მშვიდობა (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობა – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

არისტოფანე ომისა და მშვიდობის საკითხს კიდევ ერთ კომედიაში – „მშვიდობაში“ უბრუნდება. კომედია ძვ. წ. 421 წელს არის შექმნილი. თუ „აქარნელებში“ დიკეოპოლისი მშვიდობას მხოლოდ საკუთარი თავისთვის შოულობს, „მშვიდობაში“ გლეხი ტრიგეოსი, რომლის სახელი ითარგმნება, როგორც „მევენახე“, მას მთელი ელადისათვის მოიპოვებს. კომედია არისტოფანემ ქალკიდიკაში ამფიპოლთან 422 წლის ოქტომბერში შემდგარი ბრძოლის შემდეგ დაწერა, რომელშიც გადამწყვეტი გამარჯვება არავის მოუპოვებია. ათენელებმა დაინახეს, რომ სპარტელებს სახმელეთო ბრძოლებში გარკვეული უპირატესობა აქვთ, ამიტომ სამომავლოდ აქცენტი საზღვაო ოპერაციებზე გააკეთეს. ამფიპოლის ბრძოლამ ცხადყო, ორივე მეომარი მხარე – დელოსის კავშირი ათენის მეთაურობით და პელოპონესის კავშირი სპარტის თაოსნობით – ათწლიანმა ომმა დაასუსტა.

ამფიპოლთან ომში დაიღუპნენ ომის მომხრე პოლიტიკოსები – ათენელი კლეონი და სპარტელი ბრასიდე. 421 წელს სპარტასა და ათენს შორის ნიკიას საზავო ხელშეკრულება დაიდო, რითაც პელოპონესის ომის პირველი ეტაპი დასრულდა.

„მშვიდობა“ დიდ დიონისიებზე წარმოადგინეს, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა. პიესა მიწათმოქმედი ტრიგეოსის ორი მონის დიალოგით იწყება, რომლებიც, ბატონის დავალებით, გიგანტურ ნეხვის ხოჭოს ნაკელისა და ათასგვარი განავლისაგან სალაფავს უმზადებენ. გაუმაძღარი ხოჭო ყბებს ღონივრად იქნევს და მადიანად შეექცევა „სასუსნავს“. მონებს აუტანელი სუნისაგან გული უწუხთ და შველას ითხოვენ.

მშვიდობის „მყრალი სუნი“ კომედიის სიტყვიერი სკაბრეზულობის ეკვივალენტურია. ამასთან, ის ნაყოფიერების უმდაბლეს საწყისს უკავშირდება, რომლიდანაც სიცოცხლე უნდა დაიბადოს. შემთხვევითი არ არის, რომ არისტოფანე სწორედ ნეხვის ხოჭოს ირჩევს ტრიგეოსის ზეცაში მოგზაურობის „ტრანსპორტად“. საბერძნეთში ცნობილი იყო ნეხვის ხოჭოს საკრალური სიმბოლიკა, მისი გამოსახულებები სხვადასხვა სახის ამულეტების ფორმით განსაკუთრებით ძვ.წ. V-VI საუკუნეებში გავრცელდა. ძველ ეგვიპტეში ნეხვის ხოჭო მზის ღმერთის ერთ-ერთი განსახიერება იყო. ხოლო ნაკელის ბურთი, რომელსაც ის მიაგორებს, მზის მოძრაობასა და მთელ სამყაროს განასახიერებდა. ნეხვის ხოჭო კვერცხებს ამ იდეალურ ბურთულაში დებს, რომელიც სიცოცხლის ფარს, საკვებსა და საწყისს წარმოადგენს. ძველ ეგვიპტეში ნეხვის ხოჭო მოსწავლისა და სიბრძნისაკენ მისი გზის განსახიერებადაც განიხილებოდა. მოსწავლეს თავისი ნაკლოვანებების „მასა“ ცოდნისა და სულიერების იდეალურ ცეცხლოვან სფეროდ უნდა ექცია. ზოგჯერ ნეხვის ხოჭოს შრომას სიზიფეს მითსაც ადარებენ, რადგან სიზიფეც მასზე ბევრად აღმატებულ ტვირთს მიაგორებს მწვერვალისკენ. არისტოფანეს პიესაში ნეხვის ხოჭოს სიმბოლიკა მრავალ საზრისს ითავსებს, ხოლო თავად მოქმედებას გროტესკულობასა და კომიზმს მატებს. ამასთან, თავად კომედიის ტექსტიდან ირკვევა, რომ არისტოფანეს ხოჭოს იდეა ეზოპეს იგავმა მისცა, რომელშიც ფრთოსანთა შორის ზეცას მხოლოდ ხოჭომ მიაღწია.

ომისაგან დაღლილ ტრიგეოსს ზეცაში ასვლა და ზევსთან შეხვედრა სურს, რათა გაიგოს, რატომ ხვეტს ის ელადას „ცოცხით“. ტრიგეოსის ქალიშვილები შიმშილით ტირიან, რადგან სახლში საჭმლის ნატამალი არ არის. მამა პირდება, რომ უკან მობრუნებული მთელ პურს ჩამოუტანს. ტრიგეოსი ხოჭოს შეკაზმავს და ოლიმპოს მწვერვალს მიაშურებს, მიწაზე დარჩენილებს კი სთხოვს, რომ „უკანალებს მოუჭირონ“, რათა მის ფრთოსან პეგასს უკან მობრუნება არ მოუნდეს. ოლიმპოზე ტრიგეოსს მხოლოდ ჰერმესი დახვდება, რომლისგანაც შეიტყობს, რომ ღმერთებს მობეზრდათ ბერძნების გაუთავებელი კინკლაობდა და დავიდარაბა, ათენელებისა და სპარტელების დაპირისპირება, ამიტომ ოლიმპო მიატოვეს და სამყაროს დასალიერს გადაბარგდნენ. ოლიმპოზე მხოლოდ ომის დემონი პოლემოსი დარჩა, რომელმაც ბურთი და მოედანი ჩაიგდო ხელში. მან დიდი როდინი მოათრია და ბერძნულ ქალაქებს ნაყავს, მშვიდობის ქალღმერთი ეირენე გამოქვაბულში გამოამწყვდია, კარი კი ვეებერთელა ლოდით ჩარაზა. პოლემოსი ერთმანეთის მიყოლებით ნაყავს სპარტას, მეგარას, სიცილიას და ატიკას რომ მიადგება, შეიტყობს, რომ საუკეთესო ათენური „სანაყი ქვა“გამტყდარა და ზედ ლაკედემონურიც მიჰყოლია. როდინის ქვებში ათენელი კლეონი და ლაკედემონელი ბრასიდე იგულისხმებიან, ომის მომხრენი, რომლებიც ხელიდან გამოეცალნენ პოლემოსს. ტრიგეოსი გამოსავალს ეძებს და ეირენეს განთავისუფლებას გადაწყევტს, ამისათვის ის სრულიად ბერძნებს მოუხმობს ვეებერთელა ლოდის გადასაგორებლად. დაძახილზე ათენელ მიწათოქმედთა გუნდი, რამდენიმე სპარტელი, ბეოტიელი, მეგარელი და არგოსელი მოგროვდება. მაგრამ თავშეყრილები კომიკურ ცეკვებსა და მხიარულებას მოჰყვებიან. ვერც ქალაქები მოერევიან ქვას. ბოლოს ტრიგეოსი ყველას გაყრის და მიწათმოქმედთა დახმარებით გაათავისუფლებს ეირენეს.

მიწაზე დაბრუნებულ ტრიგეოსს სამი ქალღმერთი – ეირენე, ოპორა და თეორია ჩამოჰყავს. ისინი მოსავალს, ვაჭრობას და მშვიდობიან ცხოვრებას უზრუნველყოფენ. თავად ტრიგეოსი ოპორაზე ქორწინდება. ყველაფერი საქორწილო მსვლელობითა და ელადის სადიდებელი სიმღერებით მთავრდება.

არისტოფანეს სხვა კომედიების მსგავსად, „მშვიდობაში“ პოლიტიკური რეალობისა და კონკრეტული ისტორიული პირების გაქილიკება ხდება, საქორწილო ნადიმზე ყველა მსურველი სწორედ ამ ნიშნით არ დაიშვება. არისტოფანე ზღაპრული სიუჟეტისა და პოლიტიკური სატირის სინთეზს აღწევს. კომედიის საზეიმო ხასიათს ზავით გამოწვეული იმედებიც განსაზღვრავს. ცნობილია, რომ „მშვიდობა“ ნიკიას ზავის დადებამდე ერთი დღით ადრე წარმოადგინეს.

თამარ ბოკუჩავა


არისტოფანეს კომედიის ქართული თარგმანი

„მშვიდობა“


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები