ბალანჩივაძე ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია ბალანჩივაძე

ბალანჩივაძე ანდრია მელიტონის ძე - (19. V. 1906, პეტერბურგი, – 28. IV. 1992, თბილისი), კომპოზიტორი, ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1968 — 1973), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1969).

დაიბადა 1906 წელს პეტერბურგში, პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო ქუთაისში, მამამისის, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ მუსიკალურ სასწავლებელში, 1927 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოსა (ი. აისბერგის კლასი) და კომპოზიციის (მ. იპოლიტოვ-ივანოვის კლასი) განხრით. 1927-31 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ა. ჟიტომირსკის (კომპოზიცია) და მ. იუდინას (ფორტეპიანო) ხელმძღვანელობით.

1931-იდან ბალანჩივაძე ინტენსიურ შემოქმედებით, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. 1931-34 კ. მარჯანიშვილის სახელობის და მუშა-ახალგაზრდობის თეატრების სამუსიკო ნაწილის გამგე და კომპოზიტორია; 1937-იდან თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასის ხელმძღვანელი (1940-იდან პროფესორი). 19 41-49 საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. ბალანჩივაძე ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი მოწაფეები არიან: რ. ლაღიძე, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, შ. მილორავა, ბ. კვერნაძე, ო. თევდორაძე, მ. დავითაშვილი და სხვ.

ბალანჩივაძე ავტორია პირველი ქართული ბალეტისა „მთების გული“ (1936 რომელიც დაიდგა სსრკ მრავალი თეატრის სცენაზე). მასვე ეკუთვნის ბალეტები: „ცხოვრების ფურცლები“ (1961 დაიდგა სსრკ დიდ თეატრში) და „მწირი“ (1964). ოპერები „მზია“ და „ოქროს ქორწილი“. ბალანჩივაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სიმფონიური (5 სიმფონია) და საფორტეპიანო მუსიკის განვითარებაში. ფართოდ აღიარებულია მისი პირველი სიმფონია (1944), პოპულარულია III საფორტეპიანო კონცერტი (1952). აღსანიშნავია აგრეთვე ბალანჩივაძის საფორტეპიანო პიესები: „ცეკვა“, „ხორუმი“, „ბალადა“, „ნოქტიურნი“, „სამაია“, სიმფონიური სურათები „რიწის ტბა“, „კრწანისის ბრძოლა“. კომპოზიტორმა მუსიკალურად გააფორმა რუსთაველის სახელობის თეატრში 30-ზე მეტი სპექტაკლი.

ბალანჩივაძე ორგზის იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1947), ხოლო რუსთაველის სახელობის პრემია მას მიენიჭა IV საფორტეპიანო კონცერტისათვის (1969).

ა. წულუკიძე


იხილეთ აგრეთვე

ანდრია ბალანჩივაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები