ზმნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზმნა – მეტყველების ნაწილი; სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი (უღლებადი) სიტყვა. ფუნქციურად გამოხატავს კონსტრუქციაში სუბიექტად წარმოდგენილი პირის მოქმედებას (აკეთებს, კეთდება…) ან მდგომარეობას (დგას, წუხს…).

ქართული ზმნა რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს: უღლების და წარმოქმნის კატეგორიებად (ა. შანიძე). უღლების კატეგორიად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას. ასეთებია პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა, მწკრივი. წარმოქმნის კატეგორიად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას. ასეთებია გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. შესაძლებელია, ძვ. ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია იყო, ახალში კი იგი წარმოქმნის კატეგორიაა (ა. შანიძე).

ფორმალური გამოხატვის თვალსაზრისით. ზმნის კატეგორიები იყოფა გრამატიკულ (მორფოლოგიურ) და სემანტიკურ კატეგორიებად, ამგვარ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გრამატიკული კატეგორიის, როგორც მორფოლოგიური კატეგორიის, ტრადიციული გაგება, ე.ი. კატეგორიისა, რომელიც გამოიხატება მორფოლოგიური საშუალებებით. ამ გაგებით, მორფოლოგიური კატეგორიებია პირი, რიცხვი, მწკრივი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. სემანტიკური – დრო, კილო, აქტი.

ქართული ზმნური ფორმების ძირითადი საკლასიფიკაციო ერთეულებია, ერთი მხრივ, სტატიკური და დინამიკური ზმნები, მეორე მხრივ, გარდაუვალი და გარდამავალი ზმები (არნ. ჩიქობავა).

ზმნის სირთულის ერთ-ერთი საფუძველი აფიქსებთან დაკავშირებული პრობლემაა: ერთი და იგივე კატეგორია შეიძლება რამდენიმე აფიქსით გადმოიცეს და, პირიქით, მასალობრივად ერთი და იგივე აფიქსი რამდენიმე ფუნქციით მოგვევლინოს.

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან, ე. ი. აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტურიცა და ობიექტურიც. შესაბამისად, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი (მასში აისახება მხოლოდ სუბიექტური პირი – კვდება…), ორპირიანი (სუბიექტური და ობიექტური პირები – მხატავს ის მე, ეზიდება ის მას…), სამპირიანი (სუბიექტური და ორი ობიექტური პირი – სწერს ის მას მას…). ასახელებენ ოთხპირიან ზმნებსაც. პირიანობისა და ვალენტობის გარჩევამ ეს საკითხი დააზუსტა.

ზმნა ფორმას იცვლის როგორც სუბიექტური პირების (სუბიექტ. წყობა, სუბიექტ. უღლება), ისე ობიექტ. პირების მიხედვით (ობიექტ. წყობა, ობიექტ. უღლება). ზმნის ფორმაცვალება ხდება საუღლებელ ერთეულთა (მწკრივი, დრო-კილო…) მიხედვით, საუღლებელი ერთეულის შიგნით – პირისა და რიცხვის მიხედვით. ზმნას მოეპოვება როგორც ორგანული წარმოება, ისე აღწერითი წარმოება.

საუღლებელი ფუძის მიხედვით ზმნურ ფორმათა დაჯგუფება ხდება (კ. დოდაშვილი, დ. ჩუბინაშვილი, ნ. მარი…) სერიებად და მწკრივებად. საუღლებელ ერთეულთა რაობისა და რაოდენობის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს (უ. ყორღანაშვილი, ა. დავითიანი).

გარკვეული ნიშნებით ზმნებთან აერთიანებენ სახელზმნებსაც, თუმცა აზრი იმის თაობაზე, სახელზმნა ზმნა არის თუ სახელი, არაერთგვაროვანია.

გ· გოგოლაშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები