ალექსანდრე დიდი

ალექსანდრე მაკედონელი - ალექსანდრე დიდი (ძვ.წ. 356–323), მაკედონიის მეფე 336 წლიდან. მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. არისტოტელეს აღზრდილი.
მაკედონიის მეფის, ფილიპეს ვაჟი. ჩვ.წ.-მდე მეოთხე საუკუნის შუახანებამდე მაკედონია ბალკანეთის პატარა, უმნიშვნელო სახელმწიფო იყო. ალექსანდრეს მამამ, ფილიპე II-მ სულ რაღაც ოციოდე წლის განმავლობაში ის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უძლიერეს სამხედრო ძალად გადააქცია. მან დაიპყრო ბალკანები დუნაიდან საბერძნეთის სამხრეთამდე და საბერძნეთის ქალაქი-სახელმწიფოები, და ეთნიკური კონფედერაციები გააერთიანა ალიანსში, რომელიც „კორინთეს ლიგის“ სახელით არის ცნობილი. ლიგის მიზანს საბერძნეთში მაკედონიის პირველობის შენარჩუნება და სპარსეთის იმპერიაში შეჭრა წარმოადგენდა. თუმცა ჩვ.წ.-მდე 336 წლის დასაწყისში ფილიპემ დაიწყო სამხედრო კამპანიების წარმოება სპარსეთის იმპერიის ანატოლიურ პროვინციებში, მისი საბოლოო მიზანი მაინც უცნობია, რადგან იმავე წლის ზაფხულში ტრაგიკულად იქნა მოკლული საკუთარი ქალიშვილის ქორწილში.
ფილიპეს შექმნილ ერთობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ტახტზე ასულმა ოცი წლის ალექსანდრემ მოახერხა სამოქალაქო ომის თავიდან აცილება მაკედონიაში, და თავისი ბალკანელი და ბერძენი ქვეშევრდომების აჯანყების ჩახშობა. ამის შემდეგ მისი წარმატებული სამხედრო მარში აღარ შეჩერებულა. 334 წელს წამოიწყო ლაშქრობა აქემენიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ. ალექსანდრემ დაპყრო მთელი იმდროინდელი სამყარო დასავლეთ ინდოეთამდე და რეალობად აქცია ბერძენი ინტელექტუალების თითქოსდა აუსრულებელი ოცნება დაამარცხა სპარსეთი, რომელიც უკვე ორი საუკუნის განმავლობაში ბატონობდა დასავლეთ აზიასა და ეგვიპტეში. მაგრამ ალექსანდრემ არა მარტო შექმნა უდიდესი იმპერია. დამპყრობლის სრულიად ახალი, იქამდე უჩვეულო ხედვის წყალობით ბიძგი მისცა ახალი ეპოქის – ელინიზმის შექმნას. როცა ახალ რეგიონს იპყრობდა, ის ცდილობდა მაკედონელების ინტეგრირება მოეხდინა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებში და მოსახლეობაში; ის ადგილობრივ სამხედრო ძალებს თავის მაკედონიურ საჯარისო ნაწილებთან აერთიანებდა და ხშირად გარკვეული ოლქების მმართველებად ადგილობრივ დიდგვაროვნებს ნიშნავდა. მას უნდოდა, რომ მის ჯარისკაცებს ცოლად ადგილობრივი ქალები შეერთოთ და შესაძლოა ისინი საკუთარი მაგალითითაც წაახალისა (მისი ცოლი, როქსანა, ბაქტრიელი დიდებულის ქალიშვილი იყო). ალექსანდრე მოულოდნელად გარდაიცვალა ბაბილონში ჩვ.წ.-მდე 323 წ. ისე, რომ თავისი მემკვიდრე არ დაუსახელებია. დიოდორე სიცილიელის თანახმად, როცა მას სიკვდილის წინ ჰკითხეს, ვის უტოვებდა თავის იმპერიას, ალექსანდრემ უპასუხა: „საუკეთესო კაცს, რადგან მე ვხედავ ჩემს დაკრძალვას, როგორც ბრძოლის ველს ჩემი იმპერიისათვის“. მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა.