ალექსანდრია (ქალაქი ეგვიპტეში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრია

ალექსანდრია – (არაბ. الإسكندرية [al-’Iskandariya], ძვ. ბერძნ. Ἀλεξάνδρεια, კოპტ. ⲁⲗⲉⲝⲁⲛⲇⲣⲓⲁ ან ⲣⲁⲕⲟϯ [Rakotə]), ალექსანდრე დიდის ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომელიც მან ძვ. წ. 332.331 წწ. დააარსა, როგორც საზღვაო ბაზა მომავალი ლაშქრობებისათვის პატარა ეგვიპტური ქალაქის, რაკოტეს გვერდით. ალექსანდრია იყო ასევე ეგვიპტის უკანასკნელი დედაქალაქი არაბების დაპყრობამდე ჩვ.წ. 641 წ.

გადმოცემით, ალექსანდრეს ესიზმრა ჭაღარა კაცი, რომელმაც წაუკითხა სტრიქონები „ოდისეიდან“. ეს სტრიქონები ეხება ფაროსს – კუნძულს ალექსანდრიის პორტში შესასვლელთან. ალექსანდრე, რომელიც უდიდესი მოწიწებით ეპყრობოდა ჰომეროსს, მაშინვე წავიდა ადგილის სანახავად. მან ნახა, რომ ფაროსი არაჩვეულებრივი სტრატეგიული ადგილი იყო პორტში შესასვლელის გასაკონტროლებლად, და განაცხადა, რომ ჰომეროსი იყო ყველაზე დიდი ბრძენი მშენებლებს შორის.

ალექსანდრეს დავალებით ქალაქის პროექტი შეადგინა არქიტექტორმა დინოკრატე როდოსელმა. თვითონ ალექსანდრე რამდენიმე თვეში წავიდა ლაშქრობაში და ცოცხალი უკან აღარ დაბრუნებულა (იგი ეგვიპტეში თავისმა გენერალმა, მომავალმა პტოლემაიოს I სოტერმა ჩამოასვენა).

პტოლემაიოსებმა ალექსანდრია განათლების და მეცნიერების ქალაქად გადააქციეს. იგი გახდა ელინიზმის ცენტრი და ანტიკური სამყაროს სიდიდით მეორე ქალაქი რომის შემდეგ (დაახლ. 1 მილიონი მოსახლეობით). აქ მოხდა ბერძნული და ეგვიპტური სიბრძნის შერწყმა, ძველი სამყაროს თითქმის ყველა კულტურის სინთეზირება. ქალაქი სამი ძირითადი რაიონისაგან შედგებოდა: ბრუხეუმი (სამეფო და ბერძნული რაიონი), ებრაული რაიონი მის ჩრდილო-აღმოსავლეთით და რაკოტისი (ძველი ქალაქი), სადაც ეგვიპტელები ცხოვრობდნენ. ალექსანდრიის შემადგენლობაში შედიოდა ასევე კუნძული ფაროსი, რომელიც ქალაქთან ხელით აგებული 1260 მ. სიგრძის ე.წ. ჰეპტასტადიონით იყო დაკავშირებული.

ჩვ.წ.-მდე 30 წ. იულიუს კეისარი ჩაერია პტოლემაიოს XIII თეოს ფილოსოფოსსა და მის მრჩეველებს შორის გამართულ ომში და ალექსანდრია დაიპყრო, თუმცა ქალაქის საბოლოოდ დაპყრობა და რომის იურისდიქციაში მოქცევა შეძლო ოქტავიანემ (მომავალმა იმპერატორმა ავგუსტემ) ჩვ.წ.-მდე 30 წელს.

ბერძნულ-ებრაული სამოქალაქო ომის დროს ჩვ.წ. 115 წ. ქალაქის საგრძნობი ნაწილი დაინგრა, დაზიანდა ქალაქი ასევე ჩვ.წ. 365 წ. კრეტის მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის დროს. 365 წ. ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ დაანგრია ყველა წარმართული ტაძარი, მათ შორის ულამაზესი სერაპისის ტაძარი. 614 წ., თოთხმეტთვიანი ალყის შემდეგ, ალექსანდრია საბოლოოდ დაიპყრეს არაბებმა.

ძველ სამყაროში ალექსანდრია განთქმული იყო თავისი ბიბლიოთეკით, შუქურით და კატაკომბებით. ესაა უზარმაზარი მიწისქვეშა ლაბირინთი, რომაულ-ეგვიპტური ქანდაკებებითა და სვეტებით მორთული საკნებით და ნიშებით, სადაც მრავალი სარკოფაგია შემორჩენილი, და უზარმაზარი, რომაულ სტილში შესრულებული დარბაზით – სამგლოვიარო ბანკეტებისათვის.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები