ტრაიანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაიანე

ტრაიანე მარკუს ულპიუს – (ლათ. Imperator Caesar Nerva Traianus Divi Nervae filius Augustus, დ. 18 სექტემბერი, 53 — გ. 8 აგვისტო, 117), რომის იმპერატორი 98-117 წლებში.

დაიბადა ესპანეთში. არისტოკრატიულ ოჯახში, 91 გახდა კონსული, 96 – ზემო გერმანიის გამგებელი. 97 იშვილა იმპერატორმა ნერვამ, რომლის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი გახდა.

ტრაიანეს საგარეო პოლიტიკა გამოირჩეოდა აგრესიულობით. მისი მმართველობის პერიოდში რომის იმპერიამ ძლიერების ზენიტს მიაღწია. იგი ქვეყანას მართავდა სენატთან თანხმობით, განამტკიცა მისი პრივილეგიები, რისთვისაც 114 მიანიჭეს Optimus princeps (საუკეთესო პრინცეპსი) ტიტული. განსაკუთრებული ძლევამოსილებით აწარმოებდა ომს პართიასთან. დაიპყრო მთელი მესოპოტამია და გავიდა სპარსეთის ყურეში, დაიკავა დიდი სომხეთი და გადააქცია რომის პროვინციად. დიდ ყურადღებას უთმობდა იმპერიის საზღვრების გამაგრებას. იყო ფართო მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწე. იმპერატორის ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა სახელმწიფო დაწესებულებათა ქსელის გაფართოება, არმიის გაძლიერება და პროვინციებზე კონტროლის გამკაცრება. აარსებდა ახალ კოლონიებს. ფართოდ აძლევდა პროვინციელებს რომის მოქალაქეობას, შეიყვანა სენატში პროვინციის არისტოკრატია. გამოირჩეოდა აქტიური სამშენებლო საქმიანობით. რომის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა ტრაიანეს ფორუმი და კოლონა (33 მ სიმაღლის გიგანტური კოლონა შემკულია მრავალგვარი რელიეფებით. ტრაიანე იყო ყველაზე დიდი და იმავე დროს უკანასკნელი დამპყრობელი იმპერატორი. მისი მომდევნო გვირგვინოსნების ძირითადი საზრუნავი იმპერიის საზღვრების დაცვა გახდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები