ასპექტი (გრამატიკა)
ასპექტი – (ლათ. aspectus გარეგანი სახე, შესახედაობა), გრამატიკული კატეგორია, რომელიც ზმნის მიერ აღნიშნულ მოქმედებას წარმოადგენს დასრულებულად ან დაუსრულებლად. ამის მიხედვით ასპექტი ორია: სრული და უსრული (ქართველოლოგიაში ტერმინი ასპექტი დაამკვიდრა ა. შანიძემ). თანამედროვე ქართულში ასპექტი, ჩვეულებრივ, ზმნისწინის დართვით იწარმოება. ზმნისწინიანი ფორმები სრული ასპექტისაა, უზმნისწინო – უსრულის. მაგ., და-წერს, და-წერა – წერს, წერა.
ასპექტის მიხედვით ზმნები შეიძლება იყოს ასპექტიანი და უასპექტო (ა. შანიძე). უასპექტოა ზმნები, რომლებიც ზმნისწინს საერთოდ არ დაირთავენ მაგ.: არის, უყვარს, ბავშვობს, აფენია… ან მხოლოდ მიმართულების აღსანიშნავად დაირთავენ. მაგ.: მი-ფრინავს, მი-რბის – ამ ტიპის ზმნებს ასპექტნაკლ ზმნებსაც უწოდებენ (ზ. ჭუმბურიძე).
ძვ. ქართულში სრული და უსრული ასპექტის ფუძეები სერიების მიხედვით იყო გარჩეული: I სერიის ფორმები უსრულ ასპექტს გამოხატავდა: (აღ)აშᲱნებს, II სერიისა – სრულს: (აღ)აშᲱნა, ზმნისწინი ასპექტს არ აწარმოებდა.
ივარაუდება, რომ ქართული ენის განვითარების ადრეულ ეტაპზე დროის კატეგორიას წინ უსწრებდა ზმნათა ცვლა ასპექტის მიხედვით. ასპექტი იყო ორგვარი: განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი (წერტილებრივი). განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა პერმანსივი, მომენტობრივს – აორისტი (არნ. ჩიქობავა).
თანამედროვე ქართულში, გარკვეულ შემთხვევებში, ზმნას შესაძლებლობა აქეს აღნიშნოს მოქმედების განგრძობითობა-წყვეტილობა, ერთგზისობა-მრავალგზისობა. ასპექტის ამგვარ ფუნქციურ ვარიანტებს მოქმედების სახეს უწოდებენ (ზ. ჭუმბურიძე).
უკანასკნელ ხანს ასპექტის კატეგორიას განიხილავენ უფრო ფართოდ – არა მხოლოდ ზმნის, არამედ გამოთქმისა (წინადადების, მყარი სინტაქსური კონსტრუქციების) და ტექსტის დონეზე.
ნ. ლოლაძე
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ. პერმანსივის („ხოლმეობითის") ისტორიული ადგილისათვის ქართული ზმნის უღვლილების სისტემაში. – „სმამ“, 1943, ტ.4, №1;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1951;
- მაჭავარიანი გ. ასპექტის კატეგორია ქართველურ ენებში. – კრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, IV, თბ. 1974;
- ჭუმბურიძე ზ. მყოფადი ქართველურ ენებში, თბ., 1986.