მწკრივი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწკრივი – საუღლებელი ერთეული. ამ ცნების აღსანიშნავად სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორთან (ზოგჯერ ერთსა და იმავე ავტორთანაც) სხვა ტერმინებიც გამოიყენებოდა: რიგი, წევრი, დრო, დრო-კილო…ამჟამად ძირითადად ორი ტერმინია დამკვიდრებული: მწკრივი (ა. შანიძე) და ნაკვთი (არნ. ჩიქობავა). თითოეული მათგანის შემოტანას თან ახლდა შესაბამისი ცნების განსხვავებული გაგება. ა. შანიძის აზრით, მწკრივი რთული კატეგორიაა, რომელიც შეიცავს რამდენიმე კატეგორიას „მწკრივის ელემენტებად“ წოდებულს. ესენია: დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა. მწკრივთა შორის სხვაობას ფუნქციურად ამ ელემენტთა მქონეობა განსაზღვრავს.

არსებობს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც მწკრივი კატეგორიაა, მაგრამ არა რთული.მწკრივი იგივეა ზმნისათვის, რაც ბრუნვა სახელისათვის: „მწკრივი არის ენაში ზმნის არსებობის, მისი ფუნქციონირების ფორმა“ (ბ. ჯორბენაძე). მწკრივს მოეპოვება თავისი ფუძე და მაწარმოებელი. მწკრივის ფუძეა ზმნური ფორმის ის ნაწილი, რომელსაც ჩამოშორებული აქვს ზმნისწინი, პირისა და რიცხვის ნიშნები. მწკრივის ნიშანი არის ზმნური ფორმის სუფიქსური ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია კონკრეტული მწკრივისთვის და არ გადაჰყვება სხვა მწკრივებში.

აზრთა სხვადასხვაობა მწკრივთა რაოდენობის საკითხშიც იჩენს თავს. ძველ ქართულ, სალიტერატურო ენაში ნ. მარმა რვა მწკრივი გამოყო (დღევანდელი ტერმინოლოგიით: აწმყო, უწყვეტელი / ნამყო უსრული, I კავშირებითი, წყვეტილი / ნამყო სრული, II კავშირებითი, I თურმეობითი, II თურმეობითი, III კავშირებითი). სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორთან დაემატა: აწმყოს ხოლმეობითი, უწყვეტლის ხოლმეობითი (I ხოლმეობითი), II ხოლმეობითი, შერეული კავშირებითი, III ხოლმეობითი (ა. შანიძე); შერეული ხოლმეობითი, შერეული ნამყო, შერეული ბრძანებითი (ლ. კიკნაძე). ამ მწკრივების შესახებ აზრთა ერთგვარობა არ არსებობს.

ახალ სალიტერატურო ქართულში ძირითადად 11 მწკრივს გამოყოფენ (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა). სხვაობა მწკრივთა რაოდენობის თვალსაზრისით ძველ და ახალ ქართულს შორის ძირითადად შეაპირობა ხოლმეობითის მორფოლოგიური კატეგორიის გაქრობამ, ასევე დროისა და ასპექტის გამოხატვის თვალსაზრისით მომხდარმა ცვლილებებმა. ამის საფუძველზე გამოიყო I სერიაში ორი წრე – აწმყოსა და მყოფადისა. ფ სერიისათვის მწკრივთა განმასხვავებელ ელემენტად ზმნისწინი იქნა მიჩნეული. მაგრამ რამდენადაც ზმნისწინს იგივე ფუნქცია არ აკისრია I და III სერიაში, მკვლევართა ერთი ნაწილი არ იზიარებს მყოფადის წრის გამოყოფის იდეას და დრო-კილოთა სისტემას 8 მწკრივით წარმოადგენს (გ. გოგოლაშვილი, ა. ჩიქონივანი, ქ. დათუკიშვილი…). გამოიკვეთა მესამე თვალსაზრისიც, რომლის მიხედვითაც ზმნისწინით განსხვავებული ფორმები ყველა შემთხგევაში უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებელ მწკრივად. შესაბამისად, გვექნება 16 მწკრივი (ა. არაბული).


მწკრივთა დალაგება (სერიებად) საუღლებელი ფუძის პრინციპით მოხდა (კ. დოდაშვილი, დ. ჩუბინაშვილი, ო ნ. მარი..). დრო-კილოთა სისტემაში მწკრივების ფუძეები ერთმანეთს შეიძლება მიემართებოდეს ხაზოვანი (წერ– წერ-დ…), ან – ჩანაცვლების პრინციპით (წერ-ე – წერო…) (ბ. ჯორბენაძე)

ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ, ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგალ, ტI, თბ., 1950;
  • შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I, თბ. 1953 (1973);
  • გოგოლაშვილი გ. ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ. 1988;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული ენის მორფოლოგია, თბ., 1

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები