მხედრები (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მხედრები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

„მხედრებში“ (ძვ.წ. 424, ლენეები) დრამატურგი კვალავ ომისა და მშვიდობის საკითხს უბრუნდება. პიესის სატირული მახვილი ისევ დემაგოგ კლეონის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც დრამატურგს ძველი ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი ხერხებით ჰყავს გამასხარავებული. თუმცა, არისტოფანეს კრიტიკის მიზანი მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პირის კრიტიკა კი არა, თანამედროვე პოლიტიკური მმართველობის პოპულისტური და მომხვეჭელი არსის მხილებაა. კლეონი დემოსის – კრებსითი პერსონაჟის – პაფლაგონელი მონაა, თუმცა გეოგრაფიულ პაფლაგონთან მას არაფერი აკავშირებს. მთავარი აქ სიტყვის ასოციაციური კავშირია ბერძნულ ზმნა „პაფლაძეინ“-თან, რაც დუღილს, თუხთუხს ნიშნავს. არისტოფანეს სურს, რომ რადიკალური დემოკრატიის ლიდერის შემტევ, თავხედსა და მოუსვენარ ხასიათს გაუსვას ხაზი. პაფლაგონელი მონა პროფესიით მეტყავეა, რადგან ისტორიული კლეონი ტყავის დამმუშავებელ სახელოსნოს ფლობდა. ამდენად, არისტოფანე კვლავ გაბედულად უტევს კლეონს, რომელმაც „ბაბილონელების“ დადგმის შემდეგ, სასამართლოში ერთხელ უკვე უჩივლა.

კომედიის პროლოგი ორი მონის დიალოგით იწყება, რომლებიც სახლიდან გამორბიან და პაფლაგონელის თავხედობაზე ჩივიან, რადგან ამ უკანასკნელმა პილოსში მოზელილი ცომი ხელიდან გამოსტაცა და დემოსს საკუთარი სახელით მიართვა. ეს მონები სტრატეგოსები ნიკია და დემოსთენე არიან, არისტოფანეს, ნიკიას სახით, 425/424 წწ. ჩვენთვის უკვე ნაცნობი სტრატეგოსი, წინდახდული პოლიტიკოსი და სპარტასთან 421 წლის ზავის ავტორი გამოჰყავს. დემოსთენემ პილოსთან გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

არისტოფანე მოხერხებულად იყენებს რეალური ისტორიული პირების ხასიათის თვისებებს და მათ კლოუნადის პერსონაჟებად აქცევს. ერთი მათგანი უფრო გაბედული და გონიერია, მეორე მოსულელო და მშიშარა. მგზნებარე და მოუსვენარი მეტყავისაგან განთავისუფლების მიზნით, ისინი გამოსავალს ეძებენ. ნიკია სთავაზობს დემოსთენეს, რომ დახმარება სთხოვონ ღმერთებს. დემოსთენეს უკვირს, რომ ნიკია მორწმუნეა, ნიკიას კი სჯერა, რომ რადგან თავად „ღვთის პირიდანაა გადავარდნილი“, ამიტომ სადღაც ღმერთები უნდა არსებობდნენ.

ნიკიას რელიგიური არგუმენტაცია თანამედროვე ფილოსოფოსთა არგუმენტაციის პაროდიას წარმოადგენს. ერთი პირობა, ნიკია და დემოსთენე თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობენ, მაგრამ შემდეგ დემოსთენე მაგარ ღვინოს დალევს, დაფიქრდება და გამოსავალს მოძებნის (კლოუნადაში თვითმკვლელობის თემა XX საუკუნის აბსურდის დრამის, კერძოდ, ბეკეტის „გოდოს მოლოდინის“ პასაჟს გვაგონებს). გადაწყდება, რომ პაფლაგონელს ორაკულები მოპარონ, რათა გაიგონ, თუ ვინ შეცვლის მას პოლიტიკურ სარბიელზე.

„ორაკულების“ თემის შემოტანით, არისტოფანე ათენელთა ცრუმორწმუნეობასაც ამასხარავებს. ტექსტში რამდენჯერმეა ნახსენები ათენში ძალზე პოპულარული ვინმე წინასწარმეტყველი ბაქიდე, რომლის რჩევასაც, როგორც ჩანს, ათენელები ხშირად მიმართავდნენ. მოპარული ორაკულებით გაირკვევა, რომ პაფლაგონელ მონას კიდევ უფრო თავხედი, უმეცარი, ურცხვი და ფარისეველი დემაგოგი შეცვლის, რომელიც ამ თვისებებით მასაც კი გადააჭარბებს. ეს ადამიანი ხელობით მეძეხვე იქნება. მართლაც, ორქესტრაზე შემოდის ბაზარში ძეხვით მოვაჭრე. დემოსთენე და ნიკია არწმუნებენ უწიგნურსა და ტეტია მოვაჭრეს, რომ მას ყველა აუცილებელი თვისება აქვს იმისათვის, რომ ხალხის დემოკრატიული რჩეული გახდეს. ნიკია მომავალი ბედნიერებისა და გავლენის სურათებით აცდუნებს მას, უხსნის, რომ ყველაფრის სრული ბატონპატრონი იქნება – ბაზრის, ნავსადგურისა თუ საბჭოსი, რომელსაც, როგორც მოისურვებს, ისე ატრიალებს თავის ნებაზე. სიმდიდრეს, ძალაუფლებასა და გავლენას დახარბებული მეძეხვე ჯერ მერყეობს, შემდეგ კი დემოსთენესა და ნიკიას მიერ გამხნევებული პოლიტიკურ ბრძოლაში ებმება.

არისტოფანე დემოკრატიული ლიდერების პოლიტიკური ბრძოლის ხერხებსა და მეთოდებს, მათ ცრუმორწმუნეობას, სიმხდალესა და თავხედობას ამასხარავებს. ამასთან, ის პოლიტიკური ბრძოლის პრიმიტიულობასა და წვრილმან ხასიათს ამხელს. რაც შეეხება დემოსს, რომელმაც ჭკუა საბოლოოდ დაკარგა, მისი გულის მოგების სურვილი პოლიტიკოსთა დეგრადაციასაც იწვევს.

პიესის ექსპოზიციურ ნაწილში მწიფდება აგონის აუცილებლობა. სცენაზე შემორბის გაცეცხლებული მეტყავე, პაფლაგონელი მონა. პაფლაგონელთან ბრძოლაში ოპონენტებს ძლიერი მოკავშირეები ესაჭიროებათ, დემოსთენე ათენის კავალერიას, მდიდარი მიწათმოქმედების – მხედრების გუნდს მოუხმობს. სტატისტების ზურგზე ამხედრებული 24 ახალგაზრდა მხედარი სცენაზე „შემოაჭენებს“. როგორც ვნახეთ, „აქარნელებში“ მოქმედების პროტაგონისტი დიკეოპოლისი, ათენელი მიწათმოქმედი იყო. ამჯერად სცენაზე მხედრების გუნდი დგას. იცავს რა მშვიდობას, არისტოფანე მიწისმფლობელთა ყველა ფენის ინტერესებს აერთიანებს, რადგან ომი მათ ყველას აზარალებს.

გუნდის პაროდოსს ანტაგონისტების ენერგიული შერკინება მოჰყვება. პაფლაგონელი მეძეხვესა და მეტყავეს ორთაბრძოლა ძველი ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი ბუფონურობითა და სკაბრეზულობით გამოირჩევა. აგონში კლეონის პოლიტიკისა და მმართველობის რეალური კრიტიკაც იკითხება, მეძეხვე მას პირადი ინტერესებისათვის ლაკედემონელებთან (სპარტასთან) ფარულ გარიგებებსა და ხაზინის ძარცვაში ადანაშაულებს. კლეონის მხილებაში გუნდიც ერთვება და მისი მმართველობის მანკიერებას ამხელს – მდიდარ მოსახელობას აშანტაჟებს, მოკავშირეებს ქრთამებს სძალავს, სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდება.

მოწინააღმდეგეები ტოლს არ უდებენ ერთმანეთს თავხედობასა და გაიძვერობაში, რითაც გამალებით იკვეხნიან კიდეც. მათი ყოველი შეტაკება ჩხუბით მთავრდება. ამასთან, მეძეხვე თავის გავლენიან ოპონენტს მისივე იარაღით უპირისპირდება – უზომო პირმოთნეობითა და პოპულისტური დაპირებებით. პირველი აგონი მოულოდნელად წყდება, განრისხებული მეძეხვე ხუთასის საბჭოში გარბის, რათა კრება კლეონის გადაყენებაზე დაითანხმოს. ძალის მოსაკრებად დემოსთენე მას ნიორს აჭმევს, ასე იქცეოდნენ ხოლმე მამლების ბრძოლების წინ, ფრინველებისათვის საბრძოლო ჟინი რომ გაეღვიძებინათ. არისტოფანე პოლიტიკური კამათის დაძაბულობას გრძნობად სახიერებას უხეში მიწიერი ყოფითობის სურნელს, „მარილსა“ და „სიცხარეს“ ანიჭებს. საბჭოდან მეძეხვე გამარჯვებული ბრუნდება და აცხადებს, რომ საბჭოს თავკაცი გახდა. მან მთელი თავისი ბაზრობის გამოცდილება მოიკრიბა და დაუნდობელ ბრძოლაში დაამარცხა კლეონი. საბჭოს წევრები ქაშაყის გაიაფების ცნობითა და მისი შეძენის მომგებიანი გზის დასახვით მოხიბლა, უფასო მწვანილიც ჩამოურიგა, თევზისთვის მისაყოლებლად. ამ „პრიმიტიული“ კომიკური ფორმით მან საბჭოს მხრდაჭერა მოიპოვა.

ახლა ხალხის გადმობირების დრო დადგა. კომედიაში მეორე აგონი მწიფდება. არისტოფანეს კომედიათა უმრავლესობისაგან განსხვავებით, „მხედრებში“ ორი აგონია, პირველი პაფლაგონელსა და მეძეხვეს შორის ნიკიასა და დემოსთენეს თანდასწრებით იმართება, მეორე უკვე დემოსის თანდასწრებით მიმდინარეობს. მეძეხვემ პოზიციები გაიმაგრა, საბჭო მის მხარეზეა, ახლა დემოსის – იმავე ათენელი ხალხის გადმობირებაა საჭირო. პაფლაგონელი და მეძეხვე დემოსისათვის ერთგვარ „კომედიურ ნადიმს“ მართავენ, ისინი, ასე ვთქვათ, „ხალხზე ზრუნვაში“ მართავენ შეჯიბრს, ვინ უკეთ დააპურებს და მოესიყვარულება ჭკუასუსტ დემოსს, ვინ უკეთეს ორაკულს მიართმევს მას. სახუმარო გამასპინძლების პროცესი აგონის სერიოზული პოლიტიკური კრიტიკის საშუალება ხდება, მეძეხვე უარყოფს პაფლაგონელი მეტყავის დემოსის წინაშე დამსახურებებს: – პილოსთან გამარჯვება, ხაზინის სასარგებლოდ ფულის კონფისკაცია, ახალი დაპყრობითი გეგმები – ეს ყოველივე საკუთარი ინტერესებისათვის კეთდებოდა და არა ხალხისთვის. მეძეხვე დემოსს ბალიშს ჩუქნის, რბილად რომ დაჯდეს. ამ ომიანობის დროს ხომ სარდაფებსა და კოშკებში თავშეფარებულს უწევდა ყოფნა. ის ხალხს რბილ ჩუსტებსა და მოსასხამს, ბოლოს კი პაფლაგონელისთვის მოპარულ კურდღელსაც კი მიართმევს. მეორე აგონიც მეტყავის უპირობო გამარჯვებით სრულდება.

ერთი შეხედვით, არისტოფანეს პაროდიაში ხალხი კუჭსა და კომფორტზე დამოკიდებულ ბრიყვად არის გამოყვანილი. ატიკური კომედია ხომ სწორედ ხორციელი, მიწიერი თვისებების გაზვიადებით გამოირჩევა. აქ პერსონაჟთა სექსუალური ჟინის, ღორმუცელობის, უხეშობის, უმეცრების, გაიძვერობისა და სხვ. კომიკური თვისებების დემონსტრირება მხატვრული მოდელირების საშუალებაა. პაფლაგონელსა (აგორაკრიტოსს) და მეძეხვეს ერთმანეთისაგან არაფერი განასხვავებთ, მეტიც, მეძეხვე უფრო გაქნილი, მლიქვნელი და მოხერხებული აღმოჩნდება, ვიდრე მეტყავე. თუმცა, კომედიის ფინალში, რომელსაც ხალხური ზღაპრისა და ფანტაზიის სფეროში გადავყავართ, მეძეხვე თავის „ღვთაებრივ“ ბუნებას ავლენს, დემოსს ქვაბში მოხარშავს და გაახალგაზრდავებულს ამოიყვანს. ეს ზღაპრული მეტამორფოზა დემოსს ახალ ენერგიას, სასიცოცხლო ძალასა და ნათელ გონებას ანიჭებს. ასეთი დასასრული ერთგვარი დიაგნოზია ათენის საზოგადოებისათვის დასმული, რომელმაც დაკარგა ბერძნულ-სპარსული ომების პერიოდის ერთიანობისა და ღირსების განცდა, პოლიტიკოსებმა საკუთარი მერკანტილური მიზნებისადმი მსახურება საერთო ინტერესებზე მაღლა დააყენეს, ხოლო დემოკრატიის მთავარი სუბიექტმა – ხალხმა თავის მსახურებზე გავლენა იაფფასიანი მლიქვნელობის საფასურად დათმო.

თამარ ბოკუჩავა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები