ გადმოცემულია ამბავი იმის შესახებ, თუ კიროსი როგორ დაეთანხმა სპარსელებს, როლებმაც გამოთქვეს სურვილი ესარგებლათ მრავალ ხალხზე თავიანთი ბატონობით და გადასახლებულიყვნენ სხვა უკეთეს მხარეში. მაგრამ კიროსმა ამასთანავე დაურთო, რომ მაშინ სპარსელებს მოუხდებათ ხელი აიღონ ბატონობაზე და შეეგუონ მორჩილებას, რადგან მდიდარ ქვეყანაში ხალხიც განებივრებულია; ერთსა და იმავე ქვეყანას არ ძალუძს წარმოშვას ერთსა და იმავე დროს განსაცვიფრებელი ნაყოფი და მამაცი მეომარიც.
ჰეროდოტეს „ისტორიაში“ დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ და აღწერილია ქართველთა ზოგიერთი ზნე-ჩვეულება. ჰეროდოტეს თხზულებაში ვხვდებით ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანეკდოტებსა და სხვა ფოლკლორულ ჟანრებს. აღსანიშნავია „რამპსინიტის ზღაპარი“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ეპოსში გავრცელებული ორი ქურდის ციკლის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერს.(ვ. მაცაბერიძე)
ლიტერატურა
- ყაუხჩიშვილი, თ. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960;
- ღლონტი ა., ქართული ხალხური ნოველა, II, 1966.