დემოსთენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემოსთენე

დემოსთენე – (ძვ. ბერძნ. Δημοσθένης; დ. ძვ. წ. 384, ატიკა – გ. ძვ. წ. 322, კალაბრია), პოლიტიკური რიტორიკის საუკეთესო წარმომადგენელი, რომელმაც საზოგადოდ ბერძნული მჭეგრმეტყველება განვითარების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.

დემოსთენე დაიბადა 384 წელს მდიდარი მამის ოჯახში. მის მამას (მასაც დემოსთენე ერქვა) იარაღის საწარმო ჰქონდა. მამა რომ გარდაეცვალა დემოსთენე შვიდი წლისა იყო. ბავშვების მეურვეებმა მამის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონება დაიტაცეს. 364--363 წლებში, როდესაც დემოსთენე სრულწლოვანი გახდა, მან აღძრა საქმე ყოფილი მეურვეების წინააღმდეგ. დემოსთენეს ისეოსის რიტორიკული სკოლა ჰქონდა გავლილი. ის კარგად დაეუფლა ამ სკოლის რიტორიკულ და იურიდიულ ხერხებს. მართალია, მას ჰონდა მეტყველების ზოგიერთი ნაკლი, მაგრამ მუყაითი შრომის შემწეობით სძლია ეს ნაკლი და ჩინებული ორატორი დადგა. პირველივე სიტყვამ (მეურვეების წინააღმდეგ) მას სახელი მოუხვეჭა, თუმცა მეურვეთა ხრიკების გამო მაინც ვერ შეძლო მატერიალური სარგებლის მიღება. ამის შემდეგ დემოსთენე შეუდგა ლოგოგრაფოსობას და ამით ირჩენდა თავს (360-355 წლები). მაგრამ მისი მოწოდება მაინც, პოლიტიკური მოღვაწეობა იყო. 355-354 წლებს ეკუთვნის დემოსთენეს პირველი პოლიტიკური სიტყვები.

საბერძნეთის პოლიტიკური მდგომარეობა ამ დროს მეტად გართულებული იყო. IV საუკუნის შუა წლებში საბერძნეთის საზოგადოებრივი აზრი კრიზისს განიცდიდა. ბერძნულ პოლისებს შორის, 404 წლის კატასტროფის შემდეგ, ჩამოვარდნილი შინაური ბრძოლა და ქიშპობა ბერძნულ სამყაროს ასუსტებდა, ხოლო გარეშე მტერს, სპარსეთს, აძლიერებდა: სპარსეთი კარნახობდა ბერძნულ პოლისებს თავის ნებას, ათენის ინტელიგენცია ოცნებობდა ათენის (და, მაშასადამე, ბერძნული სახელეწიფოებრივობის) სიდიადის აღდგენაზე; ინტელიგენციის ერთ ნაწილს ამ აღდგენის საიმედო გზად მიაჩნდა რომელიმე უცხო და ძლიერი სახელმწიფოს კალთებს ქვეშ ამოფარება. ბოლო ხანებში, IV საუკუნის შუა წლების მიწურულში, ასეთ სახელმწიფოდ მიჩნეული იყო მაკედონია.

ათენის საზოგადოების ერთი ნაწილი, უპირატესად მდიდარი მონათმფლობელები დიდ იმედებს ამყარებდნენ მაკედონიაზე და მის მეფეზე, ფილიპეზე: ისინი ფიქრობდნენ, რომ ფილიპეს დახმარებით ბოლოს მოუღებდნენ შიდა პოლისურ ქიშპობას და საბერძნეთის სიძლიერეს აღადგენდნენ. ორატორი ისოკრატე ხომ მთელ რიგ სიტყვებში ამ პოლიტიკას ადგა; ამავე გზას ადგნენ აგრეთვე IV საუკუნის ორატორები და პოლიტიკური მოღვაწეები ესქინე, რომელზედაც ამბობდნენ ფილიპემ ოქროთი მოისყიდაო, და დეინარქე.

მაკედონიური პარტიის გვერდით იყო ანტიმაკედონიური პარტიაც, რომელსაც მეთაურობდა დემოსთენე და რომელსაც ეკუთვნოდნენ აგრეთვე ჰიპერიდე და ლიკურგე.

მიუხედავად იმისა ათენსა და ფილიპეს შორის 346 წელს ხელშეკრულება დაიდო (ე. წ. ფილოკრატეს ზავი), ფილიპე მაინც განაგრძობდა აგრესიას საბერძნეთის წინააღმდეგ. დემოსთენე გამოდის ფილიპეს წინააღმდეგ მთელი რიგი სიტყვებით, რომლებშიც იგი ამხელს მაკედონელთა მძარცველობას და ფილიპეს „ტირანობას“ (მისი ეს სიტყვები ცნობილია „ფილიპიკების“ სახელწოდებით).

დემოსთენეს პოლიტიკურ მოღვაწეობაში უნდა გამოვყოთ სამი პერიოდი:

1) 355-346 წლებში დემოსთენე საბერძნეთის „მესაფლავის“, ფილიპე მაკედონელის, შეურიგებელი მტერია. ასეთი პოზიცია უჭირავს მას თავის I ფალიპიკაში (351 წ.) და ოლინთურ სიტყვებში (349 წ.), ფილიპე ძლევამოსილი იერიშებით მოიწევდა ბერძნების წინააღმდეგ. 352 წელს იგი თერმოპილეში მოვიდა; ათენელთა ჯარი იცავდა თერმოპილეს და ფილიპე უკან გაბრუნდა. ბევრს ეგონა ათენში, რომ საშიშროება აცილებული იყო და უზრუნველ ცხოვრებას ეძლეოდა, ხოლო ატიკის საზღვრებზე მცირერიცხოვანი დაქირავებული ჯარი ჰყავდა. ჩანს, ფილიპეს იერიშები განახლდა და ათენი საფრთხის წინაშე დადგა, დემოსთენე საჭიროდ თვლის 351 წელს სახალხო კრებაზე გაამხნეოს სასოწარკვეთილი ათენელები და ამავე დროს გააფრთხილოს ისინი: თქვენი უზრუნველობაა მიზეზი ათენის დამარცხებისა, საჭიროა თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და სამხედრო ღონისძიებათა მიღებაო.

„ფილიპემ, ათენელო მოქალაქენო, მშვენიერად იცოდა, რომ ეს ჩვენი ადგილები ღიად იყო მიტოვებული როგორც ომის ჯილდო. ბუნებრივია, რომ უპატრონოდ მიტოვებულ ქონებას ეპატრონება ის, ვინც მოვა; მათი ქონება, ვინც ამ ქონებაზე არ ზრუნავს, ხელში უვარდებათ იმათ, ვინც მუყაითია და თავგანწირული. და, აი, რომ დარწმუნდა ამაში ფილიპე, მან ყველაფერი დაიმორჩილა და ხელთ აქვს. ზოგი რამ ომის უფლებით, ზოგიც როგორც მოკავშირეს და მეგობარს…

თუ ყოველი თქვენგანი იმ აზრს დაადგება, რომ საჭიროა რითაც შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ჩვენს სახელმწიფოს და დაეხმაროს მას: მდიდარი ფულით, ხოლო ასაკოვანი – ლაშქრობით, მარტივად რომ ვთქვათ, თუ მოისურვებთ თქვენ თავს „ეკუთვნოდეთ“ და უქნარობას არ გამოიჩენთ იმის იმედით, რომ მეზობელი გააკეთებს თქვენს საქმეს, მაშინ თქვენი დაუდევრობით დაკარგულსაც დაიბრუნებთ, ღვთის შეწევნით, და ფილიპესაც სამაგიეროს გადაუხდით. ნუ იფიქრებთ, რომ მისი ახლანდელი წარმატება ისევე ურყევია, როგორც ღმერთისა. არა, ათენელო მოქალაქენო, იმათგან, ვინც ახლა მისიანებად ითვლებიან, ზოგს იგი სძულს და ეშინია, ზოგს შურს… ხოლო ყველაფერი ეს ჯერჯერობით მიმალულია თქვენი უქნარობისა და უზრუნველობის გამო. უკვე დრო არის გამოფხიზლდეთ.

თქვენ ხედავთ, ათენელო მოქალაქენო, თუ სადამდე მივიდა ამ კაცის თავგასულობა. …ის გემუქრებათ და, როგორც ამბობენ, უშვერი სიტყვებით გლანძღავთ. არ კმაყოფილდება იმით, რაც დაიპყრო, და უფრო და უფრო წინ მოიწევს და, სანამ ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვსხედვართ, რკალივით გვერტყმის ყოველი მხრიდან როდისღა მოიხდით თქვენს ვალს, ათენელნო! როცა საჭირო იქნება? განა ახლა დიდი გაჭირვება არა გვაქვს? თავისუფლების მოყვარე ადამიანისათვის სამარცხვინო მდგომარეობა უკვე გაჭირვებაა! ანდა გინდათ ეგრე იხეტიალოთ და ერთიმეორეს ეკითხებოდეთ: ახალი რა არისო? განა იმაზე ახალი რა იქნება, რომ მაკედონელი ამარცხებს ათენელებს და ელინთა ბედს ატრიალებს! „მოკვდა ფილიპეო“? „არა, ზევსის მადლმა, არ მომკვდარა, ავად არის“. კი, მაგრამ, თქვენთვის სულ ერთი არაა? იმას რომ რამე დაემართოს, თქვენ მაინც მეორე ფილიპეს გამოძებნით, თუ ეგრე უდარდელად მოეპყრობით თქვენს საქმეს, ვინაიდან ამ ფილიპემ თავის ძლიერებას იმდენად საკუთარი ძალით არ მიაღწია, რამდენადაც თქვენი უდარდელობით, („ფილიპეს წინააღმდეგ პირველი სიტყვა“ §§ 5–11).

2) 346 წელს დემოსთენემ, მართალია თავისი სურვილის წინააღმდეგ, მონაწილეობა მიიღო ფილოკრატეს ზავის შეკვრაში. ამ ზავის შემდეგ; 345-338 წლებში, დემოსთენეს მდგომარეობა იცვლება. მაკედონიურმა პარტიამ დაკარგა საზოგადოებაში ნდობა და დემოსთენე, ანტიმაკედონიური პარტიის მეთაური, ხალხის წინამძღოლად იქნა მიჩნეული. თუ პირველ წელიწადს, ზავის შემდეგ, დემოსთენე აღარ ჩანს ძველებურად ამხედრებული ფილიპეს წინააღმდეგ, 344 წლიდან, როდესაც ფილიპემ განაახლა თავისი აგრესიული პოლიტიკა, კერძოდ პელოპონესის საქმეებში დაიწყო ჩარევა, დემოსთენე კვლავ დაუნდობლად იბრძვის მის წინააღმდეგ. ამ პერიოდს ეკუთვნის, სხვა სიტყვათა შორის, დემოსთენეს მეორე და მესამე სიტყვები „ფილიპეს წინააღმდეგ“. 342 წელს წარმოთქმულ მეორე სიტყვაში, მაგალითად, დემოსთენე აფრთხილებს ათენელებს არ ენდონ ფილიპეს; მიუხედავად საზავო ხელშეკრულებისა, ფილიპე მაინც ვერაგულად იქცევა ელინთა წინააღმდეგ, საჭიროა ათენელები მზად იყვნენ ომისათვის. მესამე სიტყვაში (341 წ.) დემოსთენე უკვე აშკარად მოუწოდებს ათენელებს ომი გამოუცხადონ ფილიპეს. „ფილიპე მხოლოდ სიტყვიერად იცავდა ზავის პირობებს, საქმით კი იგი მუდამ აგრესიულ ნაბიჯებსა დგამდა ათენელების წინააღმდეგ; დროზე უნდა შეებრძოლონ ათენელები ფილიპეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღუპვა მოელის მთელ საბერძნეთს“.

340 წელს დემოსთენემ მოახერხა და შექმნა კავშირი ათენის მეთაურობით ფილიპეს წინააღმდეგ. მაკედონიურმა პარტიამ, ამგვარად, დაკარგა ათენზე ყოველგვარი ავტორიტეტი და დემოსთენეს ჩაუვარდა ხელში ათენის პოლიტიკის სადავეები, ფილიპემ მოახერხა 339 წელს შუა საბერძნეთის ხელში ჩაგდება და ათენს ომი გამოუცხადა. 338 წელს მოხდა ბრძოლა ქერონეასთან. ბერძნები დამარცხდნენ.

3) დემოსთენეს მოღვაწეობის მესამე პერიოდი მოიცავს 338-322 წლებს, თუმცა დემოსთენეს მეთაურობით წარმოებულ ბრძოლაში ათენელები დამარცხდნენ (338 წელს ქერონეასთან), მაგრამ დემოსთენეს ღვაწლი მაინც დააფასეს ათენელებმა და დაადგინეს მიერთმიათ მისთვის ოქროს გვირგვინი. ამის წინააღმდეგ გაილაშქრა მაკედონიური ორიენტაციის ორატორმა და დემოსთენეს მტერმა ესქინემ, რომელმაც სასამართლოში აღძრა საქმე. ჩვენამდე მოღწეულია დემოსთენეს ბრწყინვალე სიტყვა „გვირგვინის შესახებ“ (330 წ.) გაიმარჯვა დემოსთენემ. ესქინე იძულებული იყო როდოსზე გადასახლებულიყო.

ამის შემდეგ დემოსთენე განაგრძობს თავის პატრიოტულ პოლიტიკას. ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო 324 წელს მას დასწამეს სახელმწიფო ფულის გაფლანგვა და მიუსაჯეს 50 ტალანტის გადახდა. რადგან ასეთი თანხის გადახდა მას არ შეეძლო, ის გაიქცა ათენიდან. როდესაც 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა და საბერძნეთში აჯანყება დაიწყო, აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა დემოსთენე. აჯანყებულები დამარცხდნენ კრანონთან, ათენის აკროპოლისში ჩადგა მაკედონიის ჯარი. აჯანყებულები სასტიკად დასაჯეს. დემადეს წინადადებით დემოსთენეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 322 წელს დემოსთენემ ერთ ტაძარს შეაფარა თავი და იქ თავი მოიკლა (საწამლავი დალია).

დემოსთენეს მოღვაწეობა ააშკარავებს მის ღრმა პატრიოტულ გრძნობებს და სწორ შეხედულებას ათენის მდგომარეობაზე მართალი იყო ის, როდესაც აფრთხილებდა ათენელებს და მოუწოდებდა შეჰბრძოლებოდნენ მაკედონიის აგრესიას; მართალი იყო ის, როდესაც მოითხოვდა ათენის არსებული მდგომარეობის, გადახალისებას. მაგრამ რას უპირისპირებდა დემოსთენე იმ მონარქისტულ ტენდენციებს, რომლებიც ემჩნეოდა საზოგადოების ერთ ნაწილს, მაკედონიური პარტიის წარმომადგენლებს? ის უპირისპირებდა ძველი საბერძნეთის იდეალებს, საბერძნეთის გმირულ წარსულს, პერიკლეს დროინდელ მდგომარეობას და მოითხოვდა ამის აღდგენას, იმ დროს როდესაც IV საუკუნის საბერძნეთში სრულიად ახალი ვითარება იყო: შეცვლილი ეკონომიური ურთიერთობები, ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარება და მონათმფლობელური მეურნეობის კრიზისი ჩამორჩენილ აგრარულ პოლისებშიც შეიჭრა და გამოიწვია ძველი წყობილების დაშლა, კერძოდ, გლეხების გაღატაკება, უმიწაწყლოდ დარჩენა. ამ ახალს ვითარებას შეეფერებოდა ათენის სახელმწიფოს (და საზოგადოდ ბერძნული პოლისების) წყობილების გადახალისება ახალს საფუძველზე და არა ძველისკენ, პერიკლეს დროინდელ ვითარებისკენ დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ დემოსთენეს პოლიტიკა სუსტი იყო, მისი მოწოდებები მაინც დიდ გამოძახილს პოულობდა საზოგადოებაში, რადგან ძლიერი იყო დემოსთენეს ორატორული ნიჭის და მისი რიტორიკული ხელოვნების გავლენა. დემოსთენეს სიტყვებში ჰარმონიულად არის შეზავებული პოლიტიკური მებრძოლის მგზნებარება და მჭევრმეტყველების ხერხები. მან, შეაჯამა ბერძნული რიტორიკული ხერხებისა და პროზაული რიტმული მეტყველების მიღწევები და ბუნებრივი ატიკური სიტყვის სახით წარმოგვიდგინა რთული, მაგრამ ოსტატურად დალაგებული პერიოდებისაგან აგებული რიტორიკული ნაწარმოებები, რომელთა ჩამოყალიბებაზედაც იგი მუშაობდა გამუდმებით, ბეჯითად და სიღრმისეულად.

წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები