ნატურალიზაცია
ნატურალიზაცია, ნატურალიზება – სახელმწიფოს მიერ მოქალაქეობის მინიჭება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მისი თხოვნის საფუძველზე. ნატურალიზაცია ხორციელდება კანონით გათვალისწინებული გარკვეული პირობების დაცვით, კერძოდ: მოცემულ სახელმწიფოში ცხოვრების გარკვეული ვადა (5, 7 და 10 წელი), სახელმწიფო ორგანოებში ან მის შეიარაღებულ ძალებში სამსახური, ენის ცოდნა და ა.შ. მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას განსაზღვრავს ქვეყნის კანონმდებლობა, ნატურალიზაციის საბოლოო გაფორმების კომპეტენცია ეკუთვნის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს: სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს – მთავრობას ან ცენტრალურ დარგობრივ ორგანოებს (ჩვეულებრივ შინაგან საქმეთა უწყებას); სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს და სასამართლოს. მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის წესით ხდება ასევე რეგისტრაციის, შვილად აყვანის, ქორწინებისა და ოპტაციის შემთხვევებში.