დიონისე ჰალიკარნასელი
დიონისე ჰალიკარნასელი – (ძვ. ბერძნ. Διονύσιος Ἁλικαρνασσεύς), ძველი ბერძენი ისტორიკოსი და რიტორი.
დიონისე დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ჰალიკარნასში. რომში საცხოვრებლად გადავიდა ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წლებში. დარჩენილა იქ 22 წელი და გარდაცვლილა ძვ. წ. 8 წელს. მისი რომში ყოფნა დაემთხვა რომის ისტორიის საინტერესო ხანას. ეს ის პერიოდია, როდესაც საბოლოოდ დაინგრა რომის რესპუბლიკური მართვა–გამგეობის სისტემა და მის ნანგრევებზე აღმოცენდა პოლიტიკური მმართველობის ახალი ფორმა – პრინციპატი. რომის მმართველობა ფორმალურად კვლავ რესპუბლიკური ჩანდა, მაგრამ შინაარსით ერთპიროვნული ძალაუფლების ხასიათს ატარებდა.
იმპერიის იდეოლოგიური საფუძვლების შექმნაში ახალი ხელისუფლება, უმეტესად, ლიტერატურას ეყრდნობოდა. შემთხვევითი არ არის, რომ ავგუსტუსის დროს რომი გადაიქცა უმსხვილეს ლიტერატურულ ცენტრად, სადაც განსაკუთრებით დიდი იყო ბერძნული ლიტერატურის ხვედრითი წილი.
პრინციპატის იდეოლოგიურ შემზადებაში დიდ როლს ასრულებდა მეცენატის ლიტერატურული წრე, რომელშიც შედიოდნენ ავგუსტუსის ეპოქის თვალსაჩინო პოეტები – ვერგილიუსი და ჰორაციუსი.
დიონისე ჰალიკარნასელს რამდენიმე ნაშრომი ჰქონია დაწერილი რიტორიკაზე, ესთეტიკაზე, თუკიდიდესა და დემოსთენეს კრიტიკაზე და სხვ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ხასიათის ნაშრომია „რომაელთა სიძველენი“ ანუ „რომის არქეოლოგია“.
შრომა შედგებოდა 20 წიგნისაგან, რომელთაგან სრული სახით დღემდე მოაღწია ცხრამ, მე-10 და მე-11 წიგნებიდან შემორჩა ფრაგმენტები, ხოლო დანარჩენი წიგნებიდან – უმნიშვნელო ნაწილები.
ნაშრომში ასახული იყო რომის ისტორიის საკმაოდ დიდი პერიოდი – მითიური დროიდან პუნიკური ომის დაწყებამდე, ე. ი. 264 წლამდე. ნაშრომის დღემდე შემორჩენილ ნაწილში თხრობა წყდება ძვ. წ. 443 წელს.
თავისი ძირითადი ისტორიოგრაფიული შეხედულებები დიონისემ ჩამოაყალიბა პომპეუსისადმი მიწერილ წერილში. მასში ხაზგასმულია, რომ ისტორიკოსის მიზანია ელინთა განმადიდებელი ისტორიული სიუჟეტის შექმნა, რასაც ხელს უწყობს მსოფლიოზე რომის გაბატონებული მდგომარეობა. დიონისე ჰალიკარნასელისათვის უცხო იყო ეროვნული გულისტკივილი მისი სამშობლოს რომაელთა ბატონობის ქვეშ მოქცევის გამო. პირიქით, ის თავის ისტორიულ თხზულებაში ცდილობს აჩვენოს რომაელთა და ბერძენთა ნათესაობა, ცხადყოს „რომაულ კანონთა სიბრძნე და თვით რომაელთა გმირობა, რათა ამით გაამართლოს და გასაგები გახადოს ბერძნულ სამყაროზე რომაელთა გამარჯვების ფაქტი.
დიონისე ჰალიკარნასელის შრომის მნიშვნელობა იმაშია, რომ ტიტუს ლივიუსის და დიოდორე სიცილიელის ისტორიულ თხზულებებთან ერთად, წარმოადგენს ერთ–ერთ წყაროს რომის უძველესი პერიოდის ისტორიისათვის. კერძოდ, მისი ნაშრომის პირველ წიგნებში მოცემულია ცნობები ქალაქ რომის დაარსების შესახებ (ამ ცნობაში თავმოყრილია და პრაგმატულად, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემულია სხვადასხვა ვერსია ამ საკითხის ირგვლივ), გაშუქებულია მეფეთა პერიოდი, მისი უძველესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილების ხასიათი და სხვ.
თავის ისტორიულ თხზულებაში დიონისე ფართოდ იყენებდა ტიტუს ლივიუსის ისტორიულ ნაშრომს, ანალისტების: ფაბიუს პიქტორის, კალპურნიუს პიზონის, ვალერიუს ანციატის, კვინტუს ფაბიუს ტუბერონის, ვარონისა და კატონ უფროსის ნაშრომებს.
მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის დიონისე ჰალიკარნასელი იტალიის უძველესი მოსახლეობის შესახებ. საინტერესოა, რომ „რომაელთა სიძველენი“ ერთ ადგილას (I, 26-30) იგი ეხება ტირენების წარმომავლობის საკითხს, მოჰყავს სხვადასხვა მოსაზრებანი და ამასთან ერთად ჰელანიკე ლესბოსელისა და ჰეროდოტეს სიტყვები. დიონისე ჰალიკარნასელმა შექმნა რომის ქრონოლოგიური სისტემა ბერძნული ოლიმპიადების მიხედვით. რომულუსის (რომის პირველი მეფის) მეფობის საწყის თარიღად მან მიიჩნია ძვ. წ. 751 წელი. მეფეთა ხანა მისი გამოანგარიშებით მოიცავდა 244 წელს; რესპუბლიკის პირველი წელი ამავე დროს იყო ძვ. წ. 245-ე წელი ქალაქ რომის დაარსებიდან და ემთხვეოდა ძვ. წ. 507 წელს. დიონისე ჰალიკარნასელის მიერ რომის ქრონოლოგიური სისტემის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რომის უძველესი ისტორიის შესწავლის საქმეში.
მკვლევართა აზრით დიონისე ჰალიკარნასელი, ტიტუს ლივიუს შედარებით, უფრო ძველი და სანდო წყაროებით სარგებლობდა, ამიტომ მისი შრომა რამდენადმე ლივიუსის ისტორიული თხზულების კორექტივია.
დიონისე რიტორიკული მიმართულების მწერალი იყო. იგი თვლიდა, რომ ისტორიული თხრობა გასართობ სტილში უნდა ყოფილიყო შესრულებული, თუმცა ფიქრობდა, რომ რიტორიკულ–ისტორიულ ნაწარმოებში მჭევრმეტყველება არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ხელოვნება – მწერლის ძირითადი ობიექტი უნდა ყოფილიყო ისტორიული „სიუჟეტი, რომლის სრულად და თანამიმდევრულად აღწერა უნდა მომხდარიყო მჭევრმეტყველების ანუ რიტორიკული პროზის ხერხებით."
დიონისეს რიტორიკული სტილი ისტორიულ პროზაში, უმეტესად, თავს იჩენდა. იმ სიტყვებში, რომლებსაც ის წარმოათქმევინებდა თვის ისტორიულ გმირებს. ეს იყო ე. წ. რიტორიკული დეკლამაცია, „რომელმაც, იმპერიის ხანაში ფართო გავრცელება პოვა. დიონისე ჰალიკარნასელი რიტორიკული პროზის იმ მიმართულების წარმომადგენელი იყო, რომელიც ატარებდა ე. წ. „ატიციზმის“ სახელწოდებას.