პელოპონესის ომი
პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404) - ძველი საბერძნეთის ისტორიაში უდიდესი ომი ბერძნულ პოლისთა კავშირებს შორის. ერთმანეთს ებრძოდნენ დელოსის კავშირი (სათავეში ედგა ათენი) და პელოპონესის კავშირი (სათავეში ედგა სპარტა).
პელოპონესის ომის ისტორიის ძირითად წყაროს წარმოადგენს ომის მონაწილე ათენელი ისტორიკოსის თუკიდიდე ოლორეს ძის „პელოპონესის ომის ისტორია“, რომელიც აღწერილია ძვ.წ. 411 წლამდე. ომის ისტორიას აგრძელებს მეორე ათენელი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. 430-355 წწ.) თავის „საბერძნეთის ისტორიაში“. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. 90-21 წწ.), ხოლო პლუტარქე (ახ.წ. 46-126 წწ.) პელოპონესის ომის აქტიური მონაწილეების: პერიკლეს, ნიკიასის, ალკიბიადეს და ლისანდრეს ბიოგრაფიებს. პელოპონესის ომის ამბებს ასახავს მისი თანამედროვე არისტოფანე თავის პოლიტიკურ კომედიებში: „მხედრები“, „ღრუბლები“, „ზავი და ფრინველები“.
პელოპონესის ომი წარმოებდა ძვ.წ. 431-404 წწ. ორ სამხედრო კავშირს – პელოპონესისა და ათენის საზღვაო კავშირებს შორის ბერძნული სამყაროში ჰეგემონობისათვის. იგი 27 წელი გრძელდებოდა. საბერძნეთის პოლისები ერთიანდებოდნენ პელოპონესის ან ათენის საზღვაო კავშირში. ამიტომ ამ ომმა ფაქტიურად მოიცვა მთელი ბერძნული სამყარო. ათენის საზღვაო კავშირის სწრაფ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებას თან სდევდა ხშირი კონფლიქტები საკუთარ მოკავშირეებთან და სხვა პოლისებთან. ომმა კი შეწყვიტა ათენის საზღვაო კავშირის აღზევება.
სარჩევი |
პელოპონესის ომი მიზეზები
ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მონათმფლობელურ საზოგადოებაში წარმოშობილი შინაგანი წინააღმდეგობა, რადგანაც ზოგი პოლისი ჩამორჩენილ აგრარულ მხარეს წარმოადგენდა, ზოგი კი მოწინავე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს და ამის გამო მათ შორის იზრდებოდა ინტერესთა სხვადასხვაობა. სპარტა ცდილობდა აღედგინა პოლიტიკური და სამხედრო ავტორიტეტი, რომელიც დაჰკარგა ათენის აღზევების გამო. ამიტომ ის და მისი ეკონომიკურად განვითარებული მოკავშირე პოლისები – კორინთო და მეგარა ათენის საზღვაო კავშირის დამარცხებით ცდილობდნენ ამის განხორციელებას.
პელოპონესის ომის მეორე მიზეზი იყო ის, რომ ათენი დევნიდა არისტოკრატიას და ყველგან დემოკრატიულ მმართველობას ნერგავდა, სპარტა კი პირიქით, დევნიდა დემოკრატებს და მფარველობდა არისტოკრატიას.
მესამე მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ პელოპონესის კავშირში შედიოდნენ არა მარტო აგრარული პოლისები, არამედ მნიშვნელოვანი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები: კორინთო და მეგარა, რომლებიც ათენის მნიშვნელოვანი მეტოქეები იყვნენ ვაჭრობა-ხელოსნობის დარგში. ათენის ვაჭრობის სფერო მოიცავდა ეგეოსის ზღვის მიდამოებს, თრაკიას და შავი ზღვისპირეთს; კორინთო-მეგარის კი – ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს, სიცილიასა და სამხრეთ იტალიის მიდამოებს. როდესაც ათენმა იქ დააარსა ახალშენი თურიე, დაიწყო თავისი სავაჭრო გემების გაგზავნა სიცილიასა და სამხრეთ იტალიაში. ათენის ამგვარმა შეჭრამ კორინთოსა და მეგარის ვაჭრობის სფეროში უკმაყოფილება გამოიწვია. ათენს სურდა კორინთოსა და მეგარის სავაჭრო კლიენტურის ხელში ჩაგდება. ამრიგად, ათენისა და კორინთო-მეგარის ინტერესთა შეჯახება ერთ-ერთი მიზეზი გახდა პელოპონესის ომისა. ასეთივე დაპირისპირება მოხდა ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც, კორინთო და მეგარა ვაჭრობდა თრაკიელ ტომებთან, ბერძენ-სპარსელთა ომამდე. ომის შემდეგ ათენმა გააძევა ისინი და ეს მხარე თავის სავაჭრო ბაზად აქცია. პელოპონესის კავშირში ამ დროს დიდი გავლენა მოიპოვა იმ ძალებმა, რომლებიც ათენთან ომს მოითხოვდნენ.
პელოპონესის ომის საბაბი
პელოპონესის ომის საბაბი გახდა: პირველი – კერკირასა და ეპიდამნოსის საკითხი. კორინთოს ახალშენმა კერკირამ (კუნძულ კორფუზე) დააარსა ილირიის სანაპიროზე ახალშენი ეპიდამნოსი (თანამედროვე ალბანეთის ნავსადგური დურესი), სადაც ძვ.წ. 435 წ. მოხდა დემოკრატიული გადატრიალება. ეპიდამნოსელმა დემოკრატებმა დახმარებისათვის მიმართეს კორინთოს, არისტოკრატებმა კი კერკირას. საზღვაო ბრძოლაში კერკირამ კორინთელები დაამარცხა. ამის შემდეგ კორინთო კერკირას წინააღმდეგ შეუდგა საფუძვლიან მზადებას. ამით შეშინებული კერკირელი ოლიგარქები ათენის საზღვაო კავშირში შევიდნენ, რის შემდეგაც ათენმა თავის საზღვაო ძალები გააგზავნა კერკირას დასახმარებლად, რომელთაც კორინთოელები საზღვაო ბრძოლაში დაამარცხეს. ამის შემდეგ კერკირა ათენის სრულ განკარგულებაში გადავიდა. ამით, კორინთოსა და მეგარას სიცილია-იტალიისაკენ მიმავალ საზღვაო გზაზე ახალი დაბრკოლება გაუჩნდათ.
ასე დაარღვია ათენმა ძვ.წ. 445 წ. სპარტასთან დადებული 30 წლიანი ზავი, რომლის ერთ-ერთი მუხლის თანახმადაც არც ათენსა და არც სპარტას თავის მხარეზე სხვისი მოკავშირე არ უნდა გადაებირებინა. ათენისა და კორინთოს შეჯახების დროს ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ოლიგარქიული კორინთო ეპიდემნოსელ დემოკრატების დამცველი გამოდის, დემოკრატიული ათენი კი – ოლიგარქიული კერკირასი. ნათლად ჩანს, რომ ათენისა და კორინთოს ეკონომიკური ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანია.
პელოპონესის ომის მეორე საბაბი პოტიდეის პრობლემა იყო. ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე კორინთომ დაარსა ახალშენი პოტიდეა, რომლის მეოხებითაც კორინთოს ხე-ტყის მასალა გამოჰქონდა თრაკიიდან. მაგრამ პოტიდეა აღმოჩნდა ათენელ მოკავშირეებით გარემოცული და იძულებული გახდა კორინთოს ნებართვით, ათენის საზღვაო კავშირში შესულიყო. კერკირასთან დამარცხებამ, კორინთოს გადამწყვეტი ნაბიჯი გადაადგმევინა, მან პოტიდეას მოსთხოვა ათენის საზღვაო კავშირიდან გასვლა, ათენმა პოტიდეას ამის ნება არ მისცა და თავისი ფლოტით ზღვიდან მიადგა. კორინთო და მეგარა ამაოდ ცდილობდნენ დახმარებოდნენ მას, რადგან არაფერი გამოუვიდათ. მაშინ მათ ოფიციალურად მიმართეს სპარტას, რათა გადამწყვეტი ზომები მიეღო ათენის წინააღმდეგ.
მეგარელების მტრული მოქმედებით ნაწყენმა ათენელებმა სახალხო კრებაზე მათ ბრალად დასდეს ათენიდან გაქცეული მონების მფარველობაში. ათენის სახალხო კრებამ გამოიტანა დადგენილება „მეგარის ფსეფიზმა“, რომლითაც მეგარელებთან ვაჭრობა ეკრძალებოდა ათენის საზღვაო კავშირში შემავალ ყველა პოლისს. ეს ღონისძიება მეგარის ვაჭრობისათვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან ძირითადად ათენელ მოკავშირეებთან ვაჭრობდნენ და ეს აკრძალვა ნიშნავდა მეგარის სავაჭრო საქმიანობის ბლოკადას. მეგარამ სპარტას დაცვა და დახმარება სთხოვა. პელოპონესის კავშირის წარმომადგენელთა სხდომა შეიკრიბა და განიხილა კორინთოსა და მეგარას საჩივარი, რის შედეგადაც კავშირმა ათენში მიავლინა წარმომადგენლები მოთხოვნით: მეგარის ფსეფიზმის გაუქმება, ათენის საზღვაო კავშირიდან მისი მოკავშირეებისათვის თავისუფალი გამოსვლის უფლების მინიჭება და ათენიდან პერიკლეს გაძევება. ყველა ეს მოთხოვნა ათენის სახალხო კრებამ უარყო, მაშინ პელოპონესის კავშირმა ძვ.წ. 445 წ. ათენს ომი გამოუცხადა 30 წლიანი ზავის დარღვევისათვის ომს ეწოდება პელოპონესის ომი, რადგან ეს ომი პელოპონესელებმა დაიწყეს. თუკიდიდეს მოსაზრებით, სპარსეთთან ომის შემდეგ ათენის სამხედრო ძლიერება არაჩვეულებივად გაიზარდა და ამ გარემოებამ სპარტისა და მისი მოკავშირეების ძლიერი შეშფოთება გამოიწვია. პელოპონესის კავშირი აცხადებდა, რომ ომს იწყებს იმიტომ, რომ ათენის ტირანიისაგან ეხსნა ბერძენთა პოლისები. აქტიური საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე სპარტელთა მეფე არქიდამემ კიდევ ერთხელ სცადა მშვიდობიანი მოლაპარაკებით აეცდინა ომი საბერძნეთისათვის და ათენში გაგზავნა პელოპონესის კავშირის წარმომადგენელი მელესიპე, რომელსაც ათენელებმა არც კი მოუსმინეს და უკან გააბრუნეს. როდესაც იგი ატიკის საზღვარს ტოვებდა განაცხადა, რომ ელინებისათვის ეს დღე იქნება დიდი უბედურების დასაწყისიო.
ათენის დემოსი უშრომლად იმდენ პრივილეგიებს ღებულობდა სახელმწიფოსაგან, რომ სამხედრო კავშირს შეექმნა ათენის ძალაუფლების უძლევლობის რწმენა, მათი აზრით, ათენს ძალუძს პელოპონესის კავშირის დაპყრობა, ამიტომ ათენელებიც მიისწრაფოდნენ ომისაკენ – დაეპყროთ ახალი „მოკავშირეები“ და ამით სახელმწიფო შემოსავალი გაეზარდათ. პერიკლემ კი კარგად იცოდა სპარტისა და ათენის შესაძლებლობანი და ამიტომ ომის წინააღმდეგი იყო. ამის გამო, პერიკლეს წინააღმდეგ ომის მსურველებისაგან შეიქმნა ოპოზიცია, რომელმაც მისი ახლო მეგობრების რეპუტაციის შელახვა მოინდომა, რათა ავტორიტეტი შეერყია თვით პერიკლესთვისაც. მის მეგობარს, მოქანდაკე ფიდიასს დააბრალეს ათენა პალადას ქანდაკების შექმნის დროს ძვირფასი მასალის – ოქროსა და სპილოს ძვლის მოპარვა და დააპატიმრეს. პერიკლეს მასწავლებელსა და მეგობარს ფილოსოფოს ანაქსაგორეს კი უღმერთობა, ციურ მოვლენებზე მსჯელობით ახალგაზრდებში მავნე იდეების გავრცელება დასწამეს. ისიც იძულებული გახდა წასულიყო ლამპსაკში. პერიკლეს გარშემო ოპოზიციის რკალი ვიწროვდებოდა. ბოლოს იერიში მიიტანეს პერიკლეს მეუღლე ასპაზიაზე, რომელსაც დააბრალეს მაჭანკლობა. პერიკლემ მოახერხა ამ ბრალდებებისაგან მისი გამართლება, მაგრამ იძულებული გახდა ოპოზიციის მოთხოვნები შეესრულებინა, უთანხმოება გამოეწვია სპარტასთან, ამიტომ ათენის სახალხო კრებაზე პროვოკაციული დადგენილება გამოიტანა, რასაც მოჰყვა პელოპონესის კავშირისათვის ომის გამოცხადება.
ომის მსვლელობა
პერიკლემ, როგორც ათენის სტრატეგოსმა, შეადგინა მტერზე თავდასხმისა და მოგერიების გეგმა. მისი გეგმით ათენელებს საზღვაო ძალებით უნდა აეოხრებინათ პელოპონესის სანაპიროები, ხოლო ატიკის მოსახლეობას უნდა მიეტოვებინა მამულები, სახლ-კარი და ცოლშვილით და დოვლათით თავი შეეფარებინა ათენისათვის, პერიკლეს გეგმა არ ითვალისწინებდა ატიკის მრავალრიცხოვან მიწათმოქმედთა ინტერესებს რომლებიც ათეული წლების განმავლობაში შექმნილი მეურნეობის, ხეხილის ბაღების, ზეთისხილის პლანტაციებისა და ვენახების აკლებას არავის აპატიებდნენ. პერიკლემ ვერ შეაფასა ოპოზიციის შესაძლებლობებიც და ამიტომ სასტიკად დამარცხდა.
პელოპონესის ომის პირველ პერიოდს – ძვ.წ. 431-421 წწ. სპარტის მეფე არქიდამეს სახელის მიხედვით „არქიდამეს ომი“ ეწოდება. იგი ძვ.წ. 431 წ. ზაფხულში შეიჭრა ატიკაში, როცა ათენელებს მოსავალი უნდა აეღოთ. მან გაანადგურა და ცეცხლს მისცა ყველაფერი, გაჩეხა ხეხილის ბალღები და ვენახები. სასოწარკვეთილი გლეხები ლანძღავდნენ და სწყევლიდნენ პერიკლეს. ათენში, ატიკიდან შემოხიზნული მრავალრიცხოვანი მოსახლეობა საშინელ დღეში იმყოფებოდა, ცხოვრობდნენ ქუჩებში, მოედნებზე, ტაძრებში და ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. ანტისანიტარულმა პირობებმა და ეგვიპტიდან შემოსულმა საშინელმა ეპიდემიამ ხალხს მუსრი გაავლო. ათენის მოსახლეობის ერთი მესამედი დაიღუპა. ხალხი აღდგა პერიკლეს წინააღმდეგ და ძვ.წ. 430 წ. 15 წლის განმავლობაში პირველად აღარ აირჩიეს სტრატეგოსად, თანაც სახელმწიფო თანხების არასწორი ხარჯვისათვის სასამართლოში მისცეს. პერიკლემ მოახერხა თავის გამართლება, ჯარიმაც კი გადაიხადა და ძვ.წ. 429 წ. კვლავ აირჩიეს სტრატეგოსად, მაგრამ მალე გარდაიცვალა ათენში გავრცელებული ეპიდემიისაგან. ამის შემდეგ, ათენის რადიკალური დემოკრატიის ბელადი გახდა პროფესიით მეტყავე, ვინმე კლეონი. იგი ათენის სახალხო კრების სრული ბატონ-პატრონია. მას სძულდა განათლებული ადამიანები, განსაკუთრებით პერიკლე. ისტორიკოსი თუკიდიდე, მას მოქალაქეთა შორის ყველაზე უთავხედესს ეძახდა. თუკიდიდეს გადმოცემით, მთელი ელადა ერთმანეთს ებრძოდა, უთანხმოება იყო დემოკრატიულ და ოლიგარქიულ პარტიებს შორის, დემოკრატები უხმობდნენ ათენელებს, ოლიგარქოსები – ლაკედემონელებს. ორივე მხარეს უამრავი უბედურება დაატყდა თავს.
ეპიდემიის გამო სიკვდილიანობამ და სპარტელებისგან ატიკის აოხრებამ, ათენის საზღვაო კვშირში შემავალ მოკავშირეებს დაუკარგა ძლიერების რწმენა და ძვ.წ. 428 წ. კუნძულ ლესბოსის ქ. მიტილენის არისტოკრატიამ ათენის საზღვაო კავშირიდან გასვლა მოინდომა, მაგრამ ათენელებმა ისინი სასტიკად დასაჯეს. 1000 მიტილენელი არისტოკრატი მოკლეს, ლესბოსს ჩამოართვეს ფლოტი და დაუწესეს ფოროსი, მათ ტერიტორიაზე კი 3.000 ათენელი დაასახლეს.
ამ ომის დროს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ათენის ძველი მოკავშირე ქალაქი პლატეა აღმოჩნდა. სპარტელებმა ეს ქალაქი ბრძოლით აიღეს, მამაკაცები სიკვდილით დასაჯეს, ქალები და ბავშვები კი მონებად გაჰყიდეს. ათენის მოკავშირე კერკირაშიც ორი წლის განმავლობაში სამოქალაქო ომი წარმოებდა. სპარტელებისაგან წაქეზებული კერკირელი ოლიგარქოსები ორი წლის განმავლობაში ებრძოდნენ და ხოცავდნენ დემოკრატებს. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე პოტიდეელები, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ებრძოდა ათენი. საბოლოოდ მათ დატოვეს თავიანთი ქალაქი და თრაკიის სანაპიროზე დასახლდნენ. ათენელებმა კი მათ ქალაქში ათენელი კლერუხები ჩამოიყვანეს.
ძვ.წ. 425 წ. ათენის ფლოტმა სარდალ დემოსთენეს მეთაურობით, პელოპონესის ნახევარკუნძულს შემოუარა და ნავსადგური პილოსი დაიკავა. ათენელების პილოსში გამაგრებას მესენიელ პილოტების ახალი აჯანყება შეიძლება გამოეწვია. ამიტომ შეშინებულმა სპარტამ გაგზავნა თავისი ჯარის საუკეთესო ნაწილები, რომლებმაც პილოსის ნავსადგურთან მდებარე კუნძული სფაქტრია დაიკავეს, რის შედეგადაც ათენელები ზღვიდან პილოსში ჩაკეტეს. ათენელებმა მეორე ფლოტი გააგზავნეს კლეონის მეთაურობით, რომელმაც კუნძული სფაქტრია გარემოცვაში მოაქცია და 420 მეომარი (აქედან 180 სპარტელი) იგდო ტყვედ. ეს იყო სპარტელების ტყვედ აყვანის პირველი შემთხვევა. გამარჯვებამ კლეონის ავტორიტეტი ძალიან გაზარდა. ათენელების ფლოტმა შეძლო კუნძულ კითერას და მეგარის ნავსადგურ ნისეიონის დაპყრობაც.
სპარტა საპასუხო დარტყმისთვის ემზადებოდა. მისი მრავალრიცხოვანი რაზმები გამოცდილი სარდლის ბრასიდეს მეთაურობით გაიგზავნა ქალკიდიკაში, რათა ათენელებისათვის ჩამოეცილებინათ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალშენი ამფიპოლისი, რომელიც მდებარეობდა პანგეის ოქროს საბადოებთან და ათენს ამარაგებდა ოქროს ქვიშით. ბრასიდესისათვის ამფიპოლისის აღებაში რომ შეეშალათ ხელი, ათენმა საომრად გაგზავნა ფლოტი და ჯარი თუკიდიდეს მეთაურობით. მაგრამ შესანიშნავი ისტორიკოსი უვარგისი სტრატეგოსი აღმოჩნდა, ამფიპოლისი ვერ დაიცვა, ამიტომ იგი ოსტრაკიზმოთი გააძევეს ათენიდან. ამფიპოლისის გასანთავისუფლებლად ათენელების ფლოტსა და ჯარს სათავეში ჩაუდგა კლეონი. ძვ.წ. 422 წ. ამფიპოლისთან მოხდა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც დაიღუპნენ ბრასიდეც და კლეონიც.
ორივე მებრძოლი მხარე, ათენი და სპარტა ბრძოლამ ძალიან დაასუსტა. ამით ისარგებლა ათენელმა მდიდარმა მონათმფლობელმა, ზავის მომხრე ნიკიამ და (სპარტაში ზავის მომხრე მეფე პლეისტონაქსი იყო) ძვ.წ. 421 წ. ათენსა და სპარტას შორის დაიდო 50 წლიანი ზავი, რომელსაც ნიკიას ან „დამპალ ზავსაც“ უწოდებენ. ამ ზავის თანახმად, ათენს უნდა გაეყვანა თავისი ძალები ნავსადგურ პილოსიდან და კუნძულ კითერადან, სპარტელებს კი უნდა დაეცალათ ამფიპოლისი. ტყვეები უნდა გაეცვალათ. ჰილოტების აჯანყების შემთხვევაში კი ათენელები უნდა დახმარებოდნენ სპარტელებს. ტყვეები გაცვალეს, მაგრამ არც ერთი მხარე არ ჩქარობდა დაპყრობილი ტერიტორიების განთავისუფლებას. ნიკიას ზავმა ვერ გადაწყვიტა ის პრობლემები, რომლის გამოც ეს ომი დაიწყო. ომის დამთავრებით კმაყოფილი მხოლოდ ათენელი გლეხები იყვნენ, ომის გაგრძელების მსურველი კი – ბევრი: პირველ რიგში სპარტის მოკავშირეები თებე, მეგარა და კორინთო. ათენში ახალი სახელმწიფო მოღვაწეებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც უნდოდათ თავიანთი ნიჭი და უნარი წარმოეჩინათ. მაგალითად, რადიკალური დემოკრატიის ბელადი, კლეონის მეგობარი ჰიპერბოლე, ზომიერი დემოკრატიის კი – პერიკლეს ნათესავი, შესანიშნავი ორატორი, მდიდარი ათენელი მონათმფლობელი, სოკრატეს მოწაფე ალკიბიადე, რომელიც ცდილობდა ათენის მოსახლეობის სიმპათიების დამსახურებას. იგი ძვ.წ. 420 ფწ. აირჩიეს სტრატეგოსად ნიკიასსა და ჰიპერბოლესთან ერთად.
პელეპონესის ომის მეორე პერიოდში (ძვ.წ. 420-404 წწ.) საომარი მოქმედებები განახლდა ძვ.წ. 419 წ. არგოსისათვის ნიკიასს უნდა გაეწია დახმარება, მაგრამ ვერ შეძლო. სპარტელებმა არგოსელები ძვ.წ. 418 წ. წ დაამარცხეს და პელოპონესის კავშირში შეიყვანეს. არგოსის დაკარგვა ათენისათვის დიდი დანაკლისი იყო და ჰიპერბოლეს წინადადებით ნიკიასი ათენიდან ოსტროკიზმოთი უნდა გაეძევებინათ. მაგრამ ალკიბიადეს ჰიპერბოლეს პოპულარობის უფრო ეშინოდა, ვიდრე ნიკიასის, ამიტომ იგი ნიკიასს შეუთანხმდა და თვით ჰიპერბოლე გააძევეს ოსტრაკიზმოთი. ალკიბიადე ათენის სახალხო კრებაზე ეწეოდა აგიტაციას, რომ საბრძოლო მოქმედებები ბალკანეთიდან, საბერძნეთიდან სიცილიაში გადაეტანათ. მისი აზრით, თუ კუნძულ სიცილიასა და პელოპონესის მოკავშირე ქალაქ სირაკუზს დაიპყრობდნენ, რომელიც კორინთოსა და მეგარას ამარაგებდა პურით, მაშინ ათენი ამ პურის ბეღელს დაეუფლებოდა და კორინთო-მეგარა იძულებული იქნებოდნენ თავი დამარცხებულად ეცნოთ.
სწორედ ამ ხანებში სიცილიის ქალაქ სეგესტის ელჩები ჩამოვიდნენ ათენში: ისინი უჩიოდნენ ქალაქ სელინუნტს, რომელსაც სირაკუზი მფარველობდა და დახმარებას ითხოვდნენ. ამ გარემოებამ განამტკიცა ალკიბიადეს პოზიცია და ათენის სახალხო კრებამ სიცილიაში ლაშქრობის მოწყობის დადგენილება გამოიტანა. 260 გემი მენიჩბეებითა და 38 ათასი მეომრით უნდა წასულიყო სირაკუზის დასაპყრობად. სარდლებად აირჩიეს: ალკიბიადე, ნიკიასი (თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ) და სტრატეგოსი ლამაქი. ძვ.წ. 415 წ. გაზაფხულზე ამ მრავალრიცხოვანი ლაშქარის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა შემაშფოთებელი ფაქტი.
ათენის ქუჩებში გზაჯვარედინებზე იდგა ოთხწახნაგოვანი სვეტები, რომლის თავზე იყო ღვთაება ჰერმესის გამოსახულება – ე.წ. ჰერმები. ჰერმესი ითვლებოდა მგზავრების, კავშირგაბმულობის, ვაჭრებისა და ქურდების მფარველ ღვთაებად. ეს ჰერმები უცნობმა ბოროტმოქმედებმა დაამტვრიეს. ყველა საშინელმა წინათგრძნობამ მოიცვა, დაიწყეს დამნაშავის ძებნა, დამნაშავე უღმერთო ადამიანი უნდა ყოფილიყო. ათენში კი ასეთად ალკიბიადე ითვლებოდა, რომელმაც საჯაროდ ბევრჯერ უარყო ღმერთები, მან მოითხოვა გასამართლება, იგი გარშემორტყმული იყო თანამოაზრეებით და მათი საშუალებით შეეძლო თავი გაემართლებინა, ამიტომ მტრებმა გასამართლება მისი ლაშქრობიდან დაბრუნებამდე გადადეს. ალკიბიადე იძულებული იყო ამ დადგენილებას დამორჩილებოდა. სირაკუზის მისადგომებთან მან დაიწყო წარმატებითი საომარი მოქმედებები, მაგრამ ათენში დაუსწრებლად გაასამართლეს და მის ჩამოსაყვანად გემი გაგზავნეს. ალკიბიადემ ლაშქრის მეთაურობა ნიკიასს გადასცა (რომელსაც სრულიად არ სჯეროდა სიცილიის ლაშქრობისა) და თვითონ კი მეგობრების დახმარებით სპარტაში გაიქცა, რის გამოც ათენში, დაუსწრებლად გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი. ალკებიადემ კი განაცხადა „მე დავუმტკიცებ ათენელებს, რომ ცოცხალი ვარო“.
ალკიბიადეს წასვლის შემდეგ ნიკიასი უხალისოდ აწარმოებდა ბრძოლას, რამაც სირაკუზელებს საშუალება მისცა თავდაცვისათვის კარგად მომზადებულიყვნენ. ალკიბიადეს რჩევით, სპარსელებმა მეფე აგისის ხელმძღვანელობით გაგზავნეს თავიანთი რაზმები, რომლებმაც დაიკავეს ატიკის ტერიტორიაზე ათენიდან 20 კილომეტრით დაცილებული დეკელეის მიდამოები. სპარტელების დეკელეაში გამაგრებამ ევბეიდან სურსათ-სანოვაგის შემოტანას ხელი შეუშალა. ყველაზე დიდი უბედურება კი ათენელებისათვის ის იყო, რომ ლავრეონის ვერცხლის მაღაროებში საშინელი სამუშაო პირობების გამო სპარტელების მხარეზე გადავიდა 20 ათასამდე მონა. ათენის ეკონომიკამ განიცადა მძიმე დარტყმა, ხოლო როდესაც მას კუნძული ევბეა განუდგა, ათენში შიმშილი დაიწყო.
ომი დიდ სახსრებს მოითხოვდა, ამიტომ ათენელებმა თავიანთ მოკავშირეებს გაუორკეცეს ფოროსი და მათაც განდგომა დაიწყეს. ლიგარქიული გადატრიალება მოხდა ათენის მოკავშირე პოლისებში, რის შემდეგ ათენის საზღვაო კავშირდან გავიდნენ კუნძულები: ქიოსი, ლესბოსი, თასოსი, მცირე აზიის ქალაქებიდან კი მილეთი და ეფესო. ალკიბიადეს წასვლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ ათენელი მეომრები სიცილიაში. ნიკიასის უინციატივობის წყალობით სირაკუზელები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. ალკიბიადეს რჩევით, სპარტელებმა კორინთელების გემებით სირაკუზელებს გაუგზავნა დამხმარე ძალა სპარტელი სარდლის ჰილიპეს მეთაურობით, რომელმაც ათენელებს ზღვიდან შეუტია. ნიკია და ლამაქი მოითხოვდნენ სიცილიის ექსპედიციის უკან დაბრუნებას. ათენელებმა კი გაწვევის მაგიერ, ძვ.წ. 413 წ. სირაკუზში კიდევ 75 გემი და 5 ათასი ჰოპლიტი გაგზავნეს დემოსთენეს მეთაურობით, მაგრამ ათენის ფლოტი სირაკუზის ნავსადგურში მოულოდნელი თავდასხმის გამო დამარცხდა. ლამაქე ბრძოლაში დაიღუპა. ნიკიასის და დემოსთენეს ბრძანებით, ათენელებმა გემები მიატოგეს და ხმელეთზე მათთვის უცნობ ადგილას დაიწყეს უკან დახევა, სადაც ისინი გაანადგურეს.
ნიკიასი და დემოსთენე სირაკუზელებმა სიკვდილით დასაჯეს, ათასამდე ათენელი მეომარი ქვის სამტეხლოებში შეყარეს, სადაც ბევრი შიმშილისაგან დაიხოცა და დანარჩენები მონებად გაყიდეს. ასეთი საშინელი მარცხით დამთავრდა ათენელების სიცილიური ექსპედიცია, რომელმაც გამოიწვია ათენის არა მარტო ფინანსური და სამხედრო-საზღვაო ძალების განახევრება, არამედ მორალური განადგურება. სიცილიის მთელი ეს ლაშქრობა თავიდან ბოლომდე ავანტიურა იყო; რადიკალურ დემოკრატიულ ძალებს, დაპყრობის ხარჯზე სურდათ თავისი მატერიალური და სამხედრო მდგომარეობის გაუმჯობესება.
როდესაც სიცილიის ექსპედიციის დაღუპვის ამბავმა მიაღწია ათენამდე, საშინელმა შიშმა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა მთელი მოსახლეობა. საუკეთესო ახალგაზრდები დაეღუპათ, შესანიშნავი საზღვაო ფლოტი კი დაკარგეს. ფაქტიურად, ათენი ფლოტისა და ჯარის გარეშე აღმოჩნდა. ხაზინაც დაცარიელდა. მოსალოდნელი იყო, რომ გამარჯვებული მტერი არ დააყოვნებდა და ატიკაში შეიჭრებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს სასტიკი ეკონომიის ხარჯზე აღედგინათ ათენის ფლოტი და ურთიერთობა ევბეასთან; მოკავშირეებს გაუუქმეს ფოროსი და მის მაგიერ შემოიღეს 5% საზღვაო ბაჟი, ამ ღონისძიებამ სათანადო შედეგი გამოილო და მოკავშირეებმა ათენისაკენ პირი იბრუნეს.
სპარტას ათენთან საბრძოლველად სჭირდებოდა ფლოტი, რომელიც მას არასოდეს ჰყოლია. ფლოტის შექმნისათვის მას არც ფინანსები გააჩნდა და არც სხვა მატერიალური საშუალებები. ძვ.წ. 412-41 წწ. სპარტის სახელმწიფოს სახელით, ალკიბიადე წავიდა სპარსეთის ტირან ტისაფერნესთან და სამი პუნქტისაგან შემდგარი ხელშეკრულება დადო:
- სპარსეთი სპარტას აძლევდა თანხებს ფლოტის შესაქმნელად და შესანახად;
- ათენის წინააღმდეგ ომი სპარტას და სპარსეთს ერთად უნდა ეწარმოებინათ;
- სპარტა ამ დახმარებისათვის აღიარებდა სპარსეთის დიდი მეფის უფლებებს მცირე აზიის ბერძნულ პოლისებზე.
სპარსელების დახმარებით სპარტელებმა შესანიშნავი ფლოტი შექმნეს და შეეცადნენ ბოსფორის მიდამოებში ათენისაკენ პურით დატვირთული გემების ხელში ჩაგდებას. მცირე აზიის მთელ რიგ ბერძნულ პოლისებში სპარტელების მეოხებით ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა და ისინი ათენის საზღვაო კავშირს ჩამოსცილდნენ. ძვ.წ. 411 წ. ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა თვით ათენში ანტიფონტეს, კრიტიას და ფერამენეს მეთაურობით, რომლებმაც 400 ბატონობა ანუ „ტირანია შექმნეს, მაგრამ მათ შორის არ იყო ერთსულოვნება. ისინი ერთმანეთს მხოლოდ დემოკრატიისადმი სიძულვილში ეთანხმებოდნენ. ამავე დროს ათენელმა ოლიგარქოსებმა სპარტელებს შესთავაზეს ზავი, მაგრამ სპარტელები მათ არ ენდობოდნენ და ათენის კედლებზე იერიში მიიტანეს, მაგრამ უშედეგოდ.
ათენის ფლოტში, რომელიც კუნძულ სამოსთან იდგა, ოლიგარქოსების წინააღმდეგ მოხდა აჯანყება. იგი 4 თვე გაგრძელდა და ოლიგარქოსების დამხობით დამთავრდა. მათ აირჩიეს თავიანთი დემოკრატი სტრატეგოსები: თრასიბულე, თრასილე და ალკიბიადე, რომელიც სპარტელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს და ბოლოს მოკვლაც კი მოუნდომეს. ალკიბიადე მათ გაექცა მცირე აზიაში სპარსეთის ტირანთან როდესაც გაიგო ათენის ფლოტის მიერ მისი არჩევის ამბავი, სიხარულით დათანხმდა, სათავეში ჩაუდგა ფლოტს და გაუძღვა ბოსფორისაკენ, სადაც სპარტელთაფლოტი ათენელთა პურით დატვირთულ გემებს იჭერდა და ათენის პურით მომარაგებას ხელს უშლიდა. ალკიბიადემ საზღვაო ბრძოლაში ორჯერ სასტიკად დაამარცხა სპარტელთა ფლოტი, რის შემდეგაც მან აღადგინა ათენელების კონტროლი ჰელესპონტსა და ბოსფორზე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა იგი ათენისაკენ. ძვ.წ. 408 წ. ათენმა ზარზეიმით მიიღო ალკიბიადე. მას ყველა დანაშაული აპატიეს და სახმელეთო და საზლვაო ძალების მუდმივ მთავარსარდლად გამოაცხადეს. მაგრამ მისი ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძლებულა, რადგან ათენი განიცდიდა მძიმე ფინანსურ და სამხედრო კრიზისს. სპარსელებისაგან ალკიბიადემ ათენელებისათვის დიდი თანხების მიღება მოახერხა, რადგანაც მათი მიზანი იყო: სპარტასა და ათენს ერთმანეთი ბრძოლით დაესუსტებინათ, ამიტომ სპარსეთი ორივე მხარეს ფულს უხვად აძლევდა.
ძვ.წ. 407 წ. ალკიბიადეს ათენში ყოფნის დროს, მისი მოადგილე ყოველგვარი დაზვერვის გარეშე სპარტელთა ფლოტს დაესხა თავს ეფესოსთან, ნოტიოს კონცხთან და სასტიკი მარცხი განიცადა; გადარჩენილებმა თავი შეაფარეს მიტილენის ნავსადგურს. ამ მარცხში ალკიბიადე დამნაშავე სრულიად არ იყო, მაგრამ მარცხი მას დააბრალეს. როგორც დამნაშავეს, სარდლობა ჩამოართვეს, ძველი ცოდვებიც გაუხსენეს და აიძულეს წასულიყო ათენიდან. ალკიბიადეს თრაკიის ქერსონესში მშვენიერი სასახლე და მამული ჰქონდა და საცხოვრებლად იქ გადავიდა. ძვ.წ. 406 წ. მცირე აზიის არგინუსის კუნძულებთან ათენის ფლოტი სპარტელების ფლოტს შეხვდა და გაანადგურა სპარტელების გემების დიდი ნაწილი და მათი ნაგარქოსი დაილუპა. ეს საზღვაო ბრძოლა ათენელების ბრწყინვალე გამარჯვება იყო, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა არ მისცა საშუალება გამარჯვებულ ათენელებს თავიანთი ჩაძირული ხომალდების მეზღვაურები და მეომრები გადაერჩინათ. როდესაც ათენში მოვიდა გამარჯვების ამბავი და ცნობა, რომ დაღუპულთა გადასარჩენად ათენელმა სტრატეგოსებმა ვერ მიიღეს ზომები, დაღუპულთა გამწარებულმა ნათესავებმა 6 სტრატეგოსი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის იყო პერიკლეს ვაჟიც.
სპარტელებმა სპარსელების დახმარებით ისევ ააგეს ახალი ფლოტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გამოცდილი დიპლომატი, სარდალი ლისანდრე. მან ათენელებთან პირდაპირ ბრძოლაზე უარი თქვა და ძვ.წ. 405 წ. ზაფხულში ჰელესპონტის აზიის სანაპიროს მხარე დაიკავა, რითაც ყოველმხრივ ხელს უშლიდა ათენელების პურით დატვირთული გემების მიმოსვლას. ამავე დროს, ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ჰელესპონტის სანაპიროზე მყოფ ათენელთა ფლოტს, რომელიც ათენელების გემების უშიშროებას უზრუნველყოფდა. როდესაც ათენელები თავიანთ გემებზე სასმელ წყალს იმარაგებდნენ, ლისანდრემ დრო იხელთა და მოულოდნელად თავს დაესხა, მთელი ფლოტი მეზღვაურებიანად გაანადგურა, თანაც ათენისაკენ მიმავალი სურსათ-სანოვაგით დატვირთული გემები იგღო ხელთ და ატიკისაკენ დაიძრა. გზა და გზა ლისანდრე იპყრობდა ათენის მოკავშირე პოლისებს.
ომის შედეგები
ძვ.წ. 405 წ. შემოდგომაზე ლისანდრემ და სპარტას მოკავშირეებმა ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტიეს ათენს, მხოლოდ ძვ.წ. 404 წ. აპრილში მიაღწიეს მიზანს. ათენი შიმშილისაგან დასუსტებული დანებდა მტერს. გამარჯვებულმა სპარტამ ათენს უკარნახა შემდეგი საზავო პირობები:
- სპარტის მოკავშირეები კორინთო, თებე და მეგარა მოითხოვდნენ ათენის სრულ განადგურებას, მაგრამ გამარჯვებულმა სპარტამ, საბერძნეთში წონასწორობის დასაცავად ათენს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა. ათენში ძალაუფლება „30 ოლიგარქოსის“ ხელში გადავიდა რომელსაც სოფისტებისა და სოკრატეს მოწაფე პოეტი კრიტიასი ხელმძღვანელობდა.
- ათენს ატიკის ტერიტორიის გარდა მიეცა კუნძულები სალამინი, ლემნოსი, იმბროსი და სკიროსი.
- ათენის საზღვაო კავშირი დაშლილად გამოცხადდა.
- ათენს ჩამოერთვა ყველა სამხედრო დასავაჭრო გემი, გარდა სასადარაჯო ხომალდებისა.
- ყველაზე მძიმე პირობა კი საკუთარი ძალებით პირეოსისა და ათენის გარშემო მაღალი კედლების დანგრევა იყო, რომელიც
- ათენელების სიამაყეს წარმოადგენდა. ლისანდრემ მესალამურეები შეკრიბა და მათი მუსიკის თანხლებით, ათენელებს საკუთარი
- ხელით დაანგრევინა კედლები.
- ყველა პოლიტიკური ემიგრანტი და გაძევებული ათენელი დააბრუნეს. ათენელმა ოლიგარქებმა დრო იხელთეს, დაიწყეს დემოკრატების ხოცვა-ჟლეტა და ზოგი არადემოკრატი მეტეკიც მიაყოლეს მათი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.
ძვ.წ. 404 წ. სპარტელების გამარჯვებით დამთავრდა 27 წლიანი პელოპონესის ომი, რის შემდეგ სპარტამ საბერძნეთის ჰეგემონია მოიპოვა და ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტსა თუ პოლისში თავისი ჯარის ნაწილები ჩააყენა. ათენის აკროპოლისშიც 700 სპარტელი მეთვალყურე დააყენა. გამარჯვებული სპარტაც ისეთივე გამოფიტული და უკიდურესობამდე გადაღლილი იყო, როგორიც დამარცხებული ათენი. სპარტამ მოსთხოვა ფულადი კონტრიბუციის გადახდა, მაგრამ ათენის ხაზინა ცარიელი იყო.