პლუტარქე
პლუტარქე – (ბერძნ. Πλούταρχος, ლათ. Mestrius Plutarchus, დ. დაახ. 46, ქერონეა, ბეოტია ― გ. 127, დელფო), ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი, ფილოსოფოს-მორალისტი.
დაიბადა მდიდარი ქერონეელის ოჯახში. მამამისი ავტობულე განათლებული ადამიანი ყოფილა, კარგად იცნობდა ისტორიასა ღა ფილოსოფიას; პლუტარქეს ორი ძმა, ლამპრია და ტიმონი აგრეთვე იმ დროის მიხედვით განათლებული პირები ყოფილან. პლუტარქე განათლება მიიღო ათენში. იყო დელფოს აპოლონის ტაძრის უზენაესი ქურუმი. პლუტარქე იყო უაღრესად განათლებული და დიდად ნაყოფიერი მწერალი. დაუწერია 250 ნაშრომი, ჩვენამდე მოღწეულია მესამედი.
პლუტარქეს მთავარი თხზულებაა „პარალელური ბიოგრაფიები“, გამოჩენილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება. მისი ფილოსოფიური ნააზრევი გაერთიანებულია „ეთიკაში“ ("Moralia”). პლუტარქეს ნაშრომები აქვს ლიტერატურის ისტორიაში, ფიზიკაში, მედიცინაში, რიტორიკაში, მუსიკის ისტორიასა და თეოლოგიაში, იგი აქტიურად იყო ჩაბმული თავისი ეპოქის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხშირად მეთაურობდა საბერძნეთის ინტერესების დასაცავად რომში წარგზავნილ დიპლომატიურ მისიას. ხვდებოდა და ურთიერთობა ჰქონდა მრავალ გამოჩენილ პიროვნებასთან, მათ შორის იმპერატორებთან – ტრაიანესა და ადრიანესთან.
პოლიტიკურ შეხედულებებში პლუტარქეს გამოკვეთილი პრორომაული ორიენტაცია ეკავა. ბერძნებს კეთილგონივრული მოქმედებისაკენ მოუწოდებდა. მისმა ნაშრომებმა, განსაკუთრებით, „პარალელურმა ბიოგრაფიებმა“, უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპის სულიერი ცხოვრების განვითარებაზე.