ღრუბლები (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ღრუბლები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

არისტოფანეს შემოქმედებას პირობითად სამ ეტაპად ყოფენ. პირველ ეტაპი მძაფრი პოლიტიკური სატირით, ინვექტივით, პუბლიცისტურობითა და ბუფონადის, გროტესკისა და კლოუნადის სიუხვით გამოირჩევა. სწორედ ამ პერიოდში იქმნება „აქარნელები“, „მხედრები“ და „მშვიდობა“. ამავე წლებში იყო წარმოდგენილი „ღრუბლები“ და „კრაზანები“. არისტოფანეს შემოქმედების პირველი პერიოდი პელოპონესის ომში ათენის წარმატების წლებს მოიცავს. ეს კიდევ უფრო ზრდის მისი პოლიტიკური სატირის სიმძაფრეს, რადგან მწერალი, წარმატებული საომარი კამპანიების ფონზე, მშვიდობის მომხრედ გვევლინება. ამავე პერიოდში დაიწერა არისტოფანეს ორი პიესა – „ღრუბლები“, რომელიც წარმოდგენილი იყო 423 წლის დიონისიებზე და „კრაზანები”, წარმოდგენილი 422 წელს ლენეებზე. 423 წელს არისტოფანე დრამატურგთა შეჯიბრში დამარცხდა, მან მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა მწერალს „ღრუბლები“ თავის ყველაზე სერიოზულ პიესად მიაჩნდა. „კრაზანებმა“ ლენეებზე პირველი ადგილი დაიკავა. (ფიქრობენ, რომ არისტოფანე სოკრატესთან და ევრიპიდესთან მეგობრობდა და მათი იდეების თაყვანისმცემელიც კი იყო, თუმცა ასეთი დაშვება, ჩვენი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა და კომედიების გზავნილებთან რადიკალურ წინააღმდეგობაში შედის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ რაიმე ფარული ენა თუ კოდი არ გვესმის ამ კომედიების).


„ღრუბლებში“ არისტოფანე პოლიტიკური თემატიკის ნაცვლად კულტურულსა და ეთიკურ პრობლემატიკას აყენებს. პიესის გუნდი ღრუბლებისაგან შედგება, ეს ახალი ღმერთები არიან, რომლებსაც სოკრატე ძველ ღმერთთა სანაცვლოდ აღიარებს. ღმერთებმა დაკარგეს ანთროპომორფული ფორმა და აბსტრაქციებად იქცნენ.

ათენის მოქალაქე სტრეფსიადე ადრე სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ მაჭანკალმა ქალაქელი ქალი გაურიგა და მას შემდეგ მისი ცხოვრება უკუღმა წარიმართა. ცოლმა ქალაქური წესით დააწყებინა ცხოვრება, შვილიც თავქარიანი და მფლანგველი გაზარდა. ფიდიპიდე, სტრეფსიადეს ვაჟი, ცხენებისა და ეტლების მოყვარულია, მისმა გატაცებამ ოჯახი ისეთ ვალებში ჩააგდო, რომ სტრეფსიადე ლამფის ზეთსაც კი ზოგავს, ხარჯში რომ არ ჩავარდეს. შვილის ვალებმა მას ძილიც კი გაუფრთხო. ქალაქური ცხოვრების წესით შეზღუდულს, მსახურთა ცემაც კი აღარ შეუძლია, შვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გამოსავლის ძიებაში გადაწყვეტს, რომ შვილი სოკრატესთან „საფიქრალეთში“ გაგზავნოს, სადაც ის იმგვარად ლაპარაკს ისწავლის, რომ ყოველგვარ საქმეში გაიმარჯვებს, მტყუანიც რომ იყოს. ფიდიპიდე უარზეა, მაშინ სტრეპსიადე თვითონ მიებარება სოკრატეს. არისტოფანეს სატირის სამიზნე სოფისტიკაა, მწერალი სოკრატესაც სოფისტად მიიჩნევს. მისი აზრით, სოფისტები ცრუ სიბრძნის მქადაგებლები არიან. მათთვის კამათის ხელოვნება ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას (ისტორიულ სოკრატეს კამათი ანუ დიალექტიკა ჭეშმარიტების მიღწევის საშუალებად მიაჩნდა). ფაქტობრივად, არისტოფანემ სოკრატე სოფისტიკის კრებსით კარიკატურად აქცია და მას სხვადასხვა ცრუ ფილოსოფოსთა თეორიები მიაწერა.

არისტოფანეს კარიკატურული სოკრატე სტრეფსიადეს მეზობლად „საფიქრალეთში“ ცხოვრობს და კომიკურად ფილოსოფოსობს უფერული და დამშეული მოწაფეებით გარემოცული. ისინი სრულიად ახირებულ და უსარგებლო დაკვირვებებს აწარმოებენ, იკვლევენ, რითი წუის კოღო, პირით თუ უკანალით? ვიღაცას უკანალი მიუშვერია ცისკენ, რასაც საფიქრალეთში ასტრონომიის ახალ მეთოდად ასაღებენ. თავად სოკრატე დაკიდებულ კალათში წევს, მიწამ მისი აზრისა და გონების „სინოტივე“ რომ არ შეიწოვოს და მზის ბუნებაზე ფიქრობს. ის ახალ ღმერთებს – ღრუბლებს აღიარებს, რადგან „სწორედ ღრუბლებმა გამოზარდეს ბევრი სოფისტი,/ბევრი მისანი, ბევრი ექიმი თითებზე მრავალბეჭდიანი,/დითირამბების ლექსთმთხზველები და ბევრი ყალბი ვარსკვლავთმრიცხველი,/ მათ გამოკვებეს ბევრი მოცლილი, რათა უმღერონ იმათ და აქონ.“ ღრუბლების ქორო სოფისტებსა და მათ უსაგნო და ბუნდოვან სიბრძნეს განასახიერებს.

არისტოფანე იონელი ფიზიკოსების საბუნებისმეტყველო შეხედულებებსაც დასცინის. სოკრატე სხვადასხვა აბსურდული და გაუგებარი არგუმენტით დაარწმუნებს სტრეფსიადეს, რომ ახალი ღმერთები მანაც უნდა ირწმუნოს. სტრეფსიადე თანახმაა, ოღონდ კი ასწავლონ, როგორ დაჯაბნოს ყველა ლაპარაკით. სტრეფსიადეს სკოლის ოფიციალურ მოწაფედ იღებენ, სოკრატე მის თავზე „ზიარების“ რიტუალს ასრულებს. თუმცა ის უნიჭო და შეუგნებელი გამოდგება, თანაც სკოლაში არსებული პირობებიც სტანჯავს და ბაღლინჯოები გვერდებს უკბენენ. უკმაყოფილო სოკრატე მოწადინებულ ბერიკაცს გაწბილებულს გამოისტუმრებს, რადგან მან ვერაფრით აითვისა საფიქრალეთის სიბრძნე. თავის სანაცვლოდ, სტრეფსიადე, ფიდიპიდეს გააგზავნის საფიქრალეთში, რომელსაც ძლივს დაითანხმებს სწავლაზე.

საფიქრალეთში ახალმისული ფიდიპიდეს წინაშე სიმართლე და ტყუილი მართავენ აგონს, ისინი სცენაზე კალათებით, საბრძოლო მამლებივით შემოჰყავთ. არსებობს ვარაუდი, რომ ტყუილისა და სიმართლის აგონი არისტოფანემ პიესის დიონისიებზე დამარცხების შემდეგ ჩართო, როდესაც ნაწარმოები გადაამუშავა. სიმართლე აღზრდის ტრადიციული მეთოდების მომხრეა და მას მოქალაქეთა ფიზიკური და მორალური სიჯანსაღის საწინდრად მიიჩნევს, ტყუილი ახალი დროების შეხედულებებს იზიარებს და ვნებათა თავისუფლებას ქადაგებს. ეს გროტესკული სცენა ტყუილის გამარჯვებით სრულდება.

ფიდიპიდე წარმატებით აითვისებს საფიქრალეთის სიბრძნეს. სასწავლებლიდან ის სრულიად შეცვლილი ბრუნდება, მისი რჩევის წყალობით, სტრეფსიადე მოვალეებს გაწბილებულებს გაისტუმრებს. პიესიდან ჩანს, რომ სტრეფსიადეს თაღლითობა მხოლოდ საფიქრალეთის გამოცდილების ბრალი არაა. მას ხომ თავიდანვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რა მიზნით სურდა ახალმოდური სწავლების ათვისება. მაშინაც კი, როდესაც ათენის რეალობაში „გამრავლებულ“ ფილოსოფოსებსა და სოფისტების ახალმოდურ სწავლებას დასცინის, არისტოფანე ე.წ. ძველი ყაიდის წარმომადგენლებსაც ამასხარავებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი სარგებელი ამოძრავებთ.

ძუნწი და მოსულელო სტრეფსიადე მხოლოდ ფულის შენარჩუნების სურვილით არის შეპყრობილი და სინდისთან ნებისმიერ კომპრომისზე მზადაა, ოღონდ ფულად ვალდებულებებს დაუძვრეს. სტრეპსიადეს მიზანი თითქოს მიღწეულია, მან მევალეები შვილის სოფისტური ხელოვნების წყალობით თავიდან მოიშორა, მაგრამ ფიდიპიდეს კამათის ხელოვნება მის წინააღმდეგაც შემობრუნდება. მამა-შვილი ხელოვნების საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან, ხნიერს ძველი პოეტები – სიმონიდე და ესქილე მოსწონს, ახალგაზრდას ევრიპიდე. კამათი ჩხუბში გადადის და ფიდიპიდე მამას „გალახავს“. მეტიც, ის ძალზე დამაჯერებლად უმტკიცებს მას, რომ მამის ცემის უფლება ჰქონდა, რადგან მისთვის სიკეთე სურდა. სტრეფსიადე დაბნეულია, თუმცა როდესაც ფიდიპიდე ეტყვის, რომ დედის ცემაც დასაშვებია, გონს მოეგება და მიხვდება, რა შარში გაჰყო თავი. გამწარებული ბერიკაცი გარეთ გარბის და სოკრატეს „საფიქრალეთს“ გადაწვავს.

„ღრუბლებში“ არისტოფანე განყენებულ იდეებს და აბსტრაქტულ ცნებებს კომედიის მოქმედ პირებად აქცევს, ქორო „ახალი ღმერთების“ – ღრუბლებისაგან შედგება. არისტოფანე ახერხებს ატიკური კომედიის გროტესკული ჰიპერბოლიზებული ხასიათის შენარჩუნებას და ამასთან, განყენებული ფილოსოფიური განსჯის კომედიის საგნად ქცევას. ღრუბლები კომედიოგრაფოსს ახალი საბუნებისმეტყველო კონცეფციების განსახიერებად ჰყავს ქცეული, სწორედ ამ აბსტრაქტულმა იდეებმა ჩაანაცვლა ძველი პანთეონის ანთროპომორფული ღმერთები. კომედიის ფილოსოფიური დისკურსი გაზვიადებულ შეფასებებზე, აბსურდამდე მიყვანილ მტკიცებულებებზეა დამყარებული. არსებობს გადმოცემა, თითქოს პლატონს სირაკუზის ტირან დიონისესთვის უთქვამს, თუ ათენის გაგება გინდა, არისტოფანეს კომედიები წაიკითხეო.

თამარ ბოკუჩავა


არისტოფანეს კომედიის ქართული თარგმანი

„ღრუბლები“

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები