მოქალაქეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოქალაქეობა - მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი ფიზიკური პირისა სახელმწიფოსთან, რომელიც გამოიხატება მათ ურთიერთ უფლებებსა და მოვალეობებში. მოქალაქეობას (ქვეშევრდომობას – მონარქიული მმართველობის ფორმის სახელმწიფოებში) უწოდებენ ასევე პირის სახელმწიფო კუთვნილებას იურიდიული გაგებით. მოქალაქეობა გულისხმობს როგორც სახელმწიფოს სუვერენულ ძალაუფლებას თავის მოქალაქეებზე, იმისდა მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან ისინი, ასევე სახელმწიფოს უფლებას, დაიცვას და მფარველობაში ჰყავდეს თავისი მოქალაქეები. მოქალაქეობა ანიჭებს პირს უფლებას, მოსთხოვოს სახელმწიფოს მფარველობა და დაცვა, რომელიც მას უზრუნველყოფილი აქვს ქვეყნის კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. მოქალაქეობის შეძენის, დაკარგვისა და სხვა წესები, პირველ ყოვლისა, რეგულირდება ქვეყნის საშინაო კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან დაიცვან მოქალაქეთა უფლებანი და თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობის კოლიზია. საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ მოქალაქეობის საკითხებს, პირველ ყოვლისა, მიეკუთვნება გაეროს წესდება, კონვენცია გათხოვილი ქალის მოქალაქეობის შესახებ (1957), პაქტი ადამიანთა უფლებების შესახებ (1966) და სხვ. მოქალაქეობის შეძენის ძირითადი ფორმებია – მოქალაქეობა დაბადებით და მოქალაქეობა ნატურალიზაციით. დაბადებით მოქალაქეობა იყოფა: ა) მოქალაქეობა სისხლით, ბ) მოქალაქეობა მიწით (დაბადების ადგილით) პირველ შემთხვევაში მ. დამოკიდებულია მშობლების მოქალაქეობაზე (ავღანეთი, დანია), მეორე შემთხვევაში – დაბადების ადგილზე (აშშ. არგენტინა, ბრაზილია). კანონმდებლობით ხშირია ორივე პრინციპის გამოყენების შემთხვევები. მოქალაქეობის დაკარგვა შეიძლება სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლით ან მოქალაქეობის ჩამორთმევით კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად. ყოფილი სსრკ-ის მთელ სივრცეზე მოქმედებდა ერთიანი კანონი სსრკ მ-ის შესახებ. 1978 ყოველი მოკავშირე რესპუბლიკის მოქალაქე იყო არა მოკავშირე რესპუბლიკის, არამედ სსრკ-ის მოქალაქე. საქართველოში მოქალაქეობის სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანიონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ 25 III 1993


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები