კონცერტი
კონცერტი – (გერმ. konzert იტალ. concerto),
1. მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრის თანხლებით რომელიმე სოლო საკრავისათვის. კონცერტის ნაირსახეობანია: კონჩერტო გროსო, საკონცერტო სიმფონია, კონცერტი ერთი საკრავისათვის (უორკესტროდ), კონცერტი ხმისათვის (ხმებისთვის) ორკესტრთან ერთად,კონცერტი გუნდისათვის,აკაპელა.
კონცერტი იწერება სონატური ფორმის პრინციპით და შედგება 3 ნაწილისაგან; გვხვდება კონცერტები 2, 3 ან 4 სოლისტისათვის ორკესტრის თანხლებით და კონცრტი ორკესტრისათვის უსოლისტოდ. კლასიკური სკოლის კონცერტის თავისებურებებია პირველ ნაწილში 2 ექსპოზიციის (საორკესტრო და სოლო) არსებობა და ე. წ. კადენცია – ბრწყინვალე სოლო იმპროვიზაცია რეპრიზის ან კოდის წინ.
ცნობილია კონცერტები ფორტენოსათვის (ბახი, ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუმანი, შოპენი, მენდელსონი, ბრამსი, ლისტი, ჩაიკოვსკი, გრიგი, სენ-სანსი, რახმანინოვი, სკრიაბინი, პროკოფიევი, ა. ბალანჩივაძე, თაქთაქიშვილი და სხვ.), ვიოლინოსათვის (მოცარტი, ბეთჰოვენი, მენდელსონი, ბრამსი, პაგანინი, ჩაიკოვსკი, გლაზუნოვი, შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, მაჭავარიანი და სხვ.), ჩელოსათვის (ჰაიდნი, შუმანი, დვორჟაკი, სენ-სანსი, მიასკოვსკი, შოსტაკოვიჩი და სხვ.).
2. მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულება.