თქმულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თქმულება – რეალისტური ხასიათის მოკლე ზეპირი მოთხრობა. თემატიკის მხრივ მრავალფეროვანი და ამოუწურავია.

თქმულება წარმოშობით უძველეს ფოლკლორულ ჟანრთა წყებას ეკუთვნის. იგი მითის პარალელურად ვითარდებოდა და თანდათან ამდიდრებდა ადამიანის ცნობიერებას მოვლენების თავისებური ახსნითა და თავგადასავალთა უჩვეულო ხასიათით. ზოგჯერ თქმულება ეპოსის ფორმას იღებს და ფართო მასშტაბის იდეალურ გმირებს ქმნის „უძველესი ქართ თქმულებები საგვარეულო-ტომობრივ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. თქმულება ჯერ ოჯახის, გვარის, თემის, ტომის გამოჩენილ ადამიანთა მამაცობაზე მოგვითხრობდა როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობაში, სხვა ტომთა თავდასხმების მოგერიების თუ ბუნების მკაცრ სტიქიურ ძალებთან შეჭიდების მხრივ. ყოველგვარი მნიშვნელოვანი, პიროვნებისა თუ, კოლექტივის ცხოვრებაში, შეიძლება თქმულების საბაბად ქცეულიყო. თქმულება ყოველდღიურად ჩნდება და ასევე ქრება, როგორც კი მისდამი საზოგადოებრივი ინტერესი იწყებს განელებას. უნდა გავარჩიოთ ლოკალური და საერთო ეროვნული თქმულებები. თითოეული მხატვრული მოვლენაა მაგრამ გავრცელების დიაპაზონით განსხვავდებიან ურთიერთისაგან. იმ თქმულებებს რომელთაც ეპოსის დონემდე მიუღწევიათ, აქ არ განვიხილავთ (ამირანიანი, ეთერიანი, როსტომიანი, ტარიელიანი). უწინ, საშუალო საუკუნეებში და უფრო ადრე, თქმულებას ამბავი ეწოდებოდა.

მრავალფეროვნებისა და სიუხვის გამო საჭიროა თქმულებათა დაჯგუფება. ქართული მასალის მიხედვით ჟანრში შემდეგი ჯგუფები შეიძლება გამოიყოს: 1. ისტორიული, 2. საწესჩვეულებო, 3. სოციალური, 4. ტოპონიმიკური, 5. ჰიდრონიმური, 6. ეთნონიმიკური, 7. ეტიოლოგიური, 8. მუსიკალური. თქმულების ფორმა პროზაულია, მაგრამ ლექსითაც შეიძლება გადმოიცეს, ლექსნარევი ვარიანტებიც არაა იშვიათი.

ისტორიული თქმულება ისტორიულ მოვლენებსა და პირებს შეეხება, მათ საარაკო თავგადასავალსა და პატრიოტულ მოქმედებას გვაცნობს, ომებსა და თავდასხმებს აგვიწერს, მტკვრის უკუგდებას გვიჩვენებს („დარუბანდის კარები, „ბახტრიონის აღება“, „სამასი არაგველი“). საწესჩვეულებო ცერემონიალთან დაკავშირებული თქმულება მაშინ ჩნდება, როცა ამა თუ იმ საჯარო შეკრებილობაში რაიმე ღირსსახსოვარი ამბავი მოხდება („ოჩხარი“, „მამუკა ქალუნდაურის ხმალი“, „ერეკლეს მასპინძელი“). სოციალური თქმულებები კლასთა ბრძოლასა და ბატონყმურ ურთიერთობას ასახავს. სხვათა მსგავსად მისი ნიმუშებიც მრავალია („მაია წყნეთელი„“, „უშგულელთა შურისძიება“, „თამრო ვაშლოვანელი“, „არეშიძეების გაწყვეტა"). ტოპონიმიკური თქმულება გეოგრაფიული ადგილებისა და სახელების შექმნის პროცესში გვახედებს („თბილისის დაარსება, „რატომ ჰქვია ვარძია“, „გაწყვეტილი“, „ჩაძინებული“, „მონადირე“, „ქალქვა“), ჰიდრონომური თქმულება სხვადასხვა მდინარების, ტბების, წყაროების ისტორიაზე მოგვითხრობს („პალიასტომის ტბა", „ჯამაგიძის წყარო“, „ბაზალეთის ტბა“, „კახეთის ზღვა“, „ტბა ერძეგაშრა). ეთნონიმიკური თქმულება ხალხებისა და ტომების გაჩენაზე, გვარეულობათა მოძრაობაზე გვიამბობს („ხარის ტყავი“). ეტიმოლოგიური თქმულებათა ჯგუფში ისეთებს ვათავსებთ, რომლებიც გვიხსნის ფრინველთა და ცხოველთა წარმოშობას, ავადმყოფობათა გაჩენას („როგორ გაჩნდა ბუ", „როგორ გაჩნდა ოფოფი“, „როგორ გაჩნდა ღვინო“). ზეპირსიტყვიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გადმოცემებს ხალხური საკრავების თემაზე, მათ მუსიკალურ ჯგუფში ვათავსებთ. („როგორ წარმოიშვა სტვირი“, „ჩანგის გაჩენა“).

თქმულებას გარკვეული თხრობითი მანერა ახასიათებს. აღწერითი ელემენტები მინიმუმამდეა დაყვანილი, უმთავრესი ყურადღება მოქმედებას ექცევა.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ხალხური სიბრძნე, III, 1964;
  • მ. ჩიქოვანი, „თქმულება“:
  • ქ. ხალხ. სიტ· ისტორია, 1956.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები